Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ევროსაბჭოს "შავ სიაში" მოხვედრის "შანსი გაუჩნდა"


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა საქართველოს ხელისუფლების ლამის ქრონიკულ დაავადებად იქცა. საინტერესოა, რომ რეკომენდაციების უგულებელყოფაში

ხელისუფლების ორივე შტო ერთნაირად სცოდავს. მთავრობას, ერთი მხრივ, ამ ორგანიზაციების მხრიდან დახმარების სურვილი აქვს და შეღავათიან კრედიტებსა თუ ტექნიკურ დახმარებებს მუდმივად ელოდება, მეორე მხრივ კი, თითქმის არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ პარტნიორებთან შეთანხმებული პირობები შეასრულოს. ამგვარი დამოკიდებულების გამო ქვეყანა არაერთხელ აღმოჩენილა უხერხულ სიტუაციაში.

ერთ-ერთი ამგვარი რეკომენდაცია, უკეთ კი, კანონპროექტი, დიდი ხანია საკანონმდებლო ხელისუფლებაში დევს და ვერა და ვერ ეღირსა განხილვას. არადა, ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საქართველო, შესაძლოა, ე.წ. "შავ სიაში" მოხვდეს. დაახლოებით ერთი თვის წინ ევროსაბჭოს სპეციალურმა კომიტეტმა, რომელიც "შავი ფულის" წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებას უწევს მონიტორინგს, საქართველოს უკანასკნელი გაფრთხილება მისცა. თუ ხელისუფლება უმოკლეს ვადაში ვერ მოახერხებს "ფულის გათეთრების" წინააღმდეგ კანონის მიღებას და არ შექმნის სპეციალურ სამსახურს, საქართველო იმ სახელმწიფოთა სიაში აღმოჩნდება, რომლებიც კრიმინალური ფულის "გათეთრებას" უწყობენ ხელს.

ამგვარი "არაკეთილსაიმედო" ქვეყნის სტატუსი გასულ წელს უკვე ერგო უკრაინას და ეს მაშინ, როცა უკრაინის რადამ ანალოგიური კანონი მიიღო. მიუხედავად ამისა, კომიტეტმა კანონი არასათანადოდ მიიჩნია. დღეს ამ ქვეყნის ხელისუფლებას დიდი ძალისხმევის გაღება უწევს, რათა თავი დააღწიოს "შავ სიას" და შესაბამის შეზღუდვებს, რასაც ამგვარ სიაში მოხვედრა ითვალისწინებს.

საქართველოს კი დიდი შანსი აქვს გვატემალის, ეგვიპტის, ინდონეზიის, ნიგერიის, ფილიპინების და მსგავსი ქვეყნების გვერდით დაიმკვიდროს ადგილი. ამ ქვეყნების საწინააღმდეგო, ბუნებრივია, არაფერი გვაქვს, მაგრამ ეს ის სახელმწიფოებია, რომლებიც, რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად, ევროსაბჭოს სპეციალური კომისიის მიერ არაკონტაქტურ, არაკოოპერირებადი იურისდიქციის მქონე სახელმწიფოთა რიგში არიან ჩაწერილნი და რომელნიც "შავი ფულის გათეთრების" საქმეში არიან "შემჩნეულნი".

ევროსაბჭოს "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის " ორგანიზაციამ, რომელიც 1989 წელს 26 ქვეყნის მიერ დაფუძნდა, საქართველოს ე.წ. მეხუთე გაფრთხილება მისცა. ეს ის სანქციაა, რომლის შემდგომ ქვეყანა "შავ სიაში" შეჰყავთ და, რომლის მიხედვით, ამ სტატუსის სახელმწიფო "ფულის გათეთრების" პოტენციურ ცენტრად ითვლება. "შავ სიაში" - ანუ არაკონტაქტურ ქვეყნებად მიჩნეულთა სიაში - მყოფი სახელმწიფოსათვის წესდება ფინანსურ გარიგებათა მკაცრ ჩარჩოებში მოქცევის სანქცია, იზღუდება საგარეო ინვესტიციები და იქმნება მთელი რიგი ბარიერები.
გასული წლის ნოემბერში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სხვადასხვა უწყებების მონაწილეობით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა კანონპროექტი "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ". კანონპროექტმა გაიარა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2002 წლის ტექნიკური მისიის ექსპერტიზაც. მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, ეროვნული ბანკის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ამერიკის იუსტიციისა და ხაზინის დეპარტამენტების დახმარებით, გაიმართა სამდღიანი კონფერენცია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით; კონფერენციას დაესწრნენ აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრები. კონფერენციაზე მუხლობრივად იქნა განხილული კანონპროექტი, გამოითქვა შენიშვნები და წინადადებები, რომელთა დიდი ნაწილი გაზიარებული იყო.


აღნიშნული კანონის მიღების მოთხოვნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო რეკომენდაციებში პერმანენტულად ფიგურირებს. პოლიტიკური კონიუნქტურით გართულმა საკანონმდებლო ხელისუფლებამ ჯერჯერობით მხოლოდ მისი პირველი მოსმენით მიღება მოახერხა. კანონპროექტი დღის წესრიგშია შეტანილი და პარლამენტში მის განხილვას მომავალ კვირაში ვარაუდობენ. თუ დეპუტატებმა ვერც ამ დროისათვის მოიცალეს კენჭისსაყრელად, შემდეგ, შესაძლოა, დაგვიანებულიც იყოს, რადგან ივნისის შუა რიცხვებში საქართველოში ჩამოვა ევროსაბჭოს სპეციალური მისია, რომელიც ადგილზე შეისწავლის "ფულის გათეთრების" თემატიკას და საბოლოო ვერდიქტსაც ამ დასკვნების საფუძველზე გააკეთებს.

პროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელიც, ძირითადად, ანალიტიკური ხასიათის იქნება და მონიტორინგს გაუწევს საეჭვო ფულის ბრუნვას. სამსახური ჩამოყალიბდება საქართველოს ეროვნულ ბანკთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს ამ უწყებისთვის საგამოძიებო ფუნქციების მინიჭებას. ეს არის დაწესებულება, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და გარკვეულ პირობებში კომპეტენტურ ორგანოებს გადასცემს იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ანუ, ფაქტობრივად, ქმნის და მართავს მონაცემთა ბაზას. საუბარია ანალიტიკური სამსახურის შექმნაზე. აღნიშნული მოდელი უკვე მრავალი წელია წარმატებით ფუნქციონირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.


ექსპერტების განმარტებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ეფექტური მუშაობისათვის ოთხი ძირითადი პირობის დაკმაყოფილება დასჭირდება. ეს კრიტერიუმებია: დამოუკიდებლობა, ნდობა, თანამშრომლების პროფესიონალიზმი, ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობებით აღჭურვა. კანონპროექტში შემოთავაზებული მოდელი შესაძლებელს ხდის ამ პრინციპების დაცვას, შესაბამისად, სამსახურის ჩამოყალიბებას და ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფას. ფინანსური მონიტორინგის სამსახური იქნება ერთგვარი დამხმარე დაწესებულება, რომელიც ინფორმაციულ მხარდაჭერას აღმოუჩენს ყველა და არა ერთ კონკრეტულ საგამოძიებო ორგანოს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის ასეთი სამსახურის შექმნა გამოძიების უფლების მქონე ორგანოებში, ვინაიდან ამან შეიძლება მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებაზე არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს.

"შავი ფულის გარეცხვის" საწინააღმდეგო ღონისძიებები განსაკუთრებით აქტუალური 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ გახდა. ფინანსური ნაკადების მოძრაობას და "შავი ფულის გარეცხვის" საწინააღმდეგო ღონისძიებებს საერთაშორისო თანამეგობრობა განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება და მათი მიდგომაც ბოლო პერიოდში შესამჩნევად არის გამკაცრებული.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნარკობიზნესიდან, იარაღის ვაჭრობიდან და პროსტიტუციიდან მიღებული შემოსავლების ლეგალიზაცია, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ აქტუალური არ არის, აღნიშნული კანონის მიღება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული ვალდებულებაა და მისი დროული რეალიზაციის გარეშე ქვეყნის ისედაც არცთუ სასურველ იმიჯს, შესაძლოა, სერიოზული ჩრდილი მიადგეს.
XS
SM
MD
LG