Accessibility links

logo-print

ედუარდ შევარდნაძემ ყოფილი მეომრები შეიწყალა


კვირის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა ციხეებში მყოფი მეომრების ფართომასშტაბიანი შეწყალების გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. წინასწარი ინფორმაციით, სასჯელაღსრულებით

დაწესებულებათა კედლებს უახლოეს დღეებში 14 პატიმარი დატოვებს, საერთოდ კი, ამნისტია ეტაპობრივად განხორციელდება და ორი წლის განმავლობაში იგი 250 პატიმარს შეეხება. ამასთან, შეწყალების აქტი არ გავრცელდება იმ პატიმრებზე, რომლებიც სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიან. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი მეომრების ფართომასშტაბიანი შეწყალების იდეა გასული წლის ივლისში იშვა, საქართველოში უკვე გაისმის ხმები, თითქოს ამნისტიაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

მსჯავრდებული მეომრების ამნისტიას საქართველოს ხელისუფლება ეროვნული თანხმობის მიღწევისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს, თუმცა ხანგრძლივი პატიმრობის წლებმა ბარიკადის სხვადასხვა მხარეს მებრძოლი ადამიანები კარგა ხნის წინ შეარიგა ერთმანეთს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი შეწყალების აქტი, რომელზეც სახელმწიფო კომისია თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, გავრცელდება ყველა - ოფიციალური თუ არაოფიციალური - სამხედრო ფორმირების წარმომადგენელზე, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე გვარდიელებსა და ცალკეულ მოხალისეებზე. ამ ინიციატივას ერთი წლის წინ საქართველოს ხელისუფლების მიმართ არალოიალურად განწყობილი ბევრი ყოფილი მებრძოლი გამოეხმაურა. კაპიტანმა ზურაბ გოქსაძემ, რომელიც ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ჯერ იჯევანში, ხოლო შემდეგ გროზნოში ახლდა, თავისი დამოკიდებულება ამ სიტყვებით გამოხატა:
[ზურაბ გოქსაძის ხმა] "კარგი კი არა, ეს ბედნიერებაა, თუ ყველა ერთად დავდგებით. იმიტომ, რომ ეს იყო სისულელე, რაც მოხდა მაშინ."

თუმცა, რომ არ განმეორებულიყო 90-იანი წლების შეცდომა, როცა ამნისტიით გათავისუფლებულთა შორის აღმოჩნდნენ გამოუსწორებელი კრიმინალები, სახელმწიფო კომისიამ, რომელსაც ექსთავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი ხელმძღვანელობდა, დიდი დრო მოანდომა თითოეული საქმის შესწავლას. ბევრ შემთხვევაში, როდესაც ყოფილი მებრძოლის - განსაკუთრებით მოხალისეების - შესახებ არ არსებობდა საბრძოლო მოკვლევა, ან იგი გაყალბებული იყო, ციხეებში მიჰყავდათ სამხედრო ნაწილების და ქვედანაყოფის მეთაურები, რომლებიც ადგილზე ახდენდნენ მსჯავრდებულთა იდენტიფიცირებას.

საბოლოოდ, ყველა პროცედურისა და ფილტრის გავლის შემდეგ, ამნისტირებულთა სიაში აღმოჩნდა 250 მსჯავრდებული. თუმცა, ვინაიდან მათ სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულში ედებოდათ ბრალი და სხვადასხვა ვადა ჰქონდათ მოხდილი, გადაწყდა, რომ ყოფილი მეომრების გათავისუფლება ეტაპობრივად, 2 წლის განმავლობაში მოხდება.

მაგრამ ერთია პატიმართა შეწყალება და მეორე - მათი ადაპტირება საზოგადოებაში და დასაქმება, რასაც გია ყარყარაშვილი მორალურ პრობლემას უწოდებს და დიდი იმედი აქვს, რომ ცოტა ხნის წინ დაარსებული "ვეტერანთა ქართული ლიგა" ამ პრობლემის გადაჭრაში გადამწყვეტ სიტყვას იტყვის.

[გია ყარყარაშვილის ხმა] "იმედს მაძლევს იმიტომ, რომ 250-ვე რომ გამოდიოდეს, რა თქმა უნდა, ამას ვერ შევძლებდით. მაგრამ ლაპარაკია 14 კაცზე, თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ შუამდგომლობები იყო პარლამენტარების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან, ინდივიდუალურად ყველა მათგანის მხარდაჭერა შეიძლება. თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე მათგანი ისევ არ დაადგა დანაშაულის გზას".

გია ყარყარაშვილი გამოგონილს და უზნეოს უწოდებს მოარულ ხმებს, თითქოს შეწყალება ხელისუფლების წინასაარჩევნო გეგმის ნაწილი იყოს და ვინმე ამით დივიდენდის მიღებას ცდილობდეს. "ერდადერთი ინტერესი ის იყო, რომ ადამიანები, ვინც ჩვენ გვერდით იბრძოდა, გაჭირვებაში არ მიგვეტოვებინა", აცხადებს ყარყარაშვილი.

ასეა თუ ისე, პატიმართა მორიგი ფართომასშტაბიანი ამნისტია, ამჯერად ომში მონაწილეობის ნიშნით, რეალური ფაქტია, ხოლო წაადგება თუ არა იგი ეროვნული თანხმობის პროცესს, ამას მომავალი გვიჩვენებს.
XS
SM
MD
LG