Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ შარაძემ პროცესი წააგო


დავით პაიჭაძე, თბილისი პარასკევს, 16 მაისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წერტილი დაესვა კიდევ ერთ პროცესს: დასრულდა დეპუტატ გურამ შარაძის დავა არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსიტიტუტის" დირექტორთან,

ლევან რამიშვილთან. შარაძე სასამართლოსგან მოითხოვდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ლევან რამიშვილის წინაღმდეგ, რადგან ამ უკანასკნელმა, დეპუტატის მტკიცებით, მას დააბრალა დანაშაული- რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივება. გთავაზობთ საქმის მოკლე ისტორიასა და შედეგის კომენტარებს.

შარაძე-რამიშვილის საქმემ ყველა, ანუ სამივე, სასამართლო ინსტანცია გაიარა, თუმცა აღმოჩნდა, რომ უზენაეს სასამართლოში საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება არც უნდა გაესაჩივრებინათ. თბილისის საოლქო სასამართლომ კი ვერ დაინახა დეპუტატ შარაძის სარჩელსა და მოთხოვნებში საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად. საოლქომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო უზენაეს სასამართლოში. უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ კი მიიჩნია, რომ, სწორედ კანონის ძალით, საოლქოს გადაწყვეტილება, რამდენადაც ის კერძო საჩივარზე იყო გამოტანილი, არ ექვემდებარებოდა კასაციას ზემდგომ ინსტანციაში და განჩინება, ამ საფუძველზე, განუხილველად დატოვა ძალაში. სასამართლოს ამ ნაბიჯმა აღაშფოთა დეპუტატი შარაძე: მან არ დაიშურა ნეგატიური ეპითეტები არც უზენაესი სასამართლოსა და არც მისი თავმჯდომარის მიმართ [შარაძის ხმა]: "საქართველოს სასამართლო არის მიხეილ სააკაშვილის ჯიბის სასამართლო. ამას დაემატა ლადო ჭანტურია, რომელიც არის იუსტიციის მინისტრობიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ დასმული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ისიც, თავისი სასამართლოიანად, მიხეილ სააკაშვილის ჯიბეში აღმოჩნდა".

შარაძე ამბობს, რომ სამართლის საძიებლად, არ გამორიცხავს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. მე ვკითხე დეპუტატს, რა საფუძველზე აპირებს ამას. საკონსტიტუციო სასამართლოს ხომ მხოლოდ მაშინ მიმართავენ, თუ არსებობს არგუმენტი, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია. შარაძემ ასე მიპასუხა [შარაძის ხმა]: "ამ გადაწყვეტილებაში ჩანს, რომ საქართველოში კანონები სხვადასხვანაირად მოქმედებს: საოლქო სასამართლომ კასაციის უფლებით გადმოგვგზავნა უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლო კი აცხადებს, არ არსებობს ისეთი ნორმა, რომლის საფუძველზე საოლქოს გადაწყვეტილება საჩივრდება უზენაეს სასამართლოშიო. ან ერთი ტყუის, ან მეორე, ან ორივე ერთად".

მეორე მხარის, ლევან რამიშვილის, კომენტარი კი სცდებოდა საქმის ლეგალურ ჩარჩოებს [რამიშვილის ხმა]: "ჩვენი ტელედებატები იყო დასაწყისი შარაძის პოლიტიკური საქმიანობის დასასრულისა. შემდეგ ამას მოჰყვა ისტორიის ინსტიტუტიდან შარაძის გამოძევება, ახლა - ეს სასამართლოც. დასასრული იქნება ძალიან სწრაფად: შევარდნაძის ხელისუფლებასთან ერთად, ყველა ის ადამიანი, ვინც პრეზიდენტის რუპორად ევლინებოდა საზოგადოებას, გამოგვემშვიდობება".

დასკვნით სასამართლო სხდომაზე მხარეებს სულ რამდენიმე თანამგრძნობი ახლდა: რამიშვილს - ხუთიოდე, შარაძეს - ოცამდე მოქალაქე. ერთი ნაწყვეტი შარაძის მხარდამჭერთა მიმართვიდან უფლებადამცავ გიგა ბოკერიასადმი [უცნობი ქალის ხმა]: "საზიზღარო შენა! დედაშენს გაეზარდე, ის სჯობდა, პაიკების გადაადგილებას!"
XS
SM
MD
LG