Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაერთიანებული დემოკრატები" ხელისუფლებისგან თავის დასაცავად შეტევაზე გადადიან


სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ვახტანგ რჩეულიშვილისა და „გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერთა ცნობილი დაპირისპირების შემდეგ ამ უკანასკნელთა მდგომარეობა

კიდევ უფრო გართულდა. ხელისუფლებას ზურაბ ჟვანიას გუნდზე ზემოქმედების კარგი ბერკეტი გაუჩნდა რჩეულიშვილის თავის გატეხის ფაქტის გამოძიების სახით. „გაერთიანებული დემოკრატები" კი მოწინააღმდეგეებისგან თავდაცვის ნაცად მეთოდს მიმართავენ და ხელისუფლებას თავდასხმით უპასუხებენ.

„გაერთიანებული დემოკრატების" ფიზიკური თავდასხმის ობიექტმა ვახტანგ რჩეულიშვილმა 15 მაისს საჯაროდ გამოაცხადა, თუ ვისი ხელიდან ნასროლმა საყვავილემ გაუტეხა თავი. იგი ხელს მიხეილ მაჭავარიანისკენ იშვერს და კიდევ ერთ დემოკრატს, გიორგი ბარამიძეს, თავის გატეხის მცდელობას აბრალებს. ამან გენერალურ პროკურატურას უფრო აქტიურ საგამოძიებო ქმედებათა განხორციელების საშუალება მისცა. პროკურატურა აპირებს საკანონმდებლო ორგანოს მიმართოს მოთხოვნით, იმუნიტეტი მოუხსნას 7 დეპუტატს, რომელთაგან 4 გაერთიანებული დემოკრატების ლიდერია. იმუნიტეტის მოხსნის შემთხვევაში კი მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ.

მიხეილ მაჭავარიანი პარლამენტარის იმუნიტეტის დათმობას არ აპირებს, თუმცა გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა. იგი თავის დაცვას, იმუნიტეტის შენარჩუნების გარდა, გენერალურ პროკურორსა და, საერთოდ, ხელისუფლებაზე თავდასხმითაც ცდილობს:

[მაჭავარიანის ხმა] „ის პასუხს აგებს ყველა იმ უკანონობაზე, რომელიც არის ახლა ჩადენილი ამ ქვეყანაში და მისი გენერალური პროკურორობის დროს. დაწყებული მისი უკანონო ქონებიდან, დამთავრებული იმ დანაშაულების გაუხსნელობამდე, სადაც საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართულნი."[სტილი დაცულია]

როგორ ჩანს, „გაერთიანებულმა დემოკრატებმა" ხელისუფლების შეტევის მოსაგერიებლად თავდასხმით თავდაცვის მეთოდი პარტიის მთავარ სამოქმედო ტაქტიკად აირჩიეს, რადგან, მაჭავარიანის მსგავსად, იგივე გააკეთა ზურაბ ჟვანიამაც. 16 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე „გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერმა გასული წლის ბიუჯეტის გარღვევის ამსახველი კარგად ნაცნობი ციფრები გამოაქვეყნა და წლევანდელი ბიუჯეტის ჩავარდნაც იწინასწარმეტყველა.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] „მთელი ხელისუფლება გადართულია საარჩევნო ვაქხანალიაზე და კონკრეტული პრობლემები ხელფასების, პენსიების, ენერგეტიკის, ეკონომიკის, აფხაზეთის კრიმინალური სიტუაციის აბსოლუტურად არავის არ ეხება. ისინი დღეს დაკავებულნი არიან იმით, როგორ მოეწყოს ახალი რეპრესიები ჩვენი აქტივისტების მიმართ, როგორ მოეწყოს ახალი ზეწოლა და კამპანიები ჩვენს წინააღმდეგ თუ სხვა ოპოზიციური ჯგუფების წინააღმდეგ. აი ამით არის დაკავებული დღეს ხელისუფლება."

ამ მდგომარეობას მიაწერენ "გაერთიანებული დემოკრატები" იმას, რომ საქართველოს პენსიონერთა ნახევარს კუთვნილი თანხები არ აქვს მიღებული და უკვე დაგროვდა 2 თვიანი სახელფასო დავალიანება. ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ჟვანიას გუნდი ბიუჯეტის 250 მილიონი ლარით გარღვევასა და სოციალურ აფეთქებას წინასწარმეტყველებს.

ამ მუქარანარევ კრიტიკას ხელისუფლებიდან პასუხი მხოლოდ ფინანსთა მინისტრმა მირიან გოგიაშვილმა გასცა და "გაერთიანებულ დემოკრატებს" ხელისუფლების სათავეში მათი ყოფნისდროინდელი ეკონომიკური მიღწევები შეახსენა. ისინი კი დიდად არაფრით განსხვავდება იმ სავარაუდო შედეგებისგან, რომელთა შესახებაც ზურაბ ჟვანიამ ახლა ილაპარაკა.
XS
SM
MD
LG