Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეზინფორმაციის ახალი ტალღა საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთის ხელისუფლებას პანკისში 700 ჩეჩენი ბოევიკი ეგულება


დაუფინანსებლობის გამო პანკისის ანტიტერორისტული ოპერაცია მესამე ფაზაში ჯერ არ გადასულა, მაგრამ პანკისში სიწყნარეა. ადრე უკონტროლო ტერიტორია, შეძლებისდაგვარად კონტროლდება,

საქართველოს ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ჩეჩენი ბოევიკები იქ კარგა ხანია აღარ იმყოფებიან, მოსკოვს კი თბილისის არ სჯერა. მით უფრო მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ არაკანონიერად ცნო საქართველოში დაკავებული ჩეჩნების რუსეთში ექსტრადირების გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით გაგულისებულმა რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ორშაბათს პანკისის ხეობაში 700 ჩეჩენი ბოევიკის ყოფნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.


რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის სერგეი ფრიდინსკის განცხადებით, პანკისის ხეობაში შვიდასამდე ბოევიკი იმყოფება. ფრიდინსკი ირწმუნება, რომ მისი განცხადება საქართველოს ტერიტორიაზე მომზადებული ტერორისტების დაკითხვის შედეგად მიიღებულ ცნობებს ეყრდნობა. პანკისის ხეობაზე რუსეთის გენპროკურატურის ასეთი შემოტევა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა. მასთან დაკავშირებით კი რუსეთის თავდაცვის მიონისტრმა თქვა, რომ საქართველომ უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებები დაარღვია. მხედველობაში გვაქვს გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება და რომლის ძალითაც რუსეთს ვეღარ გადასცემენ აგვისტოს დასაწყისში საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაკავებულ ჩეჩნებს.

შეგახსენებთ:16 მაისს უზენაესმა სასამართლომ 3 ჩეჩენის საკითხი განიხილა. აქედან, წერტილი ჯერ არ დასმია ერთის, გელოგაევის, ექსტრადირებას. იმის თაობაზე, უდასტურდება თუ არა აღნიშნულ პიროვნებას ლტოლვილის სტატუსის ქონა, ქვედა ინსტანციის სასამართლო იმსჯელებს. პატიმრის ადვოკატებს და მის გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ სასამართლო ამ შემთხვევაშიც მიუკერძოებელი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას აკრიტიკებს.

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების კრიტიკის პარალელურად აქცენტების ისევ პანკისის ხეობაზე გაკეთება და იქ 700 ბოევიკის ყოფნაზე ალაპარაკება თუ, ერთი მხრივ, მეტისმეტია, მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებისთვის გარკვეული სიგნალი უნდა იყოს. სიგნალი იმისა, რომ ზაფხულის სეზონის დადგომის კვალობაზე, საზღვარზე პროვოკაციული მოქმედებების ალბათობა დიდია, რომ საზღვრის დაცვის გაძლიერებისთვის სასწრაფო ზომებია მისაღები. ასეთ ზომებად ანტიტერორისტული ოპერაციის მესამე ფაზა სასაზღვრო ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ძალების კოორდინირებულ მოქმედებას გულისხმობს. ის აქამდე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პროცესი უსახსრობამ შეაჩერა. ფინანსთა მინისტრმა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მიიღო დავალება სასწრაფოდ გამონახოს თანხები ანტიტერორისტული ოპერაციის დასაფინანსებლად. ხელისუფლებაში დარწმუნებულები არიან, რომ ეს დავალება შესრულდება. ასე ფიქრობს საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსი გივი იუკურიძეც. რუსეთიდან წამოსულ ახალ ბრალდებას, რომელიც პანკისის ხეობაში შვიდასამდე ბოევიკის ყოფნას ეხება, მან ასეთი კომენტარი გაუკეთა:

[გივი იუკურიძის ხმა] "ბლოკ-საგუშაგოების განლაგება ხეობის სიღრმეში არის სერიოზული ნაბიჯი. მან უზრუნველყო ის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იქ გადაადგილება. არავინ არ შეიძლება იყოს იქო, ამას ვერ ვიტვით, ისევე როგორც ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს რომელიმე სხვა კუთხეში არ არის არც ერთი ყაჩაღი და ბანდიტი. მაგრამ არაერთხელ თქმულა, რომ ჯგუფები, რომლებსაც შეუძლიათ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა, იქ აღარ არიან. "

თუ ასეა, მდგომარეობის შენარჩუნება საზღვრის დაცვაზეა დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG