Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ახლო აღმოსავლეთი და ტერორიზმის პრობლემაა მოქცეული დღეს მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში. "რუკები მრავლადაა, გზა კი არ ჩანს" - ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ "ტაიმსში",

რომელიც "სავალალო გარდუვალობად" მოიხსენიებს იმ ფაქტს, რომ პირველ ოფიციალურ შეხვედრას პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრს მაჰმუდ აბასა და მის ისრაელ კოლეგას არიელ შარონს შორის, ტერორიზმმა მიაყენა ჩრდილი. გაზეთი წერს:

"ყველაფერი კარგად ნაცნობი სცენარის მიხედვით მეორდება ახლო აღმოსავლეთში: ყოველთვის, როცა კი სამშვიდობო პროცესში პროგრესი შეიმჩნევა, თუნდაც მოკრძალებული, ჰამასი, ჰეზბოლა და ისლამური ჯიჰადი თვითმკვლელ ტერორისტებს აგზავნიან ისრაელში უდანაშაულო მოქალაქეთა წინააღმდეგ. ხოლო გასული კვირის ბოლოს მომხდარი 4 აფეთქება 12 საათის განმავლობაში, ნამდვილად თავზარდამცემი იყო. თავდასხმამ, როგორც ჩანს, საწადელს მიაღწია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომა მოიწვია, გააუქმა თავისი ვიზიტი ვაშინგტონში და იზოლაციაში მოაქცია ისევ, იორდანეს დასავლეთი ნაპირი. ბატონ შარონის მრჩევლები არ გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ თავად იასირ არაფატის წინააღმდეგ იქნეს მიღებული ქმედითი ზომა, რასაც ალბად მეტად სავალალო დიპლომატიური შედეგები მოჰყვება, და პირველ რიგში აშშ-ის მხრიდან".

ამავე აზრისაა გაზეთი "ქრისჩიენ საიანს მონიტორიც" როცა წერს, რომ თვითმკვლელი ტერორისტების ახალმა თავდასხმამ გააქარწყლა ის მცირედი იმედი, რომ პალესტინელთა ავტონომიისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრები ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული "გზამკვლევით" სულ მალე, მშვიდობისკენ დაიძვრებოდნენ. გაზეთი განაგრძობს:

"რთული აღმოჩნდა სამშვიდობო გეგმის სტარტი, ვინაიდან თვითეული მხარე მეორისგან, მოითხოვს სარისკო ნაბიჯის გადადგმას მოითხოვს. შარონი ამბობს, რომ არანაირ დათმობაზე არ წავა, ვიდრე აბასი ბოლოს არ მოუღებს პალესტინელთა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს: ჰამასსა და ისლამურ ჯიჰადს. ხოლო პალესტინელები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელის ჯარმა მათი უშიშროების ინფრასტრუქტურა გაანადგურა, პალესტინელებს აღარ შესწევთ უნარი ებრძოლონ ტერორიზმს."

საუდის არაბეთსა და მაროკოში ახლახან მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებთან დაკავშირებით, გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსს" მოჰყავს ანტიტერორისტულ უწყებათა ოფიციალური წარმომადგენლების გამონათქვამი იმის შესახებ, რომ ტერორისტულმა ორგანიზაცია "ალ-ყაიდამ" ახალი წევრები მიიღო, დაიწყო მათი წვრთნა და დასავლეთის ობიექტებზე თავდასხმებისთვის ემზადება.
გაზეთი დასძენს:

"როგორც ანტიტერორისტული უწყების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, "ალ-ყაიდა" დღეს 3,000-დე წევრს აერთიანებს, მაშინ როცა 90-იანი წლების ბოლოს ამ ტერორისტული ორგანიზაციის ბანაკებში, ავღანეთში, 20,000-ზე მეტი ადამიანი გადიოდა წვრთნას".

შვეიცარიის გაზეთი "ნოიე ციურხერ ცაიტუნგი" კომენატარს უკეთებს ტერორისტულ თავდასხმას კასაბლანკაში, სადაც აფეთქებებს 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, და თან აღნიშნავს, რომ უკანასკნელი თავდასხმები როგორც მაროკოში, ასევე საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში, როგორც ჩანს, კოორდინირებული ძალისხმევით მოხდა. ორივე შემთხვევაში ტერორისტთა სამიზნე - უცხოელები იყვნენ, რამაც საერთაშორისო რეზონანსი შესძინა ტერორისტებს. გაზეთი წერს:

"ტერორისტულმა თავდასხმამ სერიოზული ეკონომიკური ზარალი მიაყენა მაროკოს, სადაც ტურიზმი წარმოადგენს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს. იმისთვის, რომ ეფექტიანად წარმართოს ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, მაროკოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობას, მიუკერძოებლად გაასამართლოს ბოროტმოქმედნი და არ აჰყვეს ემოციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ტერორისტების წისქვილზე დაასხავს წყალს; ტერორისტებისა, რომლებსაც კარგად მოეხსენებათ, რომ უსამართლო მთავრობა ვერ მოიპოვებს ხალხის ნდობას".
XS
SM
MD
LG