Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი მემარჯვენეების ადგილი საარჩევნო სპექტრში


ახალი მემარჯვენეების პარტია ოპოზიციის ერთ-ერთი ძლიერი სეგმენტია. პარტიის ლიდერები მწვავედ აკრიტიკებენ არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას,

არამედ - პირადად პრეზიდენტსაც. და მაინც, საჯარო პოზიციის მიუხედავად, პარტიის წინასაარჩევნო ნაბიჯები რამდენიმე შეკითხვას ბადებს.

რამდენიმე დღის წინ ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე ფიქრობს. ეს განცხადება საკმაოდ მოულოდნელად გაისმა და პრესის მხრიდან შეფასდა, როგორც უსაფუძვლო, ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე ეტაპზე. სამაგიეროდ, თავად "ახლებმა" პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შეტანა გადაწყვიტეს. პროექტის თანახმად, პრეზიდენტს უნდა აეკრძალოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პარლამენტის ორი მესამედის თანხმობის გარეშე.

გამოდის, ახალი მემარჯვენეები ცდილობენ, ამჟამინდელ პარლამენტს, რომელსაც საერთოდ უჭირს გადაწყვეტილების მიღება, მიაღებინონ პრეზიდენტის უფლებების შემზღუდველი კანონპროექტი, თანაც 157 ხმით. ცხადია, ასეთი ინიციატივა თავიდანვე განწირულია და "ახლებს" არ შეიძლება ჰქონდეთ მისი განხორციელების არათუ იმედი, ილუზიაც კი. პოლიტიკაში, თანაც არჩევნების წინ, ასეთი სერიოზული შეცდომები მხოლოდ ნებაყოფლობით ხდება და არა შემთხვევით. მით უმეტეს, რომ პრეზიდენტი უყურადღებოდ არ ტოვებს ახალი მემარჯვენეების განცხადებას და თავისი უარყოფითი კომენტარით კიდევ მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საგანგებო მდგომარეობის შემოღების საკითხს.

შეიძლება ითქვას, რომ "ახლებსაც" და პრეზიდენტსაც ხელს აძლევს საგანგებო მდგომარეობაზე საუბარი და ამ თემისკენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ეს კი მხოლოდ იმას შეიძლება სჭირდებოდეს, ვინც წინასწარ იცის, რას გეგმავს სამომავლოდ.

პოლიტიკაში საჯარო განცხადებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი კულუარული კავშირები და ჩრდილოვანი შეთანხმებებია. გავიხსენოთ, რომ სწორედ ლევან გაჩეჩილაძე დაჟინებით მოუწოდებდა პრეზიდენტს, მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტიდან გადამდგარიყო. მაშინ ეს ფუჭ მოწოდებად და პოლიტიკურ შეცდომად ფასდებოდა, მაგრამ შემდეგ დადასტურდა, რომ პრეზიდენტის გეგმა სწორედ ამ ნაბიჯს გულისხმობდა.

დღეს ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ მას დასაკარგი არაფერი აქვს და ამიტომ ხელისუფლების შეცვლისთვის თავდადებით იბრძოლებს. ასეთი პოზიცია არაგულწრფელი მოეჩვენება ყველას, ვინც იცის, რა ფრთხილად ეკიდებოდნენ "ახლები" პრეზიდენტთან ურთიერთობას წლების განმავლობაში, სწორედ იმიტომ, რომ მათ სხვებზე მეტი ჰქონდათ და აქვთ დასაკარგი.

აქვე გავიხსენოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც სახელისუფლო რესურსის დიდი ნაწილი წარმატებით აითვისეს სწორედ "ახლებმა", განსაკუთრებით - რეგიონებში. ასეთი რამ კი ხელისუფლების ღია ან ფარული ნებართვის გარეშე არ ხორციელდება.

გავიხსენოთ ისიც, რომ ნატოსთან ურთიერთობა, რასაც სახელმწიფო სტრატეგიულ მიმართულებად აცხადებს, პოლიტიკურ სპექტრში სწორედ "ახლების" მონაპოვარი ხდება.

ყურადღების შეჩერება შეიძლება იმ ფაქტზეც, რომ ლეიბორისტები, რომლებიც, პრესის ვერსიით, შემჩნეული არიან ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში, ოპოზიციური სპექტრიდან საერთო ენას მხოლოდ "ახლებთან" პოულობენ, თუნდაც - თბილისის საკრებულოში.

და ბოლოს, უმთავრესი: "ახლების" მიმართ ყველაზე მეტ ეჭვს აღძრავს ის ფაქტი, რომ სწორედ ეს პარტია შლის ოპოზიციური ძალების გაერთიანებას. დავით გამყრელიძე მუდმივად აცხადებს, რომ ახალი მემარჯვენეების პარტია არჩევნებზე დამოუკიდებლად გამოვა. ეს კი აფერხებს და მნიშვნელობას უკარგავს დანარჩენი ძალების კონსულტაციებს. ის რეალობა, რომ სახელისუფლო პარტიები არჩევნებში ერთ ბანაკად გამოვლენ, ოპოზიცია კი დანაწევრებულად, ხელს აძლევს პირადად ედუარდ შევარდნაძეს. ასე რომ, ახალ მემარჯვენეებს საზოგადოებისთვის კიდევ ბევრი პოლიტიკური სიურპრიზის შეთავაზება შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG