Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესმა სასამართლომ სამი ჩეჩენი პატიმრის რუსეთში ექსტრადიციის დადგენილება გააუქმა


16 მაისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წერტილი დაუსვა ცხრათვიან დრამას და სამი ჩეჩენი პატიმრის რუსეთში ექსტრადიციის საკითხი რუსული მხარის საზიანოდ გადაწყვიტა.

ლტოლვილებად აღიარებული ჰუსეინ ალხანოვი და რუსტამ ელხაჯიევი საქართველოში დარჩებიან, რუსლან გელოგაევის ექსტრადიციის საქმის განხილვა კი შეჩერებულ იქნება მანამდე, სანამ საოლქო სასამართლო არ იმსჯელებს იმაზე, აქვს თუ არა მას ლტოლვილის სტატუსი საქართველოში. შეგახსენებთ, რომ საზღვრის დარღვევის ბრალდებით, 13 შეიარაღებული პირი, მათ შორის, 11 ჩეჩენი ქართველმა მესაზღვრეებმა გასული წლის აგვისტოში დააკავეს. რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, მათგან 5 დაკავებულის ექსტრადირება რუსეთში იმავე წლის ოქტომბერში მოხდა.

საქართველოს საზღვრის დარღვევის გამო დაკავებული ჩეჩნების ექსტრადიციის, ანუ სიკვდილ-სიცოცხლის, საკითხი იმთავითვე დადგა რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების რანგში. სწორედ ამიტომ გასული წლის ოქტომბერში, რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნების საპასუხოდ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 11-დან 5 დაკავებულის რუსეთში ექსტრადირება გაუმართლებლად ნაჩქარევ ტემპებში განახორციელა. რადიკალურად განსხვავებული ვითარება შეიქმნა ამჟამად, როცა სამი ჩეჩენის ექსტრადიციის საკითხის განხილვა უზენაეს სასამართლოში იმდენად გაიწელა, რომ პრობლემა ლამის ავტომატურად მოგვარებადიც კი გახდა. საქმე ისაა, რომ 18 მაისს ზემოაღნიშნულ პირებს წინასწარი პატიმრობის კანონით გათვალისწინებული ვადა ეწურებოდათ, ანუ, სასამართლო პროცესის კიდევ ერთხელ გადადების შემთხვევაში, საკითხი დღის წესრიგიდან თავისთავად იხსნებოდა. მრავალთა სკეპტიციზმის მიუხედავად, დღეს უკვე ნათელია, რომ უზენაესი სასამართლოს კოლეგიას საქმე სწორედ იქითკენ მიჰყავდა, რომ 3 ჩეჩენი პატიმრის რუსეთში ექსტრადირების გადაწყვეტილება გაეუქმებინა. შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურის მიერ მიღებული ექსტრადირების დადგენილება ბრალდებულებმა ჯერ მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრეს, შემდეგ კი უზენაესში. სწორედ უზენაესი სასამართლოს აქტივში მოხვდა პატიმართა ექსტრადირების შეჩერების ობიექტური, მაგრამ, არსებითად, მაინც უპრეცედენტო გადაწყვეტილება.
[მაკა ძამუკაშვილი] "ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და დღეს ეს ჩვენმა სასამართლომ დაამტკიცა. ჩვენ ვართ დემოკრატიული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც თავისი კანონების შესაბამისად წყვეტს თავის ყველა შიდა სასამართლო საქმეებს."
ადვოკატმა მაკა ძამუკაშვილმა 16 მაისს, კოლეგებთან ერთად, თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული საქმე მოიგო. ამ გამარჯვებას კიდევ უფრო ემოციურად აფასებენ ჩეჩენი პატიმრების თანამემამულეები და ახლობლები. ჩვენ მექა ხანგოშვილს გავესაუბრეთ:
[მექა ხანგოშვილის ხმა] "დღეს არა მარტო სამი ჩეჩენის ბედი გადაწყდა და სამი ჩეჩენის სიცოცხლე, რომელიც ასე ძვირფასია დღეს ჩვენი ხალხისათვის, გადარჩა, არამედ ჩვენი მეგობრობა ამით უფრო განმტკიცდა, ასე ვიტყოდი. და რაც ყველაზე მთავარია, სახელმწიფო შედგა, ასე ვიტყოდი, და საქართველომ ღირსეულად წარმოაჩინა თავისი სახე მთელი მსოფლიო საზოგადოების წინაშე."
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალით, რუსეთში ექსტრადირებასა და, შესაბამისად, წამებას გადარჩენილი ჰუსეინ ალხანოვი და რუსტამ ელხაჯიევი ჯერ ისევ პატიმრობაში რჩებიან. ისინი საქართველოში ჩადენილი დანაშაულისთვის, ანუ საზღვრის უკანონო დარღვევისათვის, უნდა გასამართლდნენ. პატიმრობაშია რუსლან გელოგაევიც, რომლის იდენტიფიკაციის - უფრო კონკრეტულად კი, ლტოლვილის სტატუსის - საკითხზე საოლქო სასამართლო 5 ივნისს იმსჯელებს.
XS
SM
MD
LG