Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში მომხდარმა ახალმა ტერაქტმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას


ანდრო ეული, პრაღა აშშ-მა მძაფრად დაგმო კვირას დილით მომხდარი მორიგი თავდასხმა იერუსალიმში, როცა თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტობუსში აიფეთქა თავი, რის შედეგადაც დაიღუპა შვიდი, ხოლო ოცზე მეტი ადამიანი დაიჭრა.

მეორე ტერორისტმა ქალაქის შემოგარენში აიფეთქა თავი, მაგრამ არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით ისრაელის მთავრობამ "მთლიანად გადაკეტა" საზღვარი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირთან და ღაზის სექტორთან, ხოლო პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა გადადო თავისი ვიზიტი ვაშინგტონში, რომელიც სამშაბათისთვის იყო დაგეგმილი.


ამ ტერორისტულ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე მოლაპაკება გაიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონსა და მის პალესტინელ კოლეგას, მაჰმუდ აბასს შორის. ეს უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა იყო მხარეებს შორის განვლილი თითქმის სამი წლის მანძილზე. განხილულ იქნა "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა გაეროს, ევროკავშირსა და რუსეთთან ერთად. მაგრამ შარონმა და აბასმა ამ სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციების დაახლოება ვერ შესძლეს.

გასული კვირის ბოლოს ქალაქ იერიქონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან შეხვედრის შემდეგ მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ მისთვის მისაღებია "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმა. ამ გეგმის თანახმად როგორც ისრაელის, ასევე პალესტინელთა მხრიდან ბოლო უნდა მოეღოს ყოველგვარ ძალადობას, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უნდა შეწყდეს ებრაულ ახალდასახლებათა მშენებლობა, რასაც პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსება მოჰყვება 2005 წელს.

მაგრამ არიელ შარონმა, რომელიც გასულ კვირაში შეხვდა კოლინ პაუელს იერუსალიმში, უარყო სამშვიდობო გეგმა ამჟამინდელი სახით, და განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბუშთან სურს მოლაპარაკება სამშვიდობო გეგმაში აუცილებელი შესწორებების შეტანის თაობაზე. არიელ შარონს მიაჩნია, რომ ვიდრე ისრაელი წავიდოდეს რაიმე დათმობაზე, პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობამ, ერთხელ და სამუდამოდ, ბოლო უნდა მოუღოს რეგიონში ყოველგვარ ძალადობას.

კვირას დილით იერუსალიმში მომხდარ თავდასხმაში ისრაელის მთავრობამ პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი იასირ არაფატი დაადანაშაულა. ისლამისტ ექსტრემისტთა დაჯგუფება "ჰამასმა" თავის თავზე აიღო ამ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა, და თან განაცხადა, რომ მისმა წევრმა მოაწყო შაბათს აფეთქება ქალაქ ჰებრონში, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რის შედეგადაც ებრაელი მოსახლე და მისი ორსული მეუღლე დაიღუპნენ.

ვაშინგტონში, ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანმა წევრმა ჩაკ ჰაგელმა პრეზიდენტ ბუშს მოუწოდა უფრო აქტიურად ჩაებას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში, რომელიც კიდევ უფრო გართულდა განახლებული ძალადობის გამო.

ორშაბათს დილით, პალესტინელმა თვითმკვლელმა-ტერორისტმა ისრაელის სამხედრო საგუშაგოზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. 3 ისრაელი ჯარისკაცი დაიჭრა. ამასობაში იერუსალიმში დააპატიმრეს "ჰამასის" 8 აქტივისტი, რომლებსაც, ისრაელის სადაზვერვო უწყების მონაცემებით, მძევლების აყვანა ჰქონდათ განზრახული პალესტინელ პატიმრებზე გაცვლის მიზნით.
XS
SM
MD
LG