Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ქართული ეკონომიკის ლამის ერთადერთ მიღწევად დაბალი ინფლაცია რჩება. ამ მაჩვენებლით, ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ სახელმწიფოდ რჩება. მიმდინარე წლის

განმავლობაში ინფლაცია კვლავ პროგნოზირებულ პარამეტრებში იყო. ცოტა ხნის წინ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა.

2003 წლის მარტში, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში ინფლაცია წლევანდელი წლის განმავლობაში ყველაზე მინიმალურ ზღვარზე დაფიქსირდა და 0.04% შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებელი განსხვავებული იყო ქვეყნის რეგიონებისა და იმ ცალკეული პროდუქტების მიხედვით, რომლებზედაც საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ინფლაციის დასადგენად დაკვირვებას აწარმოებს.

კერძოდ, საანალიზო პერიოდში ინფლაცია ყველაზე დაბალი იყო თბილისში და 0.02% შეადგინა. ქვეყნის სხვა რეგიონებში სრულიად განსხვავებული სურათი გვქონდა: ბათუმში თვიური ინფლაცია შეადგენდა 0.93%-ს, გორში - 0.50%-ს; თელავსა და ქუთაისში, პირიქით, დეფლაციას ჰქონდა ადგილი. ქუთაისში დეფლაცია 0.32%-ს, ხოლო თელავში 0.86%-ს უტოლდებოდა.

ასევე განსხვავებული იყო ინფლაციის სფეროში მდგომარეობა ცალკეული პროდუქტების (მომსახურების) მიხედვითაც. კერძოდ, მარტში, თებერვლის თვესთან შედარებით, ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა ხილსა და ბოსტნეულზე - 2,23%, ხოლო სასმელებსა და თამბაქოზე - 0.36%.

I კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მწარმოებელთა ფასების მიხედვით სერიოზული ინფლაცია არ დაფიქსირებულა. მთლიანად მრეწველობაში ფასები, საშუალოდ, მხოლოდ 2.5%-ით გაიზარდა. თუმცა ამ სფეროში არის დარგები, რომელთა პროდუქციაზეც ფასები მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, საანალიზო პერიოდში სამთო მომპოვებელ მრეწველობასა და კარიერების დამუშავების სფეროში წარმოებულ პროდუქციაზე (მომსახურებაზე) ფასების ინდექსი გაიზარდა 32.6%-ით, მაღაროებსა და კარიერებზე მასალების მოპოვების სფეროში - 74.0%-ით, ასეთივე ოდენობით ზრდას ჰქონდა ადგილი ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ფასებზეც, სადაც 74.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2003 წლის I კვარტალში ფასების ინდექსი იმავე დონეზე დარჩა გადამამუშავებელ მრეწველობაში, თუმცა აღნიშნული სექტორის ზოგიერთ დარგში ფასები 3-4%-ით გაიზარდა და ზოგიერთში, პირიქით, შემცირდა იმავე რაოდენობით.

მრეწველობის დარგებიდან - მოსახლეობისა და წარმოებების ელექტროენერგიით, გაზითა და წყლით მომარაგების სფეროში ფასები უმნიშვნელოდ, 0.3%-ით, შემცირდა.

მაშინ, როდესაც ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი უარყოფითია, დაბალი ინფლაცია, ძირითადად, მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებით იყო განპირობებული. რაც შეეხება მარტის თვეში დაფიქსირებულ დაბალ ნიშნულს, ამ შემთხვევაში, ტრადიციულად, სეზონურმა ფაქტორმაც იქონია გავლენა.
XS
SM
MD
LG