Accessibility links

logo-print

აშშ-ის ფედერალური უწყების საანგარიშო მოხსენება მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ


ანდრო ეული, პრაღა გასულ კვირაში ვაშინგტონში, აშშ-ის ფედერალურმა უწყებამ - "კომისიამ მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ" გამოაქვეყნა ყოველწლიური საანგარიშო მოხსენება, რომელშიც ავღანეთი

და საუდის არაბეთი რელიგიის თავისუფლების ყველაზე მიუტევებელ დამრღვევებად არიან მოხსენიებული, ხოლო რუსეთსა და ბელორუსიაში, როგორც მოხსენების ავტორებს მიაჩნიათ, რელიგიის თავისუფლებას სერიოზული საფრთხე ემუქრება.


2001 წლის სექტემბერში ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ ანტიტერორისტულ ოპერაციაში დახმარების სანაცვლოდ ურთიერთობა გააუმჯობესა მრავალ ავტოკრატიულ რეჟიმთან, მაგალითად, უზბეკეთთან და პაკისტანთან.

როგორც რელიგიის თავისუფლების შესახებ შეერთებულ შტატებში შექმნილი ფედერალური კომისიის თავმჯდომარეს ფელიჩე გაერს მიაჩნია, ვაშინგტონი არ უნდა წასულიყო კომპრომისზე ავტოკრატიულ რეჟიმებთან.

ხსენებულმა კომისიამ, რომელიც რეკომენდაციებს აწვდის რეგულარულად კონგრესსა და თეთრი სახლის ადმინისტრაციას, გასული წლის მარტში გამოქვეყნებულ საანგარიშო მოხსენებაში ჩინეთი, ირანი, ერაყი, სუდანი და ბირმა მიაკუთვნა იმ სახელმწიფოთა კატეგორიას, სადაც განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა რელიგიის თავისუფლების მხრივ.

თავის უკანასკნელ საანგარიშო მოხსენებაში კომისია "ღრმა იმედგაცრუებას" გამოთქვამს იმის გამო, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ყურად არ იღო რელიგიის თავისუფლების ფედერალური კომისიის რეკომენდაცია, რომ ინდოეთი, ლაოსი, პაკისტანი, საუდის არაბეთი, თურქმენეთი და ვიეტნამი, "განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობის" კატეგორიაში ყოფილიყვნენ მოხსენიებული.

საანგარიშო მოხსენებაში რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის ეგვიპტე, ინდონეზია, ნიგერია და უზბეკეთი მოხსენებულია ეგრეთ წოდებულ "სათვალთვალო სიაში", ვინაიდან ამ ქვეყნებში, როგორც მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაზე ხელისუფლება თვალს ხუჭავს. ამასთან დაკავშირებით რელიგიის თავისუფლების კომისია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, განაგრძოს მეთვალყურეობა, კვლავაც მოხდება თუ არა ხსენებულ ქვეყნებში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა.

აშშ-ის მოკავშირეებიდან, კომისიას საუდის არაბეთი და ავღანეთი მიაჩნია რელიგიის თავისუფლების ყველაზე მიუტევებელ დამრღვევებად. კომისიის წევრი ლეილა ნადია სადათი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თალიბების დროს შექმნილი ზნეობის სამინისტრო, რომელიც წამებასა და სიკვიდილით დასჯას არ ერიდებოდა, რათა ისლამის თალიბანისეული ინტერპრეტაცია, ანუ შარიათის კანონის უზენაესობა დაემკვიდრებინა ქვეყანაში, არსებითად არ შეცვლილა.

როგორც ლეილა სადათმა განაცხადა, ზოგიერთი მოსამართლის თანხმობით ხდება ავღანეთში არამაჰმადიანთა წამება და კიდურების მოკვეთა [ლეილა ნადია სადათის ხმა]: "ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რათა ავღანეთში დამყარდეს რეჟიმი, რომელიც შესაძლოა გახდეს თითქმის ისეთივე რეპრესიული, როგორიც თალიბანი იყო, განსაკუთრებით რელიგიის თავისუფლების მიმართ. და ეს, ჩვენი რწმენით, შეერთებული შტატების მთავრობის თანხმობითა და, ზოგიერთ შემთხვევაში, თანადგომითაც ხდება".

კომისია ურჩევს პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას, მხარი დაუჭიროს წინადადებას, რომ მრავალეროვანი სამშვიდობო ძალები არა მარტო ქაბულსა და მის მიმდებარე დასახლებებში, არამედ ავღანეთის მთელს ტერიტორიაზე განთავსდნენ, რაც უშიშროების ინტერესებს მოემსახურებოდა. კომისია ასევე მოუწოდებს ვაშინგტონს, ამთავითვე უზრუნველყოს, რომ ავღანეთის ახალი კონსტიტუციით სავსებით იყოს გარანტირებული მოქალაქეობრივ უფლებათა დაცვა, და რომ ქვეყანაში რადიკალურად შეიცვალოს სასამართლო სისტემა.

რაც შეეხება საუდის არაბეთს, რელიგიის თავისუფლების კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მაიკლ იანგის თქმით, ვაშინგტონის მოკავშირე ამ არაბულ სახელმწიფოში რელიგიის თავისუფლებაზე ზედმეტია საერთოდ საუბარი.

რელიგიის თავისუფლების კომისიის საანგარიშო მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გაუმართლებელი იქნებოდა რაღა თქმა უნდა რუსეთის დაყენება ავღანეთისა და საუდის არაბეთის გვერდით, თუმცა მოსკოვი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას ქვეყანაში რელიგიის სრული თავისუფლების უზრუნველყოფის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ რუსეთში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი გაკეთდა. როგორც ხსენებული კომისიის წევრი ფირუზ ყაზემზადე აღნიშნავს, რუსეთში მცხოვრები კათოლიკეები, ებრაელები და პროტესტანტები აშკარა დისკრიმინაციას განიცდიან ხელისუფალთა მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ, რუსეთის კონსტიტუციით, ქვეყანაში რელიგიის სრული თავისუფლებაა გარანტირებული.

რელიგიის თავისუფლების კომისიის საანგარიშო მოხსენებაში ბელორუსია "ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმადაა" მოხსენიებული მთელს ევროპაში. კომისია შეერთებულ შტატებს მოუწოდებს დიპლომატიური ზეწოლის მეშვეობით შეეცადოს ბელორუსიაში ადამიანის უფლებების, მათ შორის რელიგიის თავისუფლების დაცვას.
XS
SM
MD
LG