Accessibility links

logo-print

საქართველო მრავალეროვნული სამხედრო სწავლების ჩატარებისთვის ემზადება


სავარაუდოდ სექტემბერში, სახელწოდებით "მედქერ-რესქიუერ 2003", საქართველოს ტერიტორიაზე ერთიმეორის მიყოლებით გაიმართება ორი მნიშვნელოვანი სამხედრო სწავლება, რომელიც თავის დროზე

ერაყში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების გამო გადაიდო. ამ სწავლებათა საორგანიზაციო საკითხების შესათანხმებლად ორშაბათს ნატოს შტაბბინაში, ბრიუსელში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი გაემგზავრა. როგორც ცნობილია, სამხედრო მანევრები, რომლის ორგანიზატორები ამერიკა და საქართველოა, ნატოს "მშვიდობისათვის პარტნიორობის" სულისკვეთებით ჩატარდება. იგი საგანგებო ვითარების დროს სამხედრო მედიკოსთა ურთიერთქმედების კოორდინირებას, მოსახლეობის სამედიცინო დახმარებას და ერთ-ერთი საავადმყოფოს მშენებლობასაც ითვალისწინებს.



საქართველოს სამხედრო ძალების ნატოს მოდელზე გადასვლის პროცესი საერთაშორისო სტანდარტებთან მისი ყველა სეგმენტის მაქსიმალურ თავსებადობას მოითხოვს. ამიტომ ნატოს "მშვიდობისათვის პარტნიორობის" პროგრამებში საბრძოლო ნაწილების ინტეგრირების პარალელურად, ლოგისტიკისა და სამედიცინო ქვედანაყოფების თანამედროვე სტანდარტებით გაწვრთნასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

აღსანიშნავია, რომ წინა წლებში საქართველოს ტერიტორიაზე "მედქერის" ტიპის ორი სწავლება გაიმართა, რასაც შედეგად მოჰყვა პროფესიული ცოდნის ამაღლება და სამხედრო-სამედიცინო სამსახურის ნატოს სტრუქტურებზე გადასვლა. ამაზე თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ქართველ სამხედრო მედიკოსთაგან შემდგარი რაზმი რამდენიმე დღეში ერაყში ჩავა და სამშვიდობო-ჰუმანიტარულ ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას.


წინამორბედთა მსგავსად, "მედქერ -რესქიუერ 2003" სამედიცინო ხასიათის სწავლებაა, მაგრამ როგორც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნატოსთან თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბის უფროსი, ვიცე- პოლკოვნიკი ირაკლი ბატკუაშვილი აცხადებს, ამჯერად მას რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისებურებაც ექნება.

[ირაკლი ბატკუაშვილის ხმა] "სწავლება არის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" სულისკვეთების ფარგლებში, ანუ ეს არ არის ნატოს სწავლება, ეს არის საქართველო-ამერიკის ორმხრივი სწავლება, რომელზეც ჩვენ ერთობლივად მოვიწვიეთ რამდენიმე ქვეყანა, - ძირითადად, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები, - და ითვალისწინებს ორ სწავლებას: პირველი იქნება "მედქერ", ანუ სამედიცინო სწავლება. ამის შემდეგ ჩატარდება უკვე მეორე, კომპიუტერული სამეთაურო-საშტაბო სწავლება, სახელწოდებით"რესქიუერი".

ამ ღონისძიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ის გახლავთ, რომ ზედიზედ ორი საერთაშორისო სწავლება, რომელშიც, სავარაუდოდ, რვა ქვეყნის 120-ზე მეტი სამხედრო სპეციალისტი მიიღებს მონაწილეობას, მთლიანად ნატოსთან თანამშრომლობის საქართველოს საკოორდინაციო შტაბის წევრების მიერ დაიგეგმა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო შემდგომში უკვე დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით შეძლებს დაგეგმოს და ჩაატაროს ასეთი ხასიათის საველე მეცადინეობები. მით უფრო, რომ "მედქერ -რესქიუერ 2003"-ის დამთავრების შემდეგ ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დარჩება კომპიუტერული შტაბი და კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის გარემონტებაც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება.
გარდა ამისა, ცალკე აღნიშვნის ღირსია დახმარება, რასაც, სწავლების ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, ამერიკელი სამხედროები საქართველოს მოსახლეობას გაუწევენ.

სწავლების მსვლელობის დროს თბილისთან ახლომდებარე რამდენიმე სოფლის მცხოვრებლები, სხვადასხვა სახის უფასო სამედიცინო დახმარებას მიიღებენ. ვიცე- პოლკოვნიკ ირაკლი ბატკუაშვილის თქმით, დახმარებისთვის აუცილებელი მედიკამენტები ადგილზევე შეისყიდეს დიდ ბრიტანეთში განლაგებული ამერიკის შეერთებული შტატების მესამე ავიაბაზის წარმომადგენლებმა, რომლებიც სწავლების ერთ-ერთი ორგანიზატორები არიან.

გარდა ამისა, ამერიკელმა სამხედროებმა დააფინანსეს ქალაქის ერთ-ერთი გარეუბნის, სართიჭალის, საავადმყოფოს რემონტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლების დამთავრების შემდეგ "მედქერ -რესქიუერ 2003"-ზე საქართველოში ბევრი კეთილი მოგონება დარჩება.
XS
SM
MD
LG