Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ქალაქ კანში 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო


ომი ერაყში თითქმის დამთავრდა. ჩეჩნეთი, ავღანეთი, ატიპიური პნევმონია SARS-ის ვირუსი შეგვიძლია დასავლეთი ევროპიდან შორს ვიგულოთ. საუკეთესო პირობებია შექმნილი საიმისოდ,

რომ საფრანგეთის მშვენიერმა საკურორტო ქალაქმა კანმა წელსაც უმასპინძლოს კინემატოგრაფისტთა ერთგვარ სამიტს - მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულად მიჩნეულ საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელიც წლეულს 56-ედ იმართება. თუმცა ორგანიზატორებს, რომლებმაც ფესტივალის პროგრამის შესადგენად თითქმის 2500 სრულ- თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნახეს, ვერავინ დაადანაშაულებს საჭირბოროტო თემების უგულებელყოფაში.

[ტიერი ფრემოს ხმა]
ეს იყო კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის შემდგენელი კომისიის თავმჯდომარე, ტიერი ფრემო, რომელმაც ფილმების შერჩევის სირთულეზე ისაუბრა და საზოგადოებას წარუდგინა სხვადასხვა პროგრამაში შეტანილი კინოსურათები, მათ შორის მთავარ საკონკურსო პროგრამაში ჩართული 20 მხატვრული ფილმი: კანადური, ბრაზილიური, ფრანგული, იტალიური, ბრიტანული, იაპონური, რუსული, თურქული, ამერიკული სურათები, რომელთა შორის არის კლინტ ისტვუდის, ალექსანდრ სოკუროვის, პიტერ გრინევეის ბოლო ნამუშევრები, აგრეთვე კინოფილმები, რომელთა ავტორებმაც თემად ძალადობა აირჩიეს. არგენტინული "კარანდირუ" ბრაზილიის უდიდეს ციხეზე მოგვითხრობს, ხოლო ამერიკულ კინოფილმში "სპილო" სკოლებს მოდებული აგრესიის მოწმე ვხვდებით. საკონკურსო პროგრამაშია შეტანილი ასევე 23 წლის ირანელი რეჟისორი ქალის, ზამირა მახმალბაფის ნამუშევარი "ნაშუადღევს, ხუთ საათზე" - პირველი ფილმი, რომელიც ავღანეთში ომის შემდეგ იქნა გადაღებული.

მოიპოვებს თუ არა ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში შექმნილი ფილმი ოქროს პალმას, ეს მის მხატვრულ ღირებულებაზეა დამოკიდებული. ის კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ავღანეთის ამსახველი კადრები მკვეთრ კონტრასტს შექმნის ხმელთაშუა ზღვის პირას, ლაჟვარდოვან სანაპიროზე გადაშლილ კანთან, რომელშიც 14-დან 25 მაისამდე ურიცხვი კინოვარსკვლავი სტუმრობს. მათ შორის არიან ნიკოლ კიდმენი, ჟან მორო, ლორენ ბაკალი, არნოლდ შვარცენეგერი, ევან მეკგრეგორი, მეგ რაიანი, ჯეიმს კაანი, ტომ კრუსი, პენელოპე კრუსი, კინუ რივსი. სხვათა შორის, ახალი ფილმი ამ უკანასკნელის მონაწილეობით, "Matrix Reloaded" (ის კანში კონკურსგარეშე უნდა აჩვენონ) ფესტივალის ერთ-ერთ კულმინაციად ითვლება. ყურადღების ცენტრში დგას კიდევ ერთი ფილმი, რომლის სახელწოდება ბევრ მსმენელში, დარწმუნებული ვარ, სასიამოვნო მოგონებებს გააღვიძებს: ეს გახლავთ "ფანფან ტიულპანი" - დიახ, ლეგენდარული ჟერარ ფილიპის მონაწილეობით გადაღებული ფილმის ახალი ვერსია...

კანში არც სხვა ძველი ფილმები და მათი ავტორები დავიწყებიათ. კინოფესტივალის წლევანდელი, საკმაოდ უჩვეულო მხატვრული გაფორმება ქალაქის მოსახლეობასა თუ მრავალრიცხოვან სტუმრებს დიდი რეჟისორების ციტატებს აცნობს: ეს მოკლე ტექსტები საღამოობით "ინთება" უზარმაზარ ეკრანებზე, რომელთაც კანის თითქმის ყველა უბანში იხილავთ. ციტატებიდან მთავარი კი "Viva il cinema", ანუ "გაუმარჯოს კინოს", ფედერიკო ფელინის ეკუთვნის. კინოს იტალიელი დიდოსტატი 10 წლის წინ გარდაიცვალა და მის შემოქმედებას საგანგებო რეტროსპექტივა ეძღვნება.

მაშ ასე, კანის კინოფესტივალი დაიწყო. VIVA IL CINEMA!
XS
SM
MD
LG