Accessibility links

logo-print

საფრანგეთი მისი იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს აშშ-ის მასმედიას


ანდრო ეული, პრაღა ოფიციალურმა პარიზმა საფრანგეთის ავტორიტეტის შელახვის ბრალდება წაუყენა შეერთებული შტატების მთავრობას. საფრანგეთის ელჩმა ვაშინგტონში ჟან-დავიდ ლევიტმა ხუთშაბათს გაუგზავნა ამის

თაობაზე წერილი პრეზიდენტ ბუშსა და ამერიკის კონგრესის წევრებს. როგორც წერილშია აღნიშნული, მიზეზი ამგვარი ანტიფრანგული კამპანიისა ისაა, რომ საფრანგეთი წინ აღუდგა ერაყთან ომის დაწყებას.


გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, ჟან-დავიდ ლევიტის მიერ გაგზავნილ წერილში ორი გვერდი აქვს დათმობილი იმ სტატიების სიას, რომლებიც განვლილი 9 თვის განმავლობაში გამოქვეყნდა ამერიკის პრესაში, და ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ერაყთან საიდუმლო კონტაქტებში ადანაშაულებს საფრანგეთს.

უკანასკნელად ამგვარი სტატია 6 მაისს გამოაქვეყნა გაზეთმა "ვაშინგტონ ტაიმსმა". სტატიაში მოყვანილია ამერიკის სადაზვერვო უწყებათა ოფიციალური პირების ნათქვამი იმის შესახებ, რომ თითქოს საფრანგეთის მთავრობამ ფრანგული პასპორტები გასცა სირიაში ერაყიდან გაქცეული მაღალი ჩინოსნებისთვის, რითაც მათ, დასავლეთ ევროპაში ჩასვლის შესაძლებლობა მისცა.

საფრანგეთი კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას, რომელიც საჯაროდ, ამერიკის მთავრობის არცერთ წევრს არ დაუდასტურებია. ხოლო იმავე 6 მაისს, როცა "ვაშინგტონ პოსტმა" ხსენებული სტატია გამოაქვეყნა, თერი სახლის პრეს-მდივანმა არი ფლაიშერმა თქვა: "ერთ მშვენიერ დღეს ფრანგებმა პასუხი უნდა აგონ იმისთვის, რაც მათ ჩაიდინეს ან არ ჩაუდენიათო".

საკუთარ მიზნებში მასმედიის გამოყენება არც თუ იშვიათი მოვლენაა როგორც მთავრობების, ასევე მთავრობის პოლიტიკასთან ოპოზიციაში მყოფ გავლენიან პირთა მხრიდან. ერაყთან ომის დაწყების წინა თვეებში, ეს, ვაშინგტონში გამოჩნდა თვალნათლივ.

აი რა განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეინ ჰოლმა [ჯეინ ჰოლის ხმა]: "ვფიქრობ, ერაყთან ომის დაწყების წინა პერიოდში იყო შემთხვევები, როცა ადმინისტრაციამ, ერაყელების დაშინების მიზნით, ომის დაწყების გეგმა გაამჟღავნა.
ხოლო პენტაგონში იყვნენ ადამიანები, ვინც ომის წინააღმდეგი იყო, და რომლებმაც, ყოველ შემთხვევაში გასული წლის ზაფხულში, გაამღჟავნეს ისეთი ინფორმაცია, რაც აშკარად მიანიშნებდა, რომ ეს ხალხი ომის წინააღმდეგია".

ჯეინ ჰოლს მიაჩნია, რომ ჟურნალისტს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს იმგვარი ინფორმაციის გამოქვეყნებისას, როცა ინფორმაციის წყაროს არ სურს თავისი ვინაობის გამჟღავნება. ჰოლმა თქვა, რომ ჟურნალისტიკაში თავისი ოცწლიანი მოღვაწეობის მანძილზე ყოველთვის ახსოვდა ის რჩევა, რომელიც თავისი კარიერის დასაწყისში მეგობრისგან მიიღო [ჯეინ ჰოლის ხმა]: "შევუდექი რა ჟურნალისტურ საქმიანობას, ჩემმა მეგობარმა, რომელიც საკმაოდ ცნობილი ჟურნალისტი იყო, მითხრა, "გახსოვდეს: როცა კი ვინმე რაღაცას გეუბნება, იგი ამას, გარკვეული მოსაზრებით აკეთებს".

ჯეინ ჰოლმა განაცხადა აგრეთვე, რომ არის შემთხვევები, როცა გამოქვეყნებული ინფორმაცია ბრალდებას შეიცავს ცალკეული პიროვნების, დაწესებულებისა თუ უწყების, ან კიდევ ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ, და ამიტომაცაა ვალდებული ჟურნალისტი, ცნობის გამოქვეყნებამდე, მისი დადასტურება მიიღოს ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროს მიერ.
XS
SM
MD
LG