Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის პრობლემა და მისი გადაჭრის გზები, რომლებიც მიზანს ვერ უახლოვდება


თბილისში მეათე წელია ქართველებისა და აფხაზების სამომავლო თანაცხოვრების გზებს ეძებენ. საქართველოს პარლამენტში 15 მაისს აფხაზეთის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებული სამი კონცეფციის

პრეზენტაცია შედგა. აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გზებზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს მოსკოვშიც - ორმხრივ, რუსულ-აფხაზურ, შეხევდრაზე. ჭუბურხინჯის ოთხმხრივ შეხევდრაზე კი ახლახან სოფელ ჭუბურხინჯთან მომხდარ ინციდენტსა და კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გატარებაზე იყო მსჯელობა. აფხაზეთის პრობლემა, ნაცადი მიდგომებით, გაყინულ პრობლემად რჩება. საქართველოს კი კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში სერიოზული როლი რუსეთს ენიჭება.

როცა მხარეებს შორის არც ომია და არც მშვიდობა, როცა მათ შორის კონფლიქტის მონაწილე მესამე მხარე დგას, ცხადია, მსხვერპლი არ ილევა. 15 მაისს გალის რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ ჭუბურხინჯთან, აფხაზების მიერ ტყვედ აყვანილი ქართველი პარტიზანის აბესალომ არქანიას გვამი იპოვეს. გავრცელებული ვერსიით, ის სოფელ თაგილონში აფხაზთა საბაჟოს უფროსის რუსლან ხაშბას მკვლელობის საპასუხოდ არის მოკლული. ქართველი პარტიზანების მტკიცებით, აბესალომ არქანიას კარგა ხანია იარაღი ხელში არ სჭერია და გალის რაიონში მხოლოდ მამის საფლავის მოსანახულებლად იყო გადასული. მისი ნაწამები ცხედარი ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე 15 მაისსვე გადმოასვენეს.

სოფელ ჭუბურხინჯთან 14 მაისს ერთი აფხაზიც დაიღუპა იმ სროლის შედეგად, რომელიც აფხაზთა მილიციის მიერ ზუგდიდისკენ მიმავალი მიკროავტობუსის გაჩერების მცდელობას მოჰყვა. ჭუბურხინჯის ოთხმხრივ შეხვედრაზე მიკროავტობუსზე თავდასხმის ფაქტი აფხაზთა მხარემ იმით ახსნა, რომ მასში სოხუმის საპატიმროდან გაქცეული პატიმრები ეგულებოდათ. ამავე შეხვედრაზე მხარეები არქანიას დახვრეტის ფაქტის ერთობლივ გამოძიებაზე შეთანხმდნენ და კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების დამატებითი ზომების გატარების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. მანამდე კი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა და აფხაზთა პრემიერმა რაულ ხაჯინბამ შევარდნაძის და პუტინის ცნობილი შეთანხმების რეალიზაციის გზები განიხილეს. პუტინის ინიცირებით გააქტიურებული, ასეთი, თითქოსდა, საქმიანი მოლაპარაკებების პარალელურად კი, რუსეთის დუმის გეოპოლიტიკის კომიტეტის თანამშრომელი ალექსეი ვეშჩენკო აფხაზეთის მოსახლეობაში აწარმოებს აქტიურ აგიტაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები, ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორებთან ალიანსში, აფხაზეთის ტერიტორიაზე შეჭრას აპირებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოხუმიდან გავრცელდა და, რამდენადაც არარეალურად უნდა გამოიყურებოდეს, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პუტინის მიერ დეკლარირებული სამშვიდობო განცხადებები სხვაა, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით რუსეთში არსებული განწყობილება კი - სხვა.

აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გზებს სხვადასხვაგვარად ხედავენ საქართველოშიც. საქართველოს პარლამენტის აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ დროებით კომისიაში 15 მაისს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები, სხვადასხვა კონცეფციები განიხილეს - სამშვიდობო, მაგრამ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული კონცეფციები. სოხუმის დაცემიდან 10 წლის გასვლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას, მით უფრო, საზოგადოებას, ისევ არა აქვს მკაფიო წარმოდგენა იმაზე, როგორ და რა გზით შეიძლება აღდგეს ქართველების და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრება.
XS
SM
MD
LG