Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სამხატვრო დარბაზების მესვეურები


თბილისის სამხატვრო დარბაზების მესვეურები

სიტყვაძუნწი ხალხია, ამიტომ თავიანთ სათქმელს მოკლედ და პირდაპირ აყალიბებენ. მაგალითად, განსხვავებით ჟურნალისტებისგან, რომელთა უმრავლესობა არასდროს იტყვის, რომელ პოლიტიკურ ძალას ემსახურება ან რომელი პარტია დგას ამა თუ იმ გაზეთის თუ ტელეარხის მიღმა, საქართველოს დედაქალაქის სამხატვრო დარბაზებში არავინ დაგიმალავთ, თუ რომელ მხატვარს ან მხატვართა რომელ ჯგუფს უწევენ აქ პროპაგანდას. რა თქმა უნდა, სამხატვრო დარბაზების მფლობელებს ცხოვრება უნდათ, ამიტომ საეჭვოა, უარით გაისტუმრონ მხატვარი, რომელიც მათ გამოფენის მოწყობისთვის შესაბამის თანხას გადაუხდის. მაგრამ ზოგიერთი ჩვენი ეგრეთ წოდებული "დამოუკიდებელი" გაზეთისა თუ ტელეარხის მესვეურებისგან განსხვავებით, თბილისის გალერეების მეპატრონეები რეპუტაციას უფრთხილდებიან და ცდილობენ იმ მხატვარს მოუწყონ გამოფენა, რომელსაც ნიჭიერად მიიჩნევენ. მართალია, საქართველოს დედაქალაქში სამხატვრო დარბაზი უფრო მეტია, ვიდრე ძალიან ნიჭიერი მხატვარი, ეს ტენდენცია დედაქალაქის მხატვრული სივრცის მრავალფეროვნებას ქმნის და სახვითი ხელოვნების მოყვარულს საშუალებას აძლევს თავად გააკეთოს არჩევანი: მან უკვე იცის, რომელი გალერეა როგორი მხატვრობის, როგორი სტილის პოპულარიზაციას ეწევა. მაგალითად, ჟურნალ "ომეგას" საგამოფენო დარბაზის სტუმარი თითქმის ყოველთვის დარწმუნებულია, რომ აქ იხილავს არა "კონტრკულტურულ", არამედ "კულტურულ" მხატვრობას, იმ ხელოვანთა ნამუშევრებს, რომლებიც ცდილობენ გააფართოონ სახვითი ხელოვნების საზღვრები, მაგრამ არა თქვან უარი ტრადიციულ მხატვრულ ფორმებზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესაა "ტრადიციონალისტ-ნოვატორთა" გალერეა, რაც ძალიან კარგად ჩანს "ომეგას" ახალ ექსპოზიციაზე - ოთარ ჩხეიძის რომანის "2001 წლის" ილუსტრაციების გამოფენაზე. გაგახსენებთ, რომ თანამედროვე ქართული პროზის კლასიკოსის ეს ნაწარმოები თავდაპირველად გაზეთმა "ჩვენი მწერლობა" 13 ნაწილად დაყო. ყოველი მათგანი დაასურათა სხვადასხვა თაობის, სტილის მხატვარმა. ალბათ, ერთადერთი, რაც ამ გამოფენაზე წარმოდგენილ ილუსტრატორებს - დიმიტრი ერისთავს, ზურაბ ნიჟარაძეს, ლევან ცუცქირიძეს და სხვებს, ცამეტივე მხატვარს - აერთიანებს, ლიტერატურის სიყვარული და სახიერი, არასწორხაზოვანი, შეგვიძლია ასეც ვთქვათ, "არაილუსტრატიული" აზროვნებაა. როგორც ყოველთვის, "კინემატოგრაფიულია" დიმიტრი ერისთავის გრაფიკა, მონუმენტურ-ფრესკული - ლევან ცუცქირიძე, ზომიერად მანერული - ლორეტა შენგელაია-აბაშიძე, დეკორატიული - ვახტანგ მეგრელიშვილი, ერთგვარი "შავი იუმორით" დატვირთული - ინგა მილორავა. "ომეგას" პატარა დარბაზში თითქოს შეიქმნა რაღაც კრებითი სახე ჩვენი დღევანდელი რეალობისა, ისე, როგორც გამოხატულია ეს რეალობა ოთარ ჩხეიძის ნაწარმოებში. ამიტომ ამ გამოფენის ნახვის შემდეგ ხელოვნების მოყვარულებს აუცილებლად გაუჩნდებათ ჩხეიძის რომანის წაკითხვის სურვილი, რაც, არსებითად, უნდა ყოფილიყო კიდეც "ომეგას" მესვეურთა მთავარი მიზანი.

მაგრამ, სამწუხაროდ, დედაქალაქის ყველა გალერეა ვერ ახერხებს მოაწყოს გამოფენა, რომელიც ერთდღიან, თუ გნებავთ, "მრავალდღიან" ეფექტს არ შექმნის, მოაწყოს "კონცეფტუალური ექსპოზიცია".

"კონცეფცია" - ეს სიტყვა მრავალჯერ გაიმეორა ჩვენთან საუბარში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაკა დვალიშვილმა. მან ამ დღეებში საკმაოდ ორიგინალური, საკმაოდ გრანდიოზული პროექტი გააცნო ხელოვნების მოყვარულებს. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით, სულ მალე საქართველოში მოეწყობა სახვითი ხელოვნების ფესტივალი-კონკურსი, რომელმაც წლის საუკეთესო გამოფენა უნდა გამოავლინოს. ისე, მართლაც, უცნაურია, რომ ეს იდეა აქამდე არავის მოუვიდა თავში - საქართველოში ეწყობა არაერთი მუსიკალური კონკურსი, კინო და თეატრალური ფესტივალები, ახლა უკვე ლიტერატურული კონკურსიც... არადა, კულტურის ჩამოთვლილი დარგებისგან განსხვავებით, ქართულ სახვით ხელოვნებას კრიზისი თითქმის არ შეჰხებია, სამხატვრო დარბაზები კი, როგორც მოგახსენეთ, ბლომად გვაქვს. მაკა დვალიშვილის თქმით, ასეთი ფესტივალი, ე.ი. არა უბრალო ბიენალე, არამედ კონცეფციების, გამოფენების კონკურსი, მსოფლიოში არსად ტარდება. ქალბატონი მაკა იმასაც ამბობს, რომ გალერეების სიმრავლე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საგამოფენო დარბაზებს მაყურებელი ბევრი ჰყავს. ჩვენთან საუბარში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი შეერთებულ შტატებში ქართული ეროვნული საგანძურის გამოფენის ჩაშლასაც იხსენებს:

[მაკა დვალიშვილის ხმა] "საერთოდ, მკვდარია ეს დარგი. სამარცხვინო ფაქტი რომ მოხდა გამოფენის ჩაშლის, ეს იმას მოწმობს, რომ ჩვენი საზოგადოება მთლიანად მოწყვეტილია იმას, რასაც ჰქვია საგამოფენო სივრცე... ყველა გალერეა მუშაობს უშუალოდ ან მხატვარზე, ან შემოქმედზე - არა თვითონ გამოფენის კონცეფციაზე, არამედ შემოქმედის კონცეფციაზე."

მაკა დვალიშვილი არ უარყოფს, რომ ფესტივალზე უპირატესობა ექნებათ იმ კონკურსანტებს, რომლებიც გამოფენას სანახაობად ან შოუდ გადააქცევენ. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ჩვენმა მხატვრებმა კარგად იციან ექსპოზიციის მოწყობა, მაგრამ, როგორც წესი, უჭირთ წარმოაჩინონ კონცეფცია. იმისათვის, რომ მხატვრული ცხოვრება საქართველოში ელიტარულობისგან განთავისუფლდეს და უფრო მასობრივი გახდეს, მაკა დვალიშვილის აზრით, აუცილებელია ექსპოზიციების მოწყობის პროცესში მოვიწვიოთ ხელოვნების განსხვავებულ სფეროში ჩართული ადამიანები:

[მაკა დვალიშვილის ხმა] "აქ შეიძლება რეჟისორიც მონაწილეობდეს ექსპოზიციის წარმოდგენაში. ის ნახევარი საათი, რომელიც გატარებული იქნება დარბაზებში, უნდა უდრიდეს იმას, რომ, ვთქვათ, მხატვრული ფილმი ნახონ ან სპექტაკლი ნახონ."

თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსი არ მოიცავს მხოლოდ თბილისის მასშტაბებს. ერთი წლის მანძილზე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ხელოვნების ცენტრის დარბაზებში საქართველოს ყველა რეგიონის მხატვრებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი საგამოფენო კონცეფცია. კონკურსის ორგანიზატორის თქმით:

[მაკა დვალიშვილის ხმა] "ამ კონკურსის მიზანი არ არის ის, რომ მხოლოდ გამოცდილმა მხატვრებმა უჩვენონ თავიანთი კონცეფცია... საქართველოს ყველაზე მიყრუებულ სოფლებშიც უნდა შევიდეს ამ გამოფენის იდეა... ვაპირებთ, ყველა რეგიონში, სადაც გავრცელდება ჩვენი იდეა, ჩავიდეთ, მივეხმაროთ კონცეფციის ასახვაში."

კონკურსში ყველა მსურველი მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ჟიური ათ საუკეთესო გამოფენას გამოავლენს. კონკურსის ნომინაციებია "საუკეთესო იდეა", საუკეთესო ექსპოზიცია, საუკეთესო მენეჯმენტი, საუკეთესო ეკონომიკური განხორციელება (ფონდების მოძიება) და მთავარი პრიზი - "წლის საუკეთესო გამოფენა". ყველა პრემია ფულადია. მთავარი პრიზისთვის ათასი ამერიკული დოლარია გამოყოფილი. თითოეული კონკურსანტი უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი სივრცითი პირობებითა და საწყისი ფინანსური ბაზით სარეკლამო, ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად. მონაწილეებს რეგიონებიდან დამატებით დაეფარებათ ტრანსპორტირების ხარჯი. როგორც ფესტივალი-კონკურსის ორგანიზატორმა, ხელოვნებათმცოდნე მაკა დვალიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა:

[მაკა დვალიშვილის ხმა] "მიზანი არის, საზოგადოებამ მეტი ყურადღება მიაქციოს კულტურას და გააქტიურდეს არა მარტო როგორც მაყურებელი, არამედ თანამონაწილე. ნომინაციების გამოვლენაში მაყურებელი მიიღებს მონაწილეობას. ტელეგადაცემაში იქნება ინტერაქტიული გამოკითხვა, შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც ყველა მაყურებელს საშუალება ექნება ქულა მისცეს კონკრეტულ გამოფენას."

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტს უკვე დაუჭირა მხარი საქართველოს კულტურის სამინისტრომ, თბილისის მერიის კულტურის სამსახურმა, ბიზნესმენებმა, გამოჩნდნენ საერთაშორისო დონორები. ახლა მთავარია მსოფლიოში პირველ "საგამოფენო კონკურსს" ქართული მედიაც გამოეხმაუროს. ფესტივალი "წლის საუკეთესო გამოფენა" ხომ სწორედ ის კონკურსია, რომლის უკან პოლიტიკური ძალები არ დგანან.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG