Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

24 მაისს მსოფლიო მუსიკალური საზოგადოება


24 მაისს მსოფლიო მუსიკალური საზოგადოება

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბჭოთა კომპოზიტორის, არამ ხაჩატურიანის, დაბადების მეასე წლისთავს აღნიშნავს. ხაჩატურიანს გაიხსენებენ საქართველოშიც. სახელგანთქმული ბალეტების -"სპარტაკის", "გაიანეს" მუსიკის ავტორმა ხომ ბავშვობა თბილისში გაატარა - კოჯორში დაიბადა და მუსიკის ენას აქაურ კერძო სასწავლებელში ეზიარა. არამ ხაჩატურიანის იუბილეს ეძღვნება ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა "ოქროს საუკუნეც".

[მუსიკა. "სპარტაკი"]

თბილისელ ხელოსანს ილია ხაჩატურიანს ოთხი ვაჟი ჰყავდა. არამი ყველაზე უმცროსი იყო. ხაჩატურიანების ოჯახი კოჯორში ცხოვრობდა. ბავშვები თბილისში სწავლობდნენ, დღევანდელ 43-ე საშუალო სკოლაში, რომელიც სხვადასხვა დროს დაამთავრეს სახელგანთქმულმა თბილისელმა სომხებმა: ამერიკელმა კინორეჟისორმა რუბენ მამულიანმა, ასტროფიზიკოსმა ვიქტორ ამბარცუმიანმა, კომპოზიტორმა მიქაელ ტარივერდიევმა. არამ ხაჩატურიანმა სწავლა გააგრძელა თბილისში ძალზე პოპულარულ არგუტინსკაიას კერძო სკოლაში, სადაც ბავშვებს სხვა საგნებთან ერთად სასულე ორკესტრში დაკვრას ასწავლიდნენ. მოგვიანებით არამ ხაჩატურიანი გაიხსენებს:

"სასულე ინსტრუმენტები მალე ავითვისე, მაგრამ ერთფეროვანი რიტმები მომბეზრდა და კონტრაპუნქტების შექმნა გადავწყვიტე. კაპელმეისტერმა მითხრა: "თუ კიდევ ერთხელ გაბედავთ, ყმაწვილო, წესრიგის დარღვევას, მუსიკას სამუდამოდ დაემშვიდობებით... იძულებული გავხდი, მალულად მიმემართა ექსპერიმენტებისთვის."

თუმცა მუზიცირების საშუალებას არამ ხაჩატურიანს არა მარტო სკოლაში, სახლშიც არ აძლევდნენ. ღარიბი ხელოსნის, წიგნების მკაზმავის ოჯახში ბავშვის გატაცებას მუსიკით მაინცდამაინც სერიოზულად არ აღიქვამდნენ. არამ ხაჩატურიანი აღნიშნავდა:

"იმ გარემოში, სადაც მე გავიზარდე, მუსიკოსის პროფესია კაცის საქმედ არ მიაჩნდათ. მამაჩემს უნდოდა, რომ ინჟინერი ან ექიმი გამვხდარიყავი."

არამ ხაჩატურიანმა მშობლების რჩევა არ ისმინა. მას თანაკლასელის, ვინმე სურენის აზრი უფრო მოეწონა და მოსკოვში გაემგზავრა. მართალია, თავდაპირველად უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, პარალელურად კი მტვირთავად მუშაობდა, მუსიკასთან "ურთიერთობა" არ გაუწყვეტია. უფრო მეტიც, მათემატიკური ფორმულები ისევ და ისევ მუსიკალური კონტრაპუნქტების შესაქმნელად გამოიყენა. მღეროდა საეკლესიო გუნდში. 22 წლის რომ გახდა, დაწყებითი მუსიკალური განათლების მიღების გარეშე, გნესინების სახელობის ტექნიკუმში დაიწყო სწავლა ჩელოს კლასში, მერე კი, 1929 წელს, კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მიასკოვსკის კლასში. კონსერვატორიაში 50-მდე ნაწარმოები შექმნა. ერთ-ერთი, მისი ტრიო კლარნეტის, ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის, პროკოფიევმა მოისმინა და ხაჩატურიანს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.

დაახლოებით ათი წლის შემდეგ პროკოფიევსა და ხაჩატურიანს ერთად მოიხსენიებენ ცეკას ცნობილ დადგენილებაში, რომელიც გაზეთ "პრავდაში" დაიბეჭდება. ეს ტექსტი უშუალოდ იოსებ სტალინის რედაქციით შეიქმნა:

"ამ მუსიკოსებისთვის დამახასიათებელია ფორმალიზმი, ანტიდემოკრატიულობა, რომელიც უცხოა საბჭოთა გემოვნებისთვის... მათ ნაწარმოებებში უარყოფილია კლასიკური მუსიკის ძირითადი პრინციპები, იგრძნობა ატონალურობისა და დისჰარმონიის ქადაგება, მელოდიის იგნორირება. აშკარაა ნევროპათიური განწყობილება, დასავლური მოდერნიზმის გავლენა, რომელიც მუსიკას კაკაფონიად აქცევს... იმ მოდერნიზმისა, რომელიც ბურჟუაზიული კულტურის მარაზმს გამოხატავს."

არადა, ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე არამ ხაჩატურიანს ხელისუფლებასთან პრობლემები თითქმის არასდროს ჰქონია. ამბობენ, რომ მას "უშველა" 1938 წელს დაწერილმა პოემამ გუნდისა და ორკესტრისათვის, რომელსაც "დიდება სტალინს" ჰქვია, "უშველა" სომხეთის ეროვნულმა ჰიმნმა, რომელიც ომის წლებში შექმნა, ბალეტმა "გაიანე", რომლის პრემიერა 1942 წელს შედგა დიდ თეატრში. სტალინს ხაჩატურიანის "ცეკვა ხმლებით" ძალიან ჰყვარებია, უფრო მეტიც, ბელადი ამ მელოდიას თურმე ხშირად "აღიღინებდა" კიდეც. იმხანად ოფიციალური "მუსიკალური იდეოლოგია" ამტკიცებდა, რომ ხაჩატურიანმა ხალხური მოტივებით, კერძოდ, "თბილისური და სომხური მელოდიებით" გაამდიდრა საბჭოთა მუსიკა. სინამდვილეში, ხაჩატურიანის სტილზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ბოროდინისა და გლაზუნოვის შემოქმედებამ მოახდინა. ხაჩატურიანმა აღმოსავლური მელოდიებისა და ტრადიციული ევროპული მუსიკალური ფორმების სინთეზს მიაღწია. მუსიკისმცოდნეები აღნიშნავენ, რომ მისი ნაწარმოებები გამოირჩევა აქტიური რიტმული განვითარებით, რომელიც მიიღწევა ძირითადი ფორმულის, ეგრეთ წოდებული "ოსინატოს", უბრალო განმეორებებით ან ძლიერი აქცენტებით ამ ფორმულის ფარგლებში... ეს უთუოდ იმ კონტრაპუნქტის გამოძახილია, რომელსაც დიდი კომპოზიტორი ჯერ კიდევ ბავშვობაში, მშობლიური კოჯრის ტყეში ქმნიდა ხოლმე [ მუსიკა. ხაჩატურიანი "ტოკატა"]

1948 წელს, როცა არამ ხაჩატურიანი "შავ სიაში" შეიტანეს, ხელისუფლება, ეტყობა, მიხვდა, რომ ეს კომპოზიტორი არასდროს დამორჩილდებოდა სოციალისტური რეალიზმის, ასე ვთქვათ, "სასულე რიტმებს". მაგრამ კრემლს, უბრალოდ, არ შეეძლო გაეწირა ყველა კომპოზიტორი, რომელიც 1948 წლის დადგენილებაში მოიხსენიეს. ამასობაში დადგა 1953 წელი. სტალინი გარდაიცვალა. საბჭოთა კავშირში ჯერ არაფერი იცვლებოდა, მაგრამ ხაჩატურიანმა უკვე დაიწყო თავის საუკეთესო ნაწარმოებზე, "სპარტაკზე", მუშაობა. დაიწყო ერთი წინადადებით, რომელიც "სპარტაკის" პარტიტურის პირველ გვერდზე მიაწერა: "ძალიან ვღელავ, მაგრამ უნდა დავიწყო!"

"სპარტაკის" ლიბრეტო ცნობილმა თეატრმცოდნემ ნიკოლაი ვოლკოვმა დაწერა, ხოლო ჯოვანიოლის რომანის მიხედვით ბალეტის შექმნის იდეა ეკუთვნის ცნობილ ქორეოგრაფ იგორ მოისეევს, რომელიც ანტიკური კულტურის ბრწყინვალე მცოდნედ ითვლებოდა. სწორედ მოისეევს ეკუთვნის "სპარტაკის" პირველი დადგმა, რომლის პრემიერა დიდ თეატრში 1958 წელს შედგა. მიუხედავად იმისა, რომ "სპარტაკის" ხუთსაათიან პარტიტურაზე მუშაობა 1955 წელს დასრულდა, წარმოდგენის პრემიერა რამდენჯერმე გადაიდო. ხაჩატურიანი კრემლის გადაწყვეტილებას ელოდებოდა. [მუსიკა "სპარტაკი"]

1958 წელს "სპარტაკის" პრემიერის შესახებ მთელი მოსკოვი ლაპარაკობდა. ასეთივე აღფრთოვანებით შეხვდა საზოგადოება "სპარტაკის" განახლებულ დადგმას, რომელიც იური გრიგოროვიჩმა და სოლიკო ვირსალაძემ 1968 წელს განახორციელეს. "სპარტაკის" ახალი პრემიერა დაემთხვა საბჭოთა ჯარების შეყვანას პრაღაში, ე.ი. იმ პერიოდს, როცა ქვეყანაში დასრულდა ეგრეთ წოდებული "ოტტეპელის" პროცესები. უამრავი ადამიანისთვის ეს სპექტაკლი თავისუფლების ჰიმნად იქცა. ამბობენ, რომ პრემიერაზე, წარმოდგენის ფინალში, როცა ორკესტრი "უკვდავების სიმღერას" ასრულებს, დარბაზი ტიროდა. საორკესტრო კოლორიტის შექმნის ოსტატმა არამ ხაჩატურიანმა "სპარტაკით" მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.

იმ წლებში ხაჩატურიანი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მისი მოწაფეები იყვნენ: ნოდარ გაბუნია, მიქაელ ტარივერდიევი, ანდრეი ეშპაი. 50-იან წლებში ხაჩატურიანი ჯაზით დაინტერესდა. განსაკუთრებით უყვარდა ელინგტონი, რომელსაც პირადად იცნობდა. დაწერა მუსიკა ბენი გუდმანის ორკესტრისთვის, აღფრთოვანებული ლაპარაკობდა მაილს დევისზე, ბუდი გერმანზე. 1976 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სასოწარკვეთილებამ მოიცვა. სახლიდან აღარ გამოდიოდა. სწორედ ამ დროს ცნობილმა ქორეოგრაფებმა, კასატკინამ და ვასილიოვმა, ხაჩატურიანს "გაიანეს" ახალი დადგმა შესთავაზეს. პრემიერა სრული ტრიუმფით ჩატარდა. ვასილიოვის თქმით, ხაჩატურიანმა აღიარა, რომ "გაიანეს" ძველ დადგმაში, 1942 წელს, "სამხედრო-აგრესიული" მოტივები ჭარბობდა. ახალ სპექტაკლში კი მუსიკამ სიყვარულისა და თავისუფლების მარადიულობა გამოხატა.

იგი "გაინეს" პრემიერიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. არამ ხაჩატურიანის ცხედარი მოსკოვიდან ერევანში გადაიტანეს და სომხეთის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG