Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში საზღვაო დაცვის დამოუკიდებელი სამსახური ამოქმედდა


საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში საზღვაო დაცვის დამოუკიდებელი სამსახური, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის რეკომენდაციითა და უშუალო დახმარებით,

ერთი კვირის წინათ ამოქმედდა. ამერიკულისგან განსხვავებით, ჯერჯერობით შედეგი არ გამოუღია გერმანულ პროექტს, რომელიც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პოლიციურ სისტემაზე გადაყვანას გულისხმობს.

საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი პოლიციურ რელსებზე უნდა გადავიდეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაექვემდებაროს - ასეთია საყოველთაოდ აღიარებული ევროპული მოდელი, რომლისკენ სვლაშიც საქართველოს გერმანელი ექსპერტები დაეხმარებიან. შეთანხმების მიხედვით, სექტემბერში საქართველო უკვე ელოდება გერმანიიდან ექსპერტს, რომელიც 4-წლიანი პროექტის გახორციელებას საკანონმდებლო ბაზის საფუძვლიანი შესწავლით დაიწყებს და საზღვრის დაცვის სისტემას პოლიციურ უწყებაში გასაერთიანებელ საფუძველსაც მოუმზადებს. პარალელურად, ამ ერთობისთვის აუცილებლად უნდა მოემზადოს შინაგან საქმეთა სამინისტროც. იმისათვის, რომ პოლიციურ რელსებზე გადასული საზღვრის დაცვის დეპარტამენტი შეიკედლოს, ბუნებრივია, ჯერ თავად უნდა გადავიდეს ძველი მილიციური სისტემიდან თანამედროვე პოლიციურზე. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ვალერი ჩხეიძის განცხადებით:

(ჩხეიძის ხმა) "შინაგან საქმეთა სამინისტროში როდის შევალთ, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება ჩვენი და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმები, რომლებიც პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. სწორედ ამას გვთავაზობენ ჩვენი გერმანელი კოლეგები და ექსპერტები".

ძველ მოდაზე აწყობილ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით გარდაქმნის პროცესი არცკი დაუწყია. როგორც ჩანს, ის ამჟამად საარჩევნო სიების დაზუსტებითა და მასთან დაკავშირებული მეთოდების დახვეწით არის დაკავებული. ასეა თუ ისე, ნარჩემაშვილის უწყებისგან განსხვავებით, ჩხეიძის უწყება, მისივე განცხადებით, ევროპული მოდელის მისაღებად უკვე მზად არის. ეტყობა, ამ საქმეს კიდევ დიდი დრო დასჭირდება - ჯერ ხომ ამ ორ უწყებას შორის სერიოზული მოლაპარაკებებიც კი არ დაწყებულა. გენერალ ჩხეიძის თქმით :

(ჩხეიძის ხმა) "ამ თემაზე გვქონდა ჩვენ საუბარი, მაგრამ, როგორც ასეთი, არ დავმსხდარვართ და ძირფესვიანად არ გვისაუბრია ჩვენს კოლეგებთან, პოლიციასთან. "

თუმცა ოპტიმისტ გენერალს სჯერა, რომ ყველაფერს მოევლება. იგი ასევე ოპტიმისტურად არის განწყობილი ერთი კვირის წინათ შექმნილი სანაპიროს დაცვის სამსახურის მიმართ. ბუნებრივია, რომ ქვეყანას, რომლის საზღვრების ერთი მეხუთედი სწორედ ზღვაზე გადის, ამგვარი სამსახური ჰაერივით ესაჭიროება და ეს ჰაერი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ნატოსთან მიახლოებულმა საქართველომ ამერიკელების დახმარებით მოიპოვა. საზღვრის დამრღვევთა აღმოჩენა, კონტრაბანდასთან ბრძოლა, უკანონო თევზჭერის აკრძალვა და ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრა - ეს გახლავთ იმ ფუნქციათა არასრული ჩამონათვალი, რომელიც სანაპირო დაცვის სამსახურის კომპეტენციაში შედის. სამსახურის უფროსის, გენერალ-მაიორ დავით გულუას განცხადებით, ამგვარი რგოლის ჩამოყალიბებით საქართველომ ნატოსკენ კიდევ ერთი მეტად სერიოზული ნაბიჯი გადადგა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG