Accessibility links

logo-print

განვილილი კვირის პოლიტიკური მიმოხილვა


"საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს,

პოტენციალი იმისა, რომ გახდეს აყვავებული ქვეყანა, მაგრამ ამისთვის დაუღალავი შრომაა საჭირო, და არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერების,"- თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში. გასულ კვირაში ჯორჯ რობერტსონი თბილისს რამდენიმე საათით ესტუმრა, შეხვდა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, პარლამენტის ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებს, სტუდენტებს და ყველას ერთად საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის გასავლელი გრძელი და რთული გზის წარმატებით დაძლევისთვის შრომა, დაუღალავი შრომა ურჩია.

" საქართველოსთვის ნატოს არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, ნატოსთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს არსებობა. ეს ქვეყანა ნატოს ერთ-ერთი საკვანძო პარტნიორია, მაგრამ არც საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა და არც ენერგეტიკულ პროექტებში მისი მონაწილეობა არ არის იმის გარანტი, რომ ამ ქვეყანას ნატოში აუცილებლად მიიღებენ, "- ნატოს გენერალური მდივნის მიერ თბილისში გაკეთებულმა ამ განცხადებამ, ცოტა არ იყოს, დააბნია ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტის განცხადებების მაინც დაიჯერეს და რომლებიც ჯორჯ რობერტსონის თბილისში ვიზიტის დროს ელოდნენ, რომ მსჯელობა ნატოში საქართველოს ფორსირებული წესით გაწევრიანების შესაძლებლობასაც შეეხებოდა. ასე არ მოხდა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განმარტა, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო.

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] "განცხადებას იმაზე, რომ საქართველო სულ მალე, ჰა და ჰა, გახდება ნატოს წევრი, ბატონი რობერტსონი არც გააკეთებდა და ვერც გააკეთებდა. რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, და ეს ჩვენმა სტუმარმაც არაერთხელ აღნიშნა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოს შიგნით - როგორ განვითარდება რეფორმები თავდაცვის სფეროში, ეკონომიკაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში. საქართველო უნდა მომწიფდეს ნატოს წევრობისთვის, - ეს ჩვენი შიდა საქმეა, ერთგვარი საშინაო დავალებაა და ჩვენი შესასრულებელია. "

საშინაო დავალება რთულია, ამდენად, რთული შესასრულებელია. მაგრამ თბილისში ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ ედუარდ შევარდნაძე უწინდებურად ოპტიმისტი დარჩა. მან კიდევ ერთხელ დაუშვა ნატოში საქართველოს სწრაფად, მისი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში, გაწევრიანება.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] " ჩვენ ვიყავით და ვართ მომხრე იმისა, რომ გავხდეთ ნატოს წევრი, გავერთიანდეთ ევროკავშირში. შეიძლება ნატოში გაწევრიანებას მოვესწრო პრეზიდენტობის დროს, ესეც სათუოა, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანებას დასჭირდება 5-6 წელი, შეიძლება ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები. "

ედუარდ შევარდნაძის ასეთ ოპტიმისტურ პროგნოზებს, ბევრმა თუ ვერა, მისმა მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში გელა ჩარკვიანმა გაუგო და აი, რატომ :

[გელა ჩარკვიანის ხმა] " მე მინდა, თავად ლორდ რობერტსონის სიტყვები მოვიყვანო. მას სამიოდე დღის წინ შეეკითხნენ პროგნოზების თაობაზე მოსკოვში და თქვა ასეთი რამ: ის, ვინც აკვირდებოდა ბოლო 15 წლის მანძილზე უშიშროების ლანდშაფტს და იმას, თუ როგორ იცვლებოდა ის, ყველა დარწმუნდა, რომ რეალობა იმდენად სწრაფად იცვლება, წინ უსწრებს ყოველგვარ პროგნოზებსო. მან აქაც აღნიშნა, რომ რეალობა ძალიან შეიცვალა. მოგეხსენებათ, თავად ნატოს რეალობაც შეიცვალა. ის იყო შექმნილი იმისთვის, რომ დაეცვა ევროპა საბჭოთა კავშირისგან, დღეს მისი კონცეფცია სულ სხვაა, რადგან მუქარებია სხვა. მე შეგახსენებთ, რომ რობერტსონმა პრაღის სამიტზე გამოსვლა დაიწყო იმით, რომ ახსენა არასტაბილურობის კოქტეილი და ამ კოქტეილში მოიხსენია კავკასია, შუა აზია, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა. ეს არის ჩვენი მოსაზღვრე რეგიონი. ესე იგი, დღეს საშიშროების ცენტრმა და, მეორე მხრივ, ცენტრმა, რომელთანაც აუცილებელია ნატოს ჰქონდეს არა მარტო კარგი, არამედ ღრმა პარტნიორული ურთიერთობები, გადმოინაცვლა აქეთ და საქართველო გახდა ქვეყანა, რომელიც ნატოს სჭირდება ისე, როგორც არასოდეს დასჭირვებია."

ასეა თუ ისე, რეალობის ცვლილება უსწრებს პროგნოზებს თუ პირიქით, საქართველოს მთავრობამ გასულ კვირაშივე დაიწყო დემონსტრირება იმისა, რომ სურს რთული საშინაო დავალების შესრულება. დაპირებისამებრ, უშიშროების საბჭო შეიკრიბა და ნატოში საქართველოს ინტეგრირების ეროვნული პროგრამა დაამტკიცა. ამ პროგრამის დამტკიცებას, რომელიც ქვეყანაში კომპლექსურ გარდაქმნებს, რეფორმების განხორციელებას და დემოკრატიული პროცესების გაღრმავებას ითვალისწინებს, მოჰყვა მთავრობის სხდომა, რომელზეც ფინანსთა მინისტრისთვის ძალოვანი სტრუქტურების ცუდი დაფინანსების გამო უნდა მოეთხოვათ პასუხი. პასუხი მთელ ეკონომიკურ გუნდს მოსთხოვეს სავალუტო ფონდის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით არსებული პრობლემებისა და ტრადიციული საბიუჯეტო პრობლემების გამო. ამ მხრივ მდგომარეობა არ შეცვლილა. საქართველოს მთავრობას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის დაკარგვის შიში აქვს. ასეთ შემთხვევაში კი მის სასარგებლოდ ვერ გადაწყდება "პარიზის კლუბში" საქართველოს საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხი.

მთავრობა, მართლაც, ძნელი ამოცანების წინაშე დგას. გამოცდა მას სხვადასხვა კუთხით ელის. საზოგადეობას კი - მით უფრო, ხელისუფლების ოპოზიციას, მით უფრო, არჩევნების წინ - შევარდნაძის, მისი მთავრობისა და მის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ძალების აღარაფერი სჯერა. არ სჯერათ არც იმის, რომ პრეზიდენტს სურს რთული საშინაო დავალების იმ უმნიშვნელოვანესი ნაწილის შესრულება, რომელიც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უკავშირდება.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "არჩევნები უნდა ჩატარდეს უმაღლეს დონეზე, ყოველგვარი გაყალბების გარეშე, ყოველგვარი მოსყიდვების გარეშე. მე იმდენად გაყალბება კი არ მაფიქრებს, ყველაზე საშიში არის მოსყიდვა. ამომრჩევლის მოსყიდვა. ამ მხრივ, ხელისუფლებიდან უფრო მართვადია პროცესი. მე არ ვიკადრებ ფული მივცე ვინმეს და, თუ მე არ ვიკადრებ, არც ჩემი ხელქვეითები იკადრებენ ამას."

საყურადღებო იყო, რომ არჩევნების გაყალბების საშიშროებაზე საუბრისას პრეზიდენტმა საშიშროების მატარებლებად საქართველოში გაჩენილი ფულიანი ადამიანები მოიხსენია, იმ შემთხვევაში, თუ ისინი იკადრებენ პოლიტიკური ინტერესებით ფულის დაბანდებას. არჩევნების წინ კი პოლიტიკით დაინტერესებულებისთვის უკადრებელი არაფერია. ვინ რა შეიძლება იკადროს ამ არჩევნების წინ ან რა შეიძლება იკადროს და რა არა თავად პრეზიდენტმა, გასულ კვირაში აქტუალური თემა იყო. ყოფილმა თანაგუნდელმა ზურაბ ჟვანიამ ედუარდ შევარდნაძეს წაუყენა ბრალდება, რომ უშუალოდ ის უდგას სათავეში ოპოზიციის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბინძურ კამპანიას.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში გაკეთებულმა მინიშნებებმა, პრეზიდენტის მიერ დასმულმა აქცენტებმა აშკარა გახადა, რომ ამ ყველაფერს სათავეში უდგას უშუალოდ ის, საქართველოს პრეზიდენტი."

ჟვანიას მიერ ნახსენები პრეზიდენტის მინიშნებები კი იყო პასუხი ოპოზიციიდან წამოსულ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, არჩევნების ჩაშლის მიზნით შევარდნაძე საგანგებო მდგომარეობას შემოიღებს. პრეზიდენტმა ამ ვერსიას თითიდან გამოწოვილი უწოდა, დესტაბილიზაციის მცდელობაში, პირიქით, ოპოზიცია დაადანაშაულა, პარლამენტში რჩეულიშვილის ცემის ფაქტიც დაგმო და რჩეულიშვილმაც, ბოლოს და ბოლოს, აღიარა, ვის მიერ ნასროლმა საგანმა გაუტეხა თავი:

[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] " დასამალი რა არის, ბარამიძის ნასროლი ამცდა და მაჭავარიანის ნასროლი მომხვდა. ამას მნიშვნელობა არა აქვს, ორივემ ხომ თავისი საქმე გააკეთა. ხომ ისროლეს - ერთმა საფერფლე და მეორემ ჭიქა. "

გენერალური პროკურატურა აპირებს პარლამენტს საფერფლის და ჭიქის მსროლელი დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართოს.
ცალკეული ექსპერტები კი არჩევნებისთვის გაცილებით საშიშ სროლებს ვარაუდობენ. არჩევნებისთვის მოსალოდნელმა დესტაბილიზაციის აჩრდილმა აჭარის ლიდერიც აალაპარაკა. ოპოზიციური ძალების სხვადასხვა წარმომადგენელთა მსგავსად, ხელი მანაც შევარდნაძისკენ გაიშვირა, თუმცა "ახალი მემარჯვენეების" წინადადება, რომელიც დემოკრატიული არჩევნებისთვის ოპოზიციური პოლიტიკური ძალების კოორდინირებულ მოქმედებას ითვალისწინებს, არ მიიღო. ძალები, რომლებმაც თავისუფალი ეკონომიკური ზონების შემოღებას მხარი არ დაუჭირეს, აბაშიძემ ფსევდოოპოზიციურ ძალებად მოიხსენია და მათთან რაიმე თანამშრომლობაზე საბოლოო უარი თქვა.

[ასლან აბაშიძის ხმა] " მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ მან სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. უნდა დაუსვას თავის თავს შეკითხვა, რა გააკეთეს ძალებმა, რომლებიც ასე ჯიქურ ებრძვიან დღევანდელ ხელისუფლებას, ესე იგი, საკუთარ თავს. ისინი საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვიან, ისინი არ შეცვლილან. "

მაგრამ ვინ არ იბრძვის საკუთარი ინტერესებისთვის ან ვის არ უბრძოლია ამ ინტერესებისთვის? არსებულ პოლიტიკურ სპექტრში შეუძლებელია ასეთი ძალის დასახელება და, მართლაც, რა უნდა ქნას ამომრჩეველმა, როგორ უნდა უპასუხოს შეკითხვას, რა უნდათ ამ ადამიანებს, რისთვის იბრძვიან ან როდემდე აპირებენ ბრძოლას საკუთარი ინტერესებისთვის? მას წინ რთული არჩევნები, მანამდე კი პოლიტიკური ძალების უკომპრომისო და დაუნდობელი ბრძოლის თვალყურის დევნება ელის, ხელისუფლებას კი - გამოცდა, რომელში ჩაჭრაც ქვეყნის სერიოზული უკანდახევის ტოლფასი იქნება. გასულ კვირაში თავად პრეზიდენტს მოუხდა განმარტება იმისა, რომ ნოემბრის არჩევნების გაყალბება იქნება დარტყმა, რომლის გამოსწორებასაც წლები დასჭირდება. ასეთ შემთხვევაში ევროპულ სტრუქტურებს საქართველო კიდევ უფრო დაშორდება, მაგრამ ხელისუფლებას არ შესწევს უნარი დაგვარწმუნოს, რომ ეს ასე არ მოხდება.
XS
SM
MD
LG