Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემუქრება თუ არა ''ნიუ იორკ ტაიმსს'' მკითხველის ნდობის დაკარგვა?


რომელი პერიოდული გამოცემაა მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტიანი? ამ შეკითხვაზე პრესის გლობალურ ლანდშაფტში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულ ადამიანთა მოზრდილი ნაწილი დაუფიქრებლად უპასუხებს:

"ნიუ იორკ ტაიმსი". ცხადია, პასუხებში ამერიკისა თუ ევროპის სხვა ჟურნალ-გაზეთებიც შეგვხვდება, მაგრამ "ნიუ იორკ ტაიმსის" პოპულარობა და ავტორიტეტი რომ საყოველთაოდ აღიარებულია, ფაქტია. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე. მაგრამ ერთ-ერთი თანამშრომლის, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილსინდისიერებამ გაზეთის რეპუტაციას სერიოზული დარტყმა მიაყენა.

1 მაისიდან ჯეისონ ბლერი "ნიუ იორკ ტაიმსის" შტატიან თანამშრომელთა სიაში აღარ ირიცხება. მანამდე ხუთი დღით ადრე ტეხასის შტატის ერთ-ერთი რეგიონული გაზეთის რედაქტორმა ბლერი პლაგიატში დაადანაშაულა: ბლერის სტატია ამერიკელი დედის შესახებ, რომელიც ერაყის ომში დაკარგული შვილისგან ცნობას ელის, მეტისმეტად ჰგავდა ტეხასის გაზეთში დაბეჭდილ ანალოგიური შინაარსის წერილს.

ტეხასიდან საგანგაშო ცნობის მიღებისთანავე "ნიუ იორკ ტაიმსი" საქმის გამოძიებას შეუდგა და სულ მალე დაადგინა, რომ ხსენებული შემთხვევა მისი თანამშრომლის ჟურნალისტურ პრაქტიკაში ერთადერთი არ ყოფილა და რომ პლაგიატი, გამოგონილი ციტატები თუ რეპორტაჟის მომზადების მცდარი ადგილსამყოფლის მითითება ჯეისონ ბლერის სამუშაო მეთოდს შეადგენდა.

კვირას, 11 მაისს, გაზეთმა გამოაქვეყნა საგანგებო წერილი, რომლის თანახმად, გასული შემოდგომიდან მოყოლებული, როცა ბლერი "ნიუ იორკ ტაიმსის" რეგიონული განყოფილებიდან ეროვნულ განყოფილებაში გადაიყვანეს, დაწინაურებულმა რეპორტიორმა 73 წერილი გამოაქვეყნა. მათს ნახევარში - უფრო ზუსტად კი 36 წერილში - გაზეთის მიერ შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა ამა თუ იმ სახის დარღვევა აღმოაჩინა.

რამდენად დიდია ზიანი, რომელიც ასეთმა ფაქტმა აშშ-ის მასმედიის ერთ-ერთ ლიდერს შეიძლება მიაყენოს? ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის მედიისა და საზოგადოებრივ საკითხთა ექსპერტი შონ ადეი ფიქრობს, რომ ზიანი განუზომლად დიდია. რადიო "თავისუფლების" ვაშინგტონელ კორესპონდენტთან ენდრიუ ტალისთან საუბარში ადეიმ აღნიშნა, რომ მკითხველის ნდობის დაკარგვა გაზეთს - პირდაპირი გაგებით -შეიძლება ძვირად დაუჯდეს იმ უბრალო მიზეზით, რომ მას მკითხველი და, შესაბამისად, მყიდველი მოაკლდება. ნდობის აღდგენა კი, იმავე ადეის აზრით, იოლი საქმე არ არის.

თუმცა, "ნიუ იორკ ტაიმსის" რანგის გაზეთს ეს, წესით, არ უნდა გაუჭირდეს. რედაქციის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯები იმის დასტურია, რომ გაზეთის მესვეურები არაფრის დამალვას არ აპირებენ და გადაწყვეტილი აქვთ, ბოლომდე ჩაეძიონ საქმის არსს.

ჯეისონ ბლერის საქმესთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად გაისმის კითხვა: რამდენად იოლია ამა თუ იმ გაზეთის ან ტელეკომპანიის რედაქტორთა გაცურება - თუ რეპორტიორმა, ასე ვთქვათ, ნამუსზე ხელი აიღო? საკმაოდ იოლიაო, ამბობს შონ ადეი.

[შონ ადეის ხმა] "ამის საშიშროება მუდამ არსებობს, რადგან ჟურნალისტიკა ოპერატიული პროფესიაა და თუ ვინმემ ასეთი რაღაცების გაპარება მოისურვა, წარმატების მიღწევა არ უნდა გაუჭირდეს. თავისი ქმედების შესანიღბად ბატონმა ბლერმა სხვადასხვა სახის ზომებს მიმართა. კვირას დაბეჭდილ წერილში "ნიუ იორკ ტაიმსი" აღნიშნავს, მისი გამოჭერა სულ ადვილი იქნებოდა, ვინმეს მართლაც რომ მოესურვებინაო. მაგრამ ამგვარი რამის ჩავლებას დიდი დრო და ენერგია ჭირდება, რაც, გულახდილად რომ ითქვას, რედაქტორებს არა აქვთ, განსაკუთრებით ისეთ გაზეთში, როგორიც "ნიუ იორკ ტაიმსია".

მსგავსი არგუმენტი მოიშველია სატელევიზიო ინტერვიუში "ნიუ იორკ ტაიმსის" აღმასრულებელმა რედაქტორმა ჰაუელ რეინსმაც, რომლის თქმით, სარედაქციო პროცესის ამოცანას არ შეიძლება ჯეისონ ბლერისთანა ადამიანების "გამოჭერა" წარმოადგენდეს.

[ჰაუელ რეინსის ხმა] "რედაქტორის ამოცანაა, აღმოაჩინოს უნებლიე, შემთხვევითი შეცდომები იმ ადამიანთა მასალებში, რომლებიც ურთიერთნდობის, პატიოსნების ატმოსფეროში მუშაობენ და იზიარებენ ჟურნალისტური მოღვაწეობის მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ფასეულობებს. ამ სისტემის მიზანი არ არის, ფარდა ახადოს ისეთი ადამიანის საქმიანობას, რომელიც ტყუილის თქმას გადაწყვეტს და გაზეთში მცდარი ინფორმაციის მოსათავსებლად მის ხელთ არსებულ ყველა ხერხს გამოიყენებს."

ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის მედიისა და საზოგადოებრივ საკითხთა ექსპერტი შონ ადეი ძირითადად ეთანხმება ჰაუელ რეინსს, თუმცა მის ნათქვამს მთლიანად ვერ იზიარებს. კერძოდ, ადეი აღნიშნავს, რომ როცა ჯეისონ ბლერი ჯერ კიდევ გაზეთის ნიუ იორკის განყოფილებაში მსახურობდა, ამ განყოფილების ერთ-ერთმა რედაქტორმა ახალი ამბების რედაქციის ხელმძღვანელობას შემდეგი შინაარსის ელექტრონული წერილი გაუგზავნა: "ჯეისონს "ტაიმსისთვის" წერა უნდა შევაწყვეტინოთ. დაუყოვნებლივ."

ასეთი არაორაზროვანი გაფრთხილების მიუხედავად, ყურიც არავის შეუბერტყავს. პირიქით, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, შემოდგომაზე ჯეისონ ბლერი დააწინაურეს.

"ნიუ იორკ ტაიმსთან" დაკავშირებული აჟიოტაჟი, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს არ ჩაცხრება. გაზეთის რედაქცია განაგრძობს ჯეისონ ბლერის სტატიების შესწავლას. არადა, მათი რიცხვი 600-ს აღემატება. გაზეთმა თავის მკითხველებსაც კი მიმართა თხოვნით, რედაქციას აცნობოს სტატიებში მოყვანილი ყველა იმ ფაქტისა თუ მოვლენის შესახებ, რომლებიც, მათი აზრით, სინამდვილეს არ შეესაბამება.
XS
SM
MD
LG