Accessibility links

ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის შედეგები


17 მაისის დილის 6 საათზე ქალაქ გორში 3 დღიანი მუშაობა დაასრულა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის ოცდამეშვიდე სხდომამ. მოლაპარაკებამ,

რომელსაც, ქართულ-ოსური მხარეების გარდა, რუსეთის, ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. ამის მიზეზი კი, ძირითადად, კონფლიქტის ზონაში გართულებული მდგომარეობაა.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციაში არცთუ უმნიშვნელო როლს ასრულებს რუსეთის სამშვიდობო ძალები და მათი სარდალი. გორში გამართული მოლაპარაკება სწორედ იმით დამთავრდა, რომ ქართულმა მხარემ რუსეთის მშვიდობისმყოფელთა სარდლის მოვალეობის შემსრულებლის სვიატოსლავ ნაზდოროვის გაწვევა მოითხოვა. შერეული კომისიის თანათავმჯდომარის, ქართული მხარის წარმომადგენლის ირაკლი მაჭავარიანის განცხადებით:

[მაჭავარიანის ხმა] „ცხინვალის ცენტრში დადიან ჯავშანტექნიკაზე ამხედრებული ოსი სამართალდამცველები, რაც კონფლიქტის ზონაში სრულიად წარმოუდგენელია. ჯავშანტექნიკის ქონა იქ არავის არ შეუძლია, გარდა სამშვიდობო ძალებისა. ესე იგი, ცხადია, რომ სამშვიდობო ძალები იქ თავის ფუნქციას ვერ ასრულებენ."

გორში დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკების დროს რუსეთის წარმომადგენლებმა არაერთხელ სთხოვეს ქართულ მხარეს, რომ მშვიდობისმყოფელთა სარდლის უფლებამოსილების გაგრძელებას დათანხმებოდა, მაგრამ ირაკლი მაჭავარიანმა პოზიცია არ დათმო. ჩვენი გორელი კორესპონდენტის გოგა აფციაურის თქმით, ქართული დელეგაციის სიმტკიცე იმანაც განაპირობა, რომ საკონტროლო კომისიის სხდომას პირველად ესწრებოდნენ ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ქართველები.

[გოგა აფციაურის ხმა] „წინა 26 შეხვედრაზე მაინც ხდებოდა დათმობა კონსენსუსის მიღწევის მიზნით, მაგრამ, აი, ამ სხდომაზე კატეგორიული იყო ქართული მხარე და ის საკითხები, რაც განსახილველი და გადასაწყვეტი დარჩა, შეიძლება ითქვას, რომ ქართული მხარის დამსახურებაა, რადგან ოსური მხარე ძალზედ მეტისმეტს მოითხოვდა. ვთქვათ, იმავე რუსი მილიციელების შემოყვანა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო და კარგია, რომ ქართული მხარე ამას არ დაეთანხმა."

რუსი და ჩრდილოეთ ოსეთის მილიციელების ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შემოყვანის მოთხოვნა ოსური მხარის წარმომადგენლებმა სამართალდამცველთა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის ამოქმედების საკითხის განხილვისას დააყენეს. ეს ცენტრი ჯერ კიდევ 2 წლის წინ შეიქმნა, ოღონდ მხოლოდ ქაღალდზე. არადა, ცხინვალის რეგიონში სამართალდამცველების უმოქმედობის გამო ისეთი დანაშაულებები რჩება გამოძიების გარეშე, რომლებიც კონფლიქტის ესკალაციის წინაპირობებს ქმნის.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ არაფერია გარკვეული სამშვიდობო ძალების ქართული მხარის წარმომადგენლის ზურაბ დურგლიშვილის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით. ხოლო სულ ახლახან ჩადენილი საზარელი დანაშაული - მინდიაშვილების ოჯახის განადგურება - რეაგირების გარეშეა დარჩენილი, რადგან ქართველ სამართალდამცველებს ლიახვის ხეობის 9 ქართულ სოფელში მუშაობა ეკრძალებათ. ამ სოფლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი შერეული სამშვიდობო ჯარებია, რომელთა სარდალი ქართველთა საპროტესტო აქციებს არაერთხელ ოსურ მილიციასთან ერთად გაუსწორდა.



რუსი მშვიდობისმყოფელების საქციელით ზურგგამაგრებული ცხინვალის ხელისუფლება მოლაპარაკების მსვლელობისას ქართული სოფლების ქართული პოლიციის მიერ გაკონტროლებასაც შეეწინააღმდეგა და ასევე უარყო როკის გვირაბთან ქართულ-ოსური საბაჟო პუნქტის შექმნის ინიციატივაც.

ასეთ ვითარებაში ქართულ მოსახლეობას მხოლოდ ისღა რჩება, თავად იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე. გოგა აფციაურის თქმით:

[გოგა აფციაურის ხმა] „იქაური ახალგაზრდობა იმდენად არის აღშფოთებული, რომ ქართულ ხელისუფლებას იარაღსაც კი სთხოვდა იმისთვის, რომ თვითონ დაიცვას თავისი სოფლები, თავისი ტერიტორია. ასეთ ნაბიჯს, ალბათ, გადადგამს საქართველოს ხელისუფლება. უკვე 30-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა სურვილი, რომ პოლიციის რიგებში შევიდეს და ასე განახორციელოს თავისი მიწა-წყლის დაცვა."

ცხადია, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში იარაღის გავრცელება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პერსპექტივას სულაც არ ქმნის, თუმცა არც რუსეთის სამშვიდობო მისია აღმოჩნდა ეფექტური. ერთადერთი, რაზეც ქართულ-ოსური მოლაპარაკებისას მხარეებმა შეთანხმება მოახერხეს, ეს ევროკომისიის მიერ გამოყოფილი გრანტის -1 მილიონ 300 ათასი ევროს - ათვისების საკითხია. ეს თანხა გორი-როკის ავტომაგისტრალის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება.
XS
SM
MD
LG