Accessibility links

logo-print

სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების პრობლემა საქართველოში


თანამედროვე პოლიტიკურ ლექსიკონში

მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო-პოლიტიკური და დემოკრატიული კონტროლის ცნებებს. ამასთან, დემოკრატიული კონტროლის პრინციპის დამკვიდრება ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენს. სწორედ სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობათა მდგომარეობას ეძღვნება დღევანდელი ყოველკვირეული პროგრამა "ჯარისკაცი და სახელმწიფო".

მაისის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ დებულებას, რომელმაც შეიარაღებულ ძალებში მოძღვრის(კაპელანის) ინსტიტუტის დანერგვას საკანონმდებლო საფუძველი უნდა მოუმზადოს. თუმცა არსებობს წინასწარი გეგმა, რომლის თანახმად, კაპელანები, სამხედრო ნაწილების გარდა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში იმუშავებენ. ამ ჩანაფიქრის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ოფიციალური განცხადება "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით მომზადებული მეორე ქართული ქვედანაყოფის გამოშვების საზეიმო ცერემონიალზე გააკეთა.

[ილია მეორის ხმა] "ასევე მე მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს ეკლესია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კაპელანთა ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში და საქართველოს ეკლესიის კაპელანები დიდ ყურადღებას მიაქცევენ ჩვენი ჯარის სულიერ, ფიზიკურ და კულტურულ ჩამოყალიბებას."

მიუხედავად იმისა, რომ კომისიას ერთი წლის განმავლობაში მოუწევს საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურისტების მონაწილეობით, უკვე ამთავითვე ცხადია, რომ კაპელანთა პირველი ნაკადი მართლმადიდებელ მოძღვართაგან დაკომპლექტდება და ისინი მთლიანად მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელზე იქნებიან დამოკიდებულნი. შეიარაღებულ ძალებთან ჯერ კიდევ 1998 წლის 23 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს მართლმადედებელი ეკლესია ვალდებულებას იღებს იზრუნოს სამხედრო სამსახურის პრესტიჟის განმტკიცებაზე მოსახლეობაში, რაც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებისთვის კარსმომდგარი საგაზაფხულო გაწვევის დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

მოსახლეობაში სამხედრო-პატრიოტული თემატიკის წარმოჩენისა და სამხედრო-სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის ინიციატივით გასულ კვირაში გამოვიდა კიდევ ერთი ორგანიზაცია, "ქართული ლიგა", რომელიც ვეტერანთა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას და ინტელიგენციის წარმომადგენლებს აერთიანებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმით, რომელიც ასევე "წვრთნისა და აღჭურვის" მორიგი ფაზის დამთავრებას დაემთხვა, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან, რაც პირველი შემთხვევაა სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ისტორიაში. როგორც მემორანდუმის გაფორმების შემდეგ რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა, ვეტერანთა ეს ინიციატივა არმიაზე დემოკრატიული-სამოქალაქო კონტროლის კომპონენტს წარმოადგენს.

[დავით თევზაძის ხმა] "ეს შექმნის იმ ფონს საზოგაგადოებაში, რომელიც, პრინციპში, რეალურად დეფიციტია საქართველოში. ეს ერთი. და, ამ მხრივ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრესტიჟსაც შეჰმატებს არმიასაც და იმ ადამიანებსაც, რომლებმაც თავის ჯანმრთელობა მისცეს ქვეყანას."[სტილი დაცულია]

მემორანდუმის მიხედვით, თავდაცვის სამინისტრო და "ქართული ლიგა" ერთობლივად იმუშავებენ ომის ვეტერანთა და სამხედრო ძალებიდან დათხოვნილ პირთა დასაქმებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებაზე, რისთვისაც დახმარების ფონდი ჩამოყალიბდება. გაერთიანებული ძალისხმევით მოხდება, აგრეთვე, წვევამდელ ახალგაზრდებთან მუშაობა. მაგრამ ეს იქნება არა პროპაგანდისტული კამპანია, არამედ წვევამდელი ახალგაზრდობისთვის შემუშავდება კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამები, ორგანიზებული იქნება სამხედრო-პატრიოტული თამაშები და შეიქმნება ახალგაზრდული "სკაუტური" მოძრაობა.

რაც შეეხება სამხედრო-პატრიოტული თემატიკის წარმოჩენას და ცნობილი ქართველი მხედრების პოპულარიზებას, აქ მემორანდუმის ინიციატორი ვეტერანები ფიქრობენ იმუშაონ პრინციპით: არავინ და არაფერია დავიწყებული. თუმცა, რაკი ისტორიული უსამართლობის მსხვერპლი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ქართველი არმიის მხედართმთავრები არიან, თავდაპირველად "ქართული ლიგა" ამ ვაკუუმის შევსებას შეეცდება.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა აღინიშნოს, რომ უახლოეს ხანში თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში ცნობილი ქართველი მხედართმთავრის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმის ამოქმედება იგეგმება. მით უფრო, რომ, როგორც ჩვენთან საუბარში "ქართული ლიგის" პრეზიდენტმა გიორგი ყარყარაშვილმა განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება 1991 წელს უკვე მიღებული ყოფილა იმდროინდელი თბილისის მთავრობის მიერ.

[გიორგი ყარყარაშვილის ხმა] "აღმოჩნდა, რომ ამ სახლში იზრდება მაზნიაშვილის შთამომავალი, ღირსეული ახალგაზრდა, რომელმაც მთელი ამ წლების მანძილზე სრულად მოაგროვა ის მასალები, რომელიც დაკავშირებული იყო გენერალ მაზნიაშვილის სახელთან. იყო პრობლემა, რომ ამ სახლში პირველ სართულზე არის საბავშვო ბაღი, რომელიც საპრივატიზაციო ნუსხაში აღმოჩნდა შეტანილი. ამოვიღეთ ეს საბავშვო ბაღი საპრივატიზაციო სიიდან. შემდეგ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ სახსრების მოძიებას ამ შენობის გასათავისუფლებლად."

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის შთამომავალსა და მის საცხოვრებელ სახლში დაცულ ისტორიულ რელიკვიაზე ერთ-ერთ უხლოეს გადაცემაში დაწვრილებით ვისაუბრებთ. მანამდე კი შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-12 წლისთავზე გააქტიურებული სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთოებები საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ არმია მისსავე სასარგებლოდ, ბოლოს და ბოლოს, უარს ამბობს ტრადიციულ კარჩაკეტილობაზე, ხოლო საზოგადოებას ნელ-ნელა უბრუნდება საკუთარი სამხედრო ძალებისადმი ნდობა.
XS
SM
MD
LG