Accessibility links

logo-print

ამერიკის დროებითმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ძალა გამოიყენოს ერაყში წესრიგის აღსადგენად


ანდრო ეული, პრაღა ერაყში ამერიკის დროებითი ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა გადაწყვიტა ქვეყანაში წესრიგის აღდგენის მიზნით ნება დართოს მრავალეროვანი კოალიციის ძალებს ადგილზევე გაუხსნან

ცეცხლი მძარცველებსა და კანონის სხვა დამრღვევებს. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ბრემერის ამგვარი გადაწყვეტილება არსებითად განამტკიცებს ერაყში უშიშროებას და დააჩქარებს ახალი დემოკრატიული მთავრობის შექმნას.


ერთ თვეზე მეტია უკვე, რაც ერაყში დაემხო სადამ ჰუსეინის რეჟიმი, მაგრამ ძარცვა-გლეჯას, ავტომანქანების გატაცებას, თავდასხმებსა და მკვლელობებს ძველი პოლიტიკური თუ პირადი ანგარიშსწორების მიზნით, ქვეყანაში ბოლო არ უჩანს.

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ დახმარება აღუთქვა ერაყელებს პლურალისტური დემოკრატიის დამკვიდრებაში, თუმცა ქვეყანაში ჯერ წესრიგის აღდგენაა საჭირო.

ორშაბათს 12 მაისს, პოლ ბრემერმა გადამდგარი გეერალი ჯეი გარნერი შეცვალა, ხოლო მეორე დღეს, თავისი ადმინისტრაციის წევრებს განუცხადა, რომ ერაყში მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებს ნებას დართავს, ადგილზევე გაუხსნან ცეცხლი მოძალადეებს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა, კონგრესში ჩვენებით გამოსვლისას ოთხშაბათს დაადასტურა, რომ დროებითმა ადმინისტრაციამ ახალი სტრატეგია შეიმუშავა ერაყში წესრიგის დასამყარებლად. ხოლო ბაღდადში განთავსებული ამერიკის მესამე ქვეითი დივიზიის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ბაფოლდ ბლაუნტმა, გაზეთ "ვაშინგტონ პოსტისათვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "იმ გამონაკლისის გარდა, როცა ჯარისკაცის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, მძარცველებს ცეცხლს არ გავუხსნითო".

პოლ ბრემერის გადაწყვეტილებას ძალა გამოიყენოს ერაყში მძარცველებისა თუ სხვა მოძალადეთა წინააღმდეგ მრავალი ამერიკელი მიმომხილველი მიესალმა. როგორც ვაშინგტონის სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის ექსპერტმა სამხედრო და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ენტონი კორდსმენმა განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, იმისათვის, რათა ერაყში ქმედითმა მთავრობამ შესძლოს ფუნქციონირება, პირველ რიგში უშიშროების უზრუნველყოფა, მოსახლეობის სურსათით მომარაგება და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენაა აუცილებელი.

ბრემერის გადაწყვეტილებას მიესალმა მეორე ცნობილი ამერიკელი ექსპერტი საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საკითხებში დანიელ პლეტკაც [დანიელ პლეტკას ხმა]: "ასეთი გადაწყვეტილების მიღება თავიდანვე იყო საჭირო. შეუძლებელია ჩახვიდე პოლიციურ სახელმწიფოში, გააუქმო პოლიცია და მოელოდე, რომ ანგელოზივით მოიქცევა ყველა. იმის მტკიცება, რომ ჩვენი ძალები ვერ შესძლებენ ერაყში მშვიდობის დამყარებას, საკუთარი თავის დამარცხების ტოლფასია".

დანიელ პლეტკას აზრს იზიარებს გადამდგარი ამერიკელი პოლკოვნიკი კენეთ ალარდი, რომელიც სადაზვერვო უწყების დავალებით ბალკანეთში, დასავლეთ ევროპასა და აფრიკაში მსახურობდა თავის დროზე. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ალარდმა თქვა, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ წარმატებით გაართვა თავი ომს ერაყში, "რასაც ვერ ვიტყვით იმავე ერაყში მიმდინარე აღდგენით პროცესზეო". კენეთ ალარდი, რომელიც ვაშინგტონის სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრში მსახურობს ამჟამად, განცვიფრებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ამერიკის დროებითმა ადმინისტრაციამ ერაყში აწ უკვე გადამდგარი ჯეი გარნერის ხელმძღვანელობით, მძარცველებისა და სხვა დამნაშავეთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება არ მოისურვა.
XS
SM
MD
LG