Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების ჯარები ერაყში კუნთების ჩვენებას აპირებს


ომისშემდგომ ბაღდადში უსაფრთხოების აღდგენა კვლავ უმთავრესი საზრუნავია ერაყში განლაგებული ამერიკის ჯარებისთვის. ვაშინგტონში შიშობენ, რომ უსაფრთხოების პრობლემა აბრკოლებს

შეერთებული შტატების მცდელობას, გარდამავალ პერიოდში ერაყელი ხალხის ნდობა მოიპოვოს ქვეყნის აღდგენის საქმეში. შეერთებული შტატების ხელისუფალნი პირობას დებენ, რომ გაანადგურებენ მაროდიორებისა და ბოროტმოქმედთა ბანდებს, რომლებსაც ტერორში ჰყავთ ერაყის დედაქალაქის მოსახლეობა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ოთხშაბათს ამერიკის სენატში გამოსვლისას თქვა, რომ შეერთებული შტატების ჯარები ერაყის დედაქალაქში "კუნთების" ჩვენებას დაიწყებს, რათა ხალხს ხელი ააღებინოს უსაფრთხოების სისტემის მოშლაზე. მისი თქმით, დამრღვევნი ან დაკავებულ იქნებიან, ან მოკლული.
სენატში გამოსვლისას რამსფელდმა ამასთან თქვა, რომ გადამეტებულია ერაყის დედაქალაქში ქაოსზე ლაპარაკი.

[რამსფელდის ხმა] "ჩემის აზრით, სიტყვა "ანარქია" არასწორად ასახავს ვითარებას. ეს საგაზეთო სტატიის სათაურს უფრო ჰგავს. როგორც დღეს გვითხრეს, მდგომარეობა ქალაქის ორი მესამედიდან სამ მეოთხედამდე ნაწილში სტაბილურია. "

რამსფელდის გამოსვლა დაემთხვა პრესაში უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ ცნობებს იმის თაობაზე, რომ ბაღდადში გრძელდება ძალადობა. კორესპონდენტების ცნობით, კოალიციის ჯარების მიერ ქალაქის აღებიდან ერთი თვის შემდეგ მაროდიორობა, ცეცხლის წაკიდება და სროლა კვლავაც ხშირია ზოგიერთ უბანში. იძარცვება ბინები, ოფისები და დაწესებულებები. ეს განსაკუთრებით ღამით ხდება. როგორც წესი, მძარცველები ავტომატური იარაღით არიან შეიარაღებული.
არასტაბილური ვითარება ხელს უშლის ჰუმანიტარულ პროგრამებს. ზოგიერთი სააგენტო უარს ამბობს ჰუმანიტარული ტვირთის განაწილებაზე, სანამ საწყობების დაცვა არ იქნება უზრუნველყოფილი. როგორც გაზეთი "ვაშინგტონი პოსტი" იტყობინება გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის, იუნისეფის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, შეერთებული შტატების ჯარების უუნარობა, გადაწყვიტონ უსაფრთხოების პრობლემები, 300 ათასამდე ბავშვის სიცოცხლეს აგდებს საფრთხეში.
"ნიუ იორკ ტაიმსის" ცნობით კი, ერაყში შეერთებული შტატების სამოქალაქო ხელისუფლების ახალი ხელმძღვანელი პოლ ბრემერი ახალი ზომების გატარებისთვის ემზადება. მათ შორის, ამერიკის სამხედროებს უფლება მიეცემათ იარაღი გამოიყენონ მძარცველებისა და მაროდიორების წინააღმდეგ.
დღეისთვის ბაღდადში ქალაქის 20 ათასი პოლიციელიდან მხოლოდ 7 ათასის მობილიზება მოხერხდა. პოლიციელების რეინტეგრაციას ანელებს ის გარემოება, რომ საკმაოდ შრომატევადია მათი შემოწმების პროცესი. კოალიციის ჯარები ცდილობენ გამორიცხონ პოლიციაში სადამ ჰუსეინის ერთგული პირების მოხვედრა. ბრემერის გეგმით, პოლიციელებმა ხელახალი წვრთნა უნდა გაიარონ. ასევე გათვალისწინებულია ქვეყნის სასამართლო სისტემის სწრაფი აღდგენა.

ბრემერი გასულ კვირაში დაინიშნა თანამდებობაზე, რომელიც მანამდე ეკავა შეერთებული შტატების არმიის გადამდგარ გენერალ ჯეი გარნერს. ბაღდადში ბრემერის ჩასვლამ წარმოშვა მითქმა-მოთქმა, რომ გარნერი იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მან ვერ შეძლო ხუთმილიონიან ქალაქში წესრიგის დამყარებას. მიმდინარე კვირაში შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა უარყო ეს აზრი და განაცხადა, რომ ამჟამად ერაყში შეერთებული შტატების სამოქალაქო ადმინისტრაციაში არავითარ დაპირისპირებას არა აქვს ადგილი.
XS
SM
MD
LG