Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგაზაფხულო გაწვევა - ძველი შინაარსი ახალ ფორმაში


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საგაზაფხულო გაწვევა 15 მაისს უნდა დაწყებულიყო. ის დაახლოებით 2 კვირით გადაიდო. გაწვევის გადადების მიზეზი შეიძლება იმდენად საინტერესო არც იყოს,

რამდენადაც მოლოდინი და სიახლე, რაც მის განხორციელებას უკავშირდებოდა. სიახლე ყველა შემთხვევაში იქნება - ახალწვეულებს შეიარაღებულ ძალებში წელს პირველად სამოქალაქო პირები გაამწესებენ. წარმოგიდგენთ ორ თვალსაზრისს გაწვევის ახალი წესებისა და მათი რეალიზების პერსპექტივის შესახებ.

საგაზაფხულო გაწვევის დასაწყებად აუცილებელი ბრძანება, საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით, ჯერ არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ გაწვევა სწორედ გაზაფხულის მიწურულს, 27 მაისს, დაიწყება. ამ საქმეს წელს პირველად გააკეთებენ სამოქალაქო მოხელეები - ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა თანამშრომლები. გაწვევის ორგანიზებისათვის გამგეობებში შემოღებულია სპეციალური განყოფილება. ზამთრის გაწვევა დასრულდა და ჩავარდა 28 თებერვალს. ახალი გაწვევის ორგანიზებას დრო, სახსრები და ახალი მოხელეების ახალ საქმესთან ადაპტაცია სჭირდებოდა, - განმიცხადა პრეზიდენტის რეგიონალური მართვისა და პოლიტიკის სამსახურში არსებული სამხედრო სამსახურში გაწვევის განყოფილების უფროსის მოადგილემ ავთანდილ მუმლაძემ. თუმცა სხვა აზრისაა სამხედრო მოსამსახურეთა უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის, ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების", დირექტორი ირაკლი სესიაშვილი, რომელიც გაწვევის დაყოვნებას საქართველოს პარლამენტში ე.წ. 600-ლარიანი ცვლილების ჩავარდნას უკავშირებს. [სესიაშვილის ხმა]: "ელოდებოდნენ კანონპროექტის გასვლას. თუ გაწვევას ადრე გამოაცხადებდნენ, წვევამდელები ეცდებოდნენ, რაც შეიძლება ადრე გადაეხადათ ის 200 ლარი, რათა კანონის ცვლილების შემთხვევაში, 600 ლარი არ გადაეხადათ. ეს სამსახური ფიქრობდა, რომ კანონპროექტი გავიდოდა და, 200 ლარის ნაცვლად, აიღებდნენ 600 ლარს".[სტილი დაცულია]

600 ლარი, ჩანს, კანონპროექტის ინიციატორებს იმ თანხად მიაჩნდათ, რომლის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა ვაჭრობა გამწვევსა და გასაწვევს შორის, რაც წვევამდელთა გადახდილ ფულს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღმა წარმართავდა. საზოგადოებრივი სექტორის მიერ ამ ცვლილებისათვის გაწეული წინააღმდეგობა ირაკლი სესიაშვილმა ასე ახსნა [სესიაშვილის ხმა]: "ჩვენ ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ეს კორუფციული ფული (რომელიც, შეიძლება 30 მილიონ ლარსაც კი უდრიდეს წელიწადში) მიიმართებოდა საარჩევნო კამპანიისათვის.".

ცნობილია, რომ ერთ გაწვევაზე შეიარაღებულ ძალებში დაახლოებით 7 ათასი ჯარისკაცი უნდა გაამწესონ. გასაწვევთა რაოდენობა კი გაცილებით მეტია. მეტია იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ოდენობას გაწვევის გადავადების უფლების მქონეთა რიცხვს გამოვაკლებთ. ჩემს კითხვას, ასეთ შემთხვევაში რა კრიტერიუმით შეარჩევენ მოქალაქეეებს გასაწვევად, ზემოთ ხსენებული სამსახურის წარმომადგენელმა ავთანდილ მუმლაძემ ასე უპასუხა:
-
"თქვენ რამდენი წლისა ხართ?
-
მე 35-ის ვარ (დ.პ.).
-
ჰოდა, თქვენს სამეზობლოში მოიკითხეთ, რამდენი ბიჭი გყავთ გაქცეული.
-
თქვენ კითხვაზე გამეცით პასუხი...
-
თქვენ ადექით, მობრძანდით და წერილობით მოიტანეთ შეკითხვები. ყველაფერზე გიპასუხებთ ყველა ციფრით. გამიგეთ"?

ერთს დავძენთ მეტი სიცხადის ან, ეგებ, მეტი ბუნდოვანებისათვის: თავდაცვის სამინისტროს მთავარ სამობილიზაციო სამმართველოს, რომელიც აქამდე იყო მოვალე, თავი გაერთმია გაწვევისათვის, თავკაცობს გენერალი გელა უღრელიძე. სახელმწიფო კანცელარიაში არსებული გაწვევაზე პასუხისმგებელი ახალი სამოქალაქო სამსახურის უფროსი გახლავთ გელა უღრელიძის ძმა, კობა უღრელიძე.
XS
SM
MD
LG