Accessibility links

logo-print

არჩევნები: პარტიების პოზიციათა დაახლოების კიდევ ერთი ცდა


დავით პაიჭაძე, თბილისი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში რამდენიმე თვეა, მართავს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრებს არჩევნებთან

დაკავშირებული პრობლემური საკითხების განსახილველად. NDI ესწრაფვის პოლიტიკურ ძალთა შორის პოზიციების დაახლოებასა და ურთიერთწინააღმდეგობის შესუსტებას საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. რამდენიმე საკითხში ეს მოხერხდა კიდეც. ორშაბათს, 19 მაისს, მორიგი ასეთი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეები ფრთხილად და სკეპტიკურად ეკიდებოდნენ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმების შესაძლებლობას.

ჯერ ვახსენოთ ის მოკრძალებული შედეგი, რომელსაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სტუმრებმა აქამდე მიაღწიეს: ესაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების შეზღუდვა და მისი ნაწილის გადაცემა საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის. საარჩევნო კოდექსის პროექტში, რომლის განხილვა პარლამენტს წინა აქვს, ცენტრალური საარჩევნო კომისია უფრო არჩევნების ორგანიზატორია და აღარ აქვს ადმინისტრაციული წესით სამართლებრივ გადაწყვეტილებათა მიღების უფლება. ეს ორგანო კოლეგიურია და სამომავლო ცვლილებები, ალბათ, სწორედ ამ კოლეგიურობის შეზღუდვისა და წევრთა პასუხისმგებლობის გამოკვეთისკენ იქნება მიმართული. "მოქალაქეთა კავშირის" ერთ-ერთი ლიდერის, ვიტალი ხაზარაძის თქმით [ხაზარაძის ხმა]: "აქამდე თუ [არჩევნების შედეგების - დ.პ.] გაუქმების უფლება ჰქონდა, ახლა ერთი უფლებაღა რჩება: გადააგზავნოს საკითხი სასამართლოში, თუ მარწმუნებელი დოკუმენტაცია აღძრავს საფუძვლიან ეჭვს ოლქსა თუ უბანში არჩევნების ჩატარების შესახებ. ასევე, თუ ადრე კანდიდატთა და პარტიათა რეგისტრაციის საკითხები ცესკო-ში კომისიური წესითა და კენჭისყრით წყდებოდა, ახლა ეს უფლებამოსილება მხოლოდ მის თავმჯდომარეს მივეცით. თავმჯდომარე პერსონალურად აგებს პასუხს მის გადადგმულ ნაბიჯებზე".

შეთანხმებულ წინადადებს შორის პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე ამას გამოარჩევს [ხმალაძის ხმა]: "ერთი, რაზეც შეთანხმება მოხერხდა, ის გახლავთ, რომ დარღვევა ისჯებოდეს ყოველთვის, გამკაცრდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ზოგ შემთხვევაში დაწესდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამრღვევთა - პირველ რიგში, საარჩევნო ადმინისტრაციისა და, რასაკვირველია, ამომრჩევლის მიმართ. რამდენიმე პროცედურული საკითხი შეთანხმდა, მაგრამ რაც ეხება საარჩევნო კომისიების შექმნას და ამომრჩეველთა აღრიცხვას, ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა.".

ამომრჩეველთა სიების საკითხს მრავალი ასპექტი აქვს; მაგალითად, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სიაში არ უნდა იქნეს შეყვანილი საქართველოს ასიათასობით მოქალაქე, რომელიც ქვეყნიდან არის წასული; თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ პრობლემაა ხმის მიცემის წესი სამხედრო ნაწილებში: ოპოზიცია მოითხოვს არჩევნების დღეს ჯარისკაცებმა სამხედრო ნაწილის გარეთ, ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებში მისცენ ხმა და ასეთი უბანი უწყებრივი ნიშნით არ შეიქმნას.

საბოლოოდ, პარტიათა წარმომადგენლების შეხვედრამ უკმარი შედეგი გამოიღო. ჩვენთან საუბარში შეთანხმებული საკითხები სოციალისტმა ზაქრო ქუცნაშვილმა ჩამოთვალა [ქუცნაშვილის ხმა]: "ეს გახლავთ ხმის მიცემის უფლების მოწმობის გაუქმება; სამხედრო ნაწილებში ღია უბნების გახსნა (აქამდე დახურული იყო და დამკვირვებელთა და სხვათა შესვლა არ შეიძლებოდა); შევთანხმდით, რომ გადასატან საარჩევნო ყუთს გამოიყენებენ შეზღუდულ შემთხვევებში; ამომრჩეველთა სია, 30 დღის ნაცვლად (როგორც აქამდე იყო), არჩევნებამდე 4-5 თვით ადრე გამოქვეყნდება. ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის უფლება ექნება ყველას და ეს იქნება არა 10-დღიანი პროცედურა, არამედ საამისოდ 3-4 თვის ვადა იარსებებს. ვერ შევთანხმდით საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებაზე: ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების შტოების მიხედვით უნდა მოხდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება, ხოლო მათ პარტიული პრინციპი მიაჩნიათ მიზანშეწონილად. ეს ორი განსხვავებული პოზიციაა".

პრეზიდენტმა შევარდნაძემ, თავისი საპარლამენტო მდივნის პირით, პარლამენტს კატეგორიულად მოსთხოვა, დაიწყოს საარჩევნო კოდექსის განხილვა. რომელ ტექსტზე შეუდგებიან მსჯელობას დეპუტატები და ექნებათ თუ არა უნარი და საშუალება, განხილვის პროცესში შეაჯერონ პოზიციები ღიად დარჩენილ საკითხებზე, ამას ახლო მომავალში დავინახავთ.
XS
SM
MD
LG