Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა უცხოეთის პრესის დღევანდელი მიმოხილვა, მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ვიზიტის ფონზე, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას ეხება. როგორც გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" აღნიშნავს,

ხანგრძლივი პროტესტების შემდეგ, რასაც რუსეთი გამოთქვამდა ერაყის ომთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა პუტინმა და კოლინ პაუელმა ოთხშაბათს გამოაცხადეს, რომ რუსეთმა და აშშ-მა მოაგვარეს ყველა უთანხმოება, თუმცა მოგვიანებით კრემლში ისინი ვერ შეთანხმდნენ ისეთ სერიოზულ საკითხებში, როგორიც ერაყის სამომავალო მოწყობა, იქ გაეროს ექსპერტთა დაბრუნება და უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუციით აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის ერაყის მართვაზე უფლებამოსილების მინიჭებაა.
გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"და მაინც, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში უდავოდ შესამჩნევია პროგრესი. იმაზე, რომ ბატონ პუტინს ურთიერთობათა გაუმჯობესება სურს შეერთებულ შტატებთან თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ რუსეთის დუმამ სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შესამცირებელი ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. კოლინ პაუელი პირველად ესტუმრა მოკოვს 2001 წლის დეკემბრის შემდეგ. თქმა არ უნდა, რომ ეს ვიზიტი იმ ნაპრალის ამოსავსებად იყო ჩაფიქრებული, ერაყის ომმა რომ წარმოშვა ორმხრივ ურთიერთობაში. ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით ისე მოჩანს, რომ ეს მიზანი, მიღწეულია."

ამავე გაზეთის პოლიტიკური მიმომხილველი უილიამ საფაიერი ასეთნაირი სცენარით წინასწარმეტყველებს ჯორჯ ბუშისა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებას უმაღლესი დონის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ივნისის დასაწყისში გაიმართება. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

"ბუში კვლავ მოუწოდებს პუტინს - შეუწყვიტოს ირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო ტექნოლოგიების მიწოდება. პუტინი როგორც ყოველთვის, ამჯერადაც განაცხადებს, რომ ამ ბირთვული გარიგების მიზანია არა იარაღი, არამედ ენერგორესურსები შესძინოს ირანს. ბუში სარწმუნოდ მიიღებს ამ ვერსიას და თავსაც მოიკატუნებს, თითქოს დაავიწყდა, როგორ უჭერდა მხარს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სადამ ჰუსეინს რუსეთის პრეზიდენტი. თუმცა თეთრ სახლში კარგადა აქვთ გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი სულაც არ არიან მოკავშირეები. სულ უფრო მკვეთრი ხდება განსხვავება ამ ორ ქვეყანას შორის; კვლავაც ერთპარტიულ ოლიგარქიად რჩება რუსეთი, სადაც თავისუფალ აზრს სახელმწიფო ტელევიზია ახშობს, ხოლო მთავრობა სისხლიან დიქტატორებს უცხადებს თანადგომას ბალკანეთიდან სპარსეთის ყურემდე".

როგორც გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" წერს, მოსკოვში პაუელის სტუმრობის უპირველესი მიზანი იყო პუტინის დაყოლიება - მხარი დაუჭიროს რეზოლუციას, რომლის პროექტი, გაეროს უშიშროების საბჭოს, გასულ პარასკევს წარუდგინეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ესპანეთმა. პროექტი ერაყის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმებას, აგრეთვე ერაყის მართვაზე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისთვის თუნდაც ერთწლიანი მანდატის მინიჭებას ითვალისწინებს. გაზეთი დასძენს:

"რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ ერაყის აღდგენის პროცესში გაეროს დაეკისროს წამყვანი როლი, და თან აცხადებს, რომ უშიშროების საბჭომ არ უნდა მიიღოს იმგვარი რეზოლუციები, რომლებიც ლეგიტიმურს გახდის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას. თუმცა, საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად, რუსეთი ცდილობს არ დაუშვას კიდევ ერთი განხეთქილება უშიშროების საბჭოში".

გერმანიის გაზეთი "ველტი" ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა მოსკოვს, და ამასთან დაკავშირებით, საუდის არაბეთსა და ჩეჩნეთში უკანასკნელ დროს მომხდარი თავდასხმები მოიხსენია. საერთაშორისო ტერორიზმის კონტექსტში ჩეჩნეთის პრობლემის ჩართვით, დასძენს "ველტი", ბატონმა პაუელმა კრემლის წისქვილზე დაასხა წყალი.
XS
SM
MD
LG