Accessibility links

logo-print

"ქართული პრივატიზაციის" თავისებურებანი


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გაუქმებამ და სახელმწიფო სტრუქტურებში რეორგანიზაციამ საზოგადოების ყურადღება, ძირითადად, ტექნიკურ საკითხებზე გადაიტანა და თავად

პრივატიზების პროცესი და მისი თანამდევი ეკონომიკური ეფექტი, ერთგვარად, ჩრდილში მოაქცია. არადა, სახელმწიფო ქონების განკერძოების პროცესი თავის დროზე ის სტიმულატორი გახლდათ, რომელმაც ახალ ეკონომიკურ ფორმაციას დაუდო სათავე. როგორ მიმდინარეობდა პრივატიზება საქართველოში?

საბჭოური ეკონომიკის საბაზრო პრინციპებზე გადაყვანა თავის დროზე პრივატიზების პროცესით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ქონების განკერძოების მიმართ საქართველოში დღემდე არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა და ეკონომიკური ექსპერტებიც ჯერ კიდევ კამათობენ იმაზე, თუ რამდენად საბაზროა "ქართული საბაზრო ეკონომიკა", პრივატიზების დაწყება ქვეყანაში მაინც გახლდათ მოვლენა, რომელმაც არა მარტო ეკონომიკის, ცნობიერების ტრანსფორმაციაც მოახდინა.

რაც შეეხება პრივატიზებას, ეს პროცესი შედარებით ფართო მასშტაბით საქართველოში 1993 წლიდან დაიწყო და იგი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. სახელმწიფო ქონების განკერძოება დღემდე არ არის დამთავრებული და ქონების მართვის სამინისტროს გაუქმების შემდეგ სახელმწიფო საწარმოთა მართვის სააგენტოს განკარგულებაში დარჩენილია 1500-მდე ობიექტი, რომლის მართვა, ქონების განკარგვა ან ლიკვიდაცია ამ ახალ სტრუქტურას დაევალება.

პრივატიზების პროცესი მცირე საწარმოების განკერძოებით დაიწყო. იმ პერიოდისათვის შექმნილი იყო სპეციალური გრაფიკი და ნუსხა, თუ როდის და რომელი საწარმოები დაექვემდებარებოდნენ განკერძოებას. საქართველოში, ფაქტობრივად, განხორციელდა პრივატიზების აქამდე აპრობირებული თითქმის ყველა ფორმა - იჯარა-გამოსყიდვა, აუქციონებზე გაყიდვა, ვაუჩერული პრივატიზება, სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და სხვა. მათგან ყველაზე "ეგზოტიკური" იყო ვაუჩერიზაცია, რომელიც დღემდე შემოინახა სახალხო "ფოლკლორმა". სახელმწიფო ქონების განკერძოება, ძირითადად, ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ქონება, როგორც წესი, ისევ საწარმოების ადმინისტრაციას, სახელისუფლებო სტრუქტურებთან დაახლოებულ პერსონებს და ჩანასახში მყოფ საფინანსო ჯგუფებს რჩებოდათ.

ამგვარი პრივატიზაციის ნაყოფია მენეჯერთა ის კატეგორია, რომელთაც შემდეგ "წითელი დირექტორები" უწოდეს და რომლებმაც, ძირითადად, ვერ შეძლეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში ორიენტირება, რაც სრულიად ბუნებრივი იყო, რადგან, საბჭოური მომარაგებისა და გეგმიური გასაღების ტრადიციიდან გამომდინარე, ახალ ურთიერთობებზე ადაპტირება საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა.

პოსტპრივატიზაციული პერიოდის მთავარი სირთულე იყო არასწორი მენეჯმენტი და საქმისადმი ტრადიციული საბჭოთა მიდგომა, რომლის შედეგმაც არ დააყოვნა და დღეს გვაქვს ის ეკონომიკა, რომელსაც პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ "ნეკროეკონომიკა" უწოდა.

რაც შეეხება 1500-მდე სახელმწიფო ობიექტს, რომლის განკარგვა ახალი სააგენტოს ფუნქციებში გადავა, ამ საწარმოთა უმრავლესობა აბსოლუტურად გაპარტახებულ, მოძველებულ სუბიექტს წარმოადგენს, რომელთა გამოისობით ამ სფეროდან სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი სახსრების დიდი ნაწილი, ელემენტარულად, "გაბერილი" და არაშესრულებადია.
XS
SM
MD
LG