Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საით მიდის საქართველო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ნოემბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ღიად და დემოკრატიულად ჩატარება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა საქართველოს ნატოში ინტეგრირების პროცესში. თუმცა,

მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მიერ საჯაროდ გამოთქმული სურვილისა, გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, მხოლოდ დემოკრატიული არჩევნები და ევროპულ ოჯახში დაბრუნების გადაწყვეტილება საკმარისი არ იქნება. რა უშლის ხელს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას?

თავდაპირველად იმის შესახებ, თუ რა არ შეუშლის ხელს საქართველოს, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი: ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ მნიშვნელოვანი უწოდა გასულ კვირას საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატოს გენერალური მდივნის ჯორჯ რობერტსონის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ალიანსისკენ სავალ გზაზე საქართველოს პრობლემას არ შეუქმნის ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები და რუსეთის სამხედრო ბაზები:
[ ედუარდ შევარდნაძის ხმა] " და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი: ბატონმა ჯორჯ რობერტსონმა - ჯერ საუბრისას, შემდეგ საჯაროდ - განაცხადა, რომ თუ საქართველო იმ პირობების შესრულებას შეძლებს, რომელიც ამ გეგმაშია ჩამოთვლილი, ნატოში მის შესვლას ხელს ვერ შეუშლის ვერც კონფლიქტური კერების არსებობა და ვერც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ბაზების დროებითი ყოფნა. ეს სერიოზული განაცხადია. მან ძალიან კარგად იცის, რომ კონფლიქტები უნდა დასრულდეს და ბაზების გასვლის საკითხიც სტამბოლის სამიტის მიერ გადაწყვეტილია."
პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით, უშიშროების საბჭოს დაევალა ივნისამდე ნატოსთან ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება. საქმე ის გახლავთ, რომ ამ პროგრამის პირველი ვერსია უშიშროების საბჭომ ჯერ კიდევ დეკემბერში შეიმუშავა, მაგრამ ძალისმიერი სტრუქტურების ხელმძღვანელების მხრიდან გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების გამო, პრეზიდენტს ამ დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია. ამ ვერსიით, დაგეგმილი იყო ყველა ძალოვანი სტრუქტურის სერიოზული რეფორმირება. ამავე გეგმით, რეფორმების პირველი, ყველაზე რთული და მძიმე პერიოდი უკვე ნოემბრისთვის უნდა დასრულებულიყო. ახლა, საუკეთესო შემთხვევაში, თუ უშიშროების საბჭო შეძლებს დათქმულ ვადაში ნატოსთან ინტეგრირების სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას და პრეზიდენტი მას მოიწონებს, საეჭვოა, მოახლოებული არჩევნებით სრულიად დეზორგანიზებულმა პარლამენტმა შეძლოს ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის განხილვა-დამტკიცება. შესაბამისად, სერიოზული რეფორმების დაწყების ვადა 2004 წლისთვის გადაიწევს, ისიც, რეფორმის ხარისხს და სისწრაფეს ბევრწილად ახალი პარლამენტის შემადგენლობა განსაზღვრავს.
რაც შეეხება იმ პრობლემას, რომელიც, პრეზიდენტის განმარტებით, გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე: ექსპერტთა განმარტებით, ის, რომ ტერიტორიული კონფლიქტი ვერ შეაფერხებს კონკრეტული ქვეყნის ინტეგრირებას ნატოში - ახალი არ გახლავთ. საკმარისია გავიხსენოთ თურქეთისა და საბერძნეთის, კვიპროსთან დაკავშირებული, ტერიტორიული პრობლემები. სხვა საკითხია, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების პირობას დებენ. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რუსეთის სამხედრო ბაზებს, სტამბოლის სამიტის მიუხედავად, ჯერაც არ არის მიღწეული შეთანხმება ამ ბაზების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანის ვადებთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თებერვალში გამართული ექსპერტთა შეხვედრის შემდეგ რუსეთის მხარე უპასუხოდ ტოვებს საქართველოს საგარეო უწყების ნოტებს მოლაპარაკების პროცესის გაგრძელების თაობაზე.
XS
SM
MD
LG