Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლებელია თუ არა საქართველოში ობიექტური არჩევნების ჩატარება?


18 მაისს დაბა ხარაგაულში, როგორც იქნა, საკრებულოს არჩევნები ჩატარდა. ამომრჩეველთა რაოდენობით არცთუ მნიშვნელოვან ამ დასახლებულ პუნქტში პოლიტიკური ვნებათაღელვა ისეთ მასშტაბებს აღწევდა,

რომ ბოლო 1 წლის მანძილზე არჩევნები 2-ჯერ ჩაიშალა და კიდევ რამდენჯერმე გადაიდო. ასეთი დაძაბულობის ფონზე, ყველასათვის მოულოდნელად, არჩევნების ჩატარების ბოლო მცდელობა შედეგიანი და სანიმუშოც კი აღმოჩნდა. - რატომ?

დაბა ხარაგაულის საკრებულოს არჩევნები იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბედი უნდა გადაწყდეს. კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძეს გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს, ხოლო რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხვა წევრებს, ისინიც დიდი ხანია შეეგუვნენ აზრს, რომ ახალ საარჩევნო კომისიაში მათ არავინ მიიწვევს. სწორედ ამიტომაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის ბოლო სხდომაზე 18 მაისის არჩევნებისთვის სპეცჯგუფის ფორმირებაც კი ძლივს მოახერხა.

უშედეგოდ დამთავრებულმა რამდენიმე მცდელობამ, გაუთავებელმა სასამართლო პროცესებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის არ არსებობის პირობებში ცხოვრებამ, როგორც ჩანს, ხარაგაულის მოსახლეობა ბუნებრივად მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც, ობიექტური არჩევნების გარდა, სხვა გამოსავალი აღარ ჩანს.

18 მაისს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ამომრჩეველთა ნებას მიაწერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების" დირექტორი ზურაბ ჭიაბერაშვილი. სხვა ექსპერტების აზრით, ასეთივე განწყობაა სავარაუდო ნოემბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც.
20 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაასახელა ხარაგაულში კენჭისყრის ნორმალურად ჩატარების სხვა მიზეზებიც, რომელთა განმეორებას საპარლამენტო არჩევნებზე სულაც არ მოელიან.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] „ზოგადად, შევარდნაძის ხელისუფლების მიდგომა ადგილობრივი არჩევნების მიმართ ასეთია: ეს ბევრს მაინც არაფერს ცვლის და როგორც არ უნდა ჩატარდეს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. და ამიტომ ადგილობრივ არჩევნებზე ან ვიღებთ ისეთ ქაოსს, როგორიც იყო შარშან ივნისში, ან ისეთ საჩვენებელ კარგ არჩევნებს, როგორიც ახლა იყო ხარაგაულში. მაგრამ ამან ქართული საზოგადოებრიობა არ უნდა მოატყუოს."

ქართული საზოგადოების მოტყუებაში კი ხელისუფლებისათვის სასურველი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნა იგულისხმება. და თუ როგორ შეუძლია არაკვალიფიცირებულმა და ანგაჟირებულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააფუჭოს არჩევნები, ამის საილუსტრაციოდ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების მაგალითიც საკმარისია. უზენაესი სასამართლოს დადგენილებით გაუქმებულია ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები დაამტკიცა, ხოლო პარლამენტმა კი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. მომავალში ასეთი შემთხვევების თავიდან აცილება მხოლოდ ახალი საარჩევნო სისტემის შექმნითაა შესაძლებელი. თუმცა, არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დროისა და პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის უქონლობის გამო, "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლები ყველაზე ოპტიმალურად დროებითი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებას მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG