Accessibility links

ქვეყანაში თანდათან მწვავდება შიდა პოლიტიკური ვითარება. 13 მაისის გაზეთი "რეზონანსი"


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ქვეყანაში თანდათან მწვავდება შიდა პოლიტიკური ვითარება. 13 მაისის გაზეთი "რეზონანსი" წერს, რომ "2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პრეზიდენტ შევარდნაძის

უწყინარი ორშაბათის განცხადებებიც სულ უფრო მწვავე ფორმებს იღებს.

შევარდნაძე ოპოზიციის რიგებზე ფართომასშტაბიან შეტევას ახორციელებს და ოპოზიციის ლიდერებს არასერიოზულ განცხადებებში "ამხელს". პრეზიდენტი ეუთოს ექსპერტებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების იდეას "ჭკუამხიარულთა აზრს" უწოდებს და ოპოზიციას შეახსენებს, რომ ქვეყანა ქაოსიდან სწორედ მან გამოიყვანა.
"ეუთოს გარდა არჩევნებში იქნებ ნატოც მოვიწვიოთ", -აცხადებს პრეზიდენტი და მომავალი არჩევნების ჩაშლის და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაში იმ ოპოზიციურ ძალებს ადანაშაულებს, რომლებსაც, მისი თქმით, მომავალ პარლამენტში გასვლის არანაირი შანსი არ აქვთ."



წერილში ნათქვამია, რომ სწორედ პრეზიდენტის ტრადიციულმა რადიოინტერვიუმ უბიძგა გაერთიანებული დემოკრატების ლიდერს ზურაბ ჟვანიას საგანგებო ბრიფინგი ჩაეტარებინა.
გაზეთი წერს:


"ჟვანია მეგობრებთან ერთად გაოგნებას გამოხატავს პრეზიდენტის "გულახდილი" განცხადებების გამო. მისი თქმით, თუ აქამდე საზოგადოებაში მიმდინარეობდა მსჯელობა, თუ რამდენად იყო პრეზიდენტი ჩართული ბოლო სამი კვირის განმავლობაში ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ ბინძურ კამპანიაში, "პრეზიდენტის დღევანდელი განცხადებები, საგანგებო მადლობები და აქცენტები აშკარას ხდის, რომ მთელ ამ კამპანიას უშუალოდ შევარდნაძე უდგას სათავეში."
ჟვანია ეხმაურება ოპოზიციის დანარჩენი ლიდერებისგან წამოსულ იდეასაც, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო ორგანიზაციების, პირველ რიგში კი, ეუთოს უშუალო მონაწილეობას გულისხმობს. ჟვანია წუხს შექმნილი სიტუაციის გამო, მაგრამ პრეზიდენტს მაინც შეახსენებს, რომ ამ კონტექსტში "ნატოსთან" ხუმრობა არ შეიძლება. ჟვანიას განმარტებით, ეუთო წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის შეიქმნა, ხოლო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის ჩამოყალიბდა". ჟვანიას აზრით, პრეზიდენტის აღნიშნული ნათქვამი "სრულიად შეუსაბამო რეპლიკაა."


"რეზონანსის" თქმით, "საარჩევნო პროცესში ეუთოს უშუალო მედიატორობა მისასალმებელია, მაგრამ ჟვანია კარგად ხვდება, რომ ოპოზიციის გაერთიანების გარეშე დღევანდელი სახელისუფლებო მონსტრის დაჩოქება ძალზე გაძნელდება".
გაზეთი წერს:

"ჟვანია ამ ფონზე კვლავ ადასტურებს, რომ ოპოზიციის ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის მომხრეა და სურს ოპოზიციის დიდი გაერთიანების ხილვა. ჟვანიას რწმენით, ასეთი გაერთიანების ჩამოყალიბება უკვე თავისთავად გულისხმობს ქვეყანაში შესაძლო ძალადობის თავიდან აცილებას. დღევანდელ ეტაპზე კი "გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერი მხარს უჭერს "ახალი მემარჯვენეების" მიერ წამოყენებულ ოპოზიციურ ძალთა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის იდეას, რათა, როგორც ჟვანია აცხადებს, "ორგანიზაციულად ვუპასუხოთ ხელისუფლების პროვოკაციებს".


გასულ კვირაში პრესამ დიდი ყურადღება დაუთმო ნატოს გენერალური მდივნის ჯორჯ რობერტსონის საქართველოში ვიზიტს და ნატოსთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. 15 მაისის "მთავარი გაზეთი" წერს:


"ივნისის პირველ რიცხვებში საქართველო მადრიდში ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის დასრულებულ პროგრამას წარადგენს, შემოდგომაზე კი თბილისში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა გაიხსნება. ნატო რუსეთის ბაზების გაყვანის პროცესში საქართველოს მხარს დაუჭერს, მაგრამ კონფლიქტების მოგვარებაში უშუალო მონაწილეობას არ მიიღებს - ასეთი პერსპექტივების დეკლარირებით დასრულდა თბილისში ალიანსის გენერალური მდივნის ჯორჯ რობერტსონის რიგით მესამე ვიზიტი.
მოსკოვიდან თბილისში ჩამოსული გენერალური მდივანი 14 მაისს მთელი დღის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს საქართველოს აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ერევანსა და ბაქოში სტუმრობის შემდეგ კი იგი კავკასიის რეგიონის ნატოსთან ურთიერთობის გეგმას შეაჯამებს.
"სამხრეთ კავკასიის რეგიონს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთლიანად ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების თვალსაზრისით", - განაცხადა რობერტსონმა, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, მოსკოვის როლზეც გაამახვილა ყურადღება.
ნატოს გენერალური მდივანი თბილისს ამ რეგალიით მეორედ - სულ კი, როგორც ვთქვით, მესამედ - ეწვია.
ბრიტანეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი მასპინძელი ქვეყნის "მიმზიდველობასა და წარმატებებს". მიუხედავად ამისა, რობერტსონმა ისიც ხაზგასმით შეგვახსენა, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოს საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწევს."


15 მაისის გაზეთი "ხვალინდელი დღეც" გვამცნობს, რომ "ჯორჯ რობერტსონმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე რუსეთი გავლენას ვერ მოახდენს. მისივე თქმით, საქართველოს ნატოში მის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოუგვარებლობის შემთხვევაშიც მიიღებენ, თუმცა "საქართველოს ნატოში გაწევრიანებამდე გრძელი და რთული გზა აქვს გასავლელი".
შემდეგ გაზეთი წერს:


"ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე საქართველოს პრეზიდენტმაც ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობას უკვე მზად აქვს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ მოწონებული საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა. გარდა ამისა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უახლოეს ხანებში თბილისში შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო , რათა პროგრამა "პარტნიორობა მშვიდობისათვის" განიხილოს. ეს საბჭო სამხრეთი კავკასიის სამივე ქვეყანას მოიცავს და ნატოში ინტეგრაციისათვის აუცილებელ პრობლემათა მოგვარებაზე იმუშავებს".


"ხვალინდელი დღე" აგრეთვე წერს, რომ "ჯორჯ რობერტსონი 14 მაისს საქართველოს პარლამენტსაც ეწვია და პარლამენტის ბიუროს წინაშე სიტყვით გამოვიდა. პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის შვედეთში საქმიანი ვიზიტით ყოფნის გამო ნატოს გენერალური შტაბის მდივანს ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რობერტსონმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გააკეთა. მის ნაცვლად საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ისაუბრეს.


"ტრადიციონალისტთა" წარმომადგენლის - ამავე დროს, ნატოში საქართველოს დელეგაციის წევრის - მაია ნადირაძის განცხადებით, ჯორჯ რობერტსონმა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის რამდენიმე მთავარი მოთხოვნა დაასახელა: ინსტიტუციონალური ცვლილებები, დემოკრატიული პროცესების განვითარება და სამხედრო რეფორმის განხორციელება.
"ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი არავინ არის საქართველოში, მაგრამ ნატომდე მისასვლელი გზა საქართველომ თავად უნდა გაიაროს" - რობერტსონის ეს განცხადება "ტრადიციონალისტის" წევრმა მაია ნადირაძემ გაახმოვანა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის განცხადებით კი, ჯორჯ რობერტსონი არასაკმარისად მიიჩნევს საქართველოს სამხედრო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს. წერეთლის აზრით, აუცილებელი და საჭიროა, რომ საქართველომ ნატოსტან თანამშრომლობის ინდივიდუალური გეგმა ბოლომდე შეიმუშავოს და დაამტკიცოს."

"აგვისტოს ბოლოს აფხაზეთში ომი დაიწყება". ეს განცხადება რუს პარლამენტარ ალეკსეი ვაშჩენკოს ეკუთვნის. მასთან ინტერვიუს 16 მაისის გაზეთი "24 საათი" აქვეყნებს, საუბრის შესავალში კი გვამცნობს, რომ დეპუტატი მონაწილეობდა სულ ცოტა ხნის წინათ სოჭში გამართულ აფხაზი და აბიზგინელი ხალხების კონგრესის მუშაობაში. ვაშჩენკომ გაზეთს, კერძოდ, განუცხადა:


"აფხაზეთში დღეს უკვე არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია საქართველოს მხრიდან აგვისტოს დასასრულსა და სექტემბრის დასაწყისში მოსალოდნელ აგრესიაზე.აფხაზეთში ოპერაციას ამერიკელი სამხედრო ექსპერტები ამზადებენ. ამაზე მეტყველებს ამერიკული შპიონი თვითმფრინავების ფრენა აფხაზეთის თავზე. ჩვენი სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, აფხაზეთში აშშ-ის აგრესიის დროს გამოყენებული იქნება კოდორის ხეობა".


რუსეთის დეპუტატის განცხადებებთან დაკავშირებით 16 მაისის გაზეთი "რეზონანსი" წერს, რომ "ვაშჩენკო რუსეთის სამხედრო დაზვერვის მაიორია".
გაზეთის თქმით:


"გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ცოტა ხნის წინ "ახალი მემარჯვენეების" მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ შევარდნაძე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს. ამ მოვლენის გარდა, აფხაზების შიშს აძლიერებს ის ფაქტორიც, რომ, როგორც მათ ახსოვთ, თითქმის ყოველი წლის 26 მაისს აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველი პარტიზანები განსაკუთრებულად აქტიურდებიან. მათი წყალობით, აფხაზებს პრობლემები არ ელევათ".
XS
SM
MD
LG