Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში არჩევნებისთვის გააქტიურებას კიდევ ერთი მოძრაობა გეგმავს, "მოძრაობა ღირსეული მომავლისათვის."


არჩევნების წინ საქართველოში, პოლიტიკური პარტიების გარდა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გააქტიურება და ახალ-ახალი საზოგადოებრივი მოძრაობების გამოჩენა შეიმჩნევა.

არჩევნებისთვის მოსახლეობაში ფართო სახალხო მოძრაობის გაშლას გეგმავს სხვადასხვა არაფორმალური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია -"მოძრაობა ღირსეული მომავლისათვის." მისი მიზანია საზოგადოებას განუმარტოს რამდენად არის დამოკიდებული თითოეულ ამომრჩეველზე ქვეყნის
ბედი, ამავდროულად, რამდენად ცუდი იქნება ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის მომავალ პარლამენტში ძველი სახეების, ძველი მენტალიტეტის ადამიანების მისვლა.
"მოძრაობა ღირსეული მომავლისათვის" წინასაარჩევნო ასპარეზზე 20 მაისს "კინოს სახლში" ჩატარებული კონფერენციით გამოვიდა.

"მოძრაობა ღირსეული მომავლისათვის," მისი ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის ირაკლი კაკაბაძის თქმით, პროგრესისკენ მიმართული მოძრაობაა - პროგრესისკენ და არა უბრალო ცვლილებებისკენ მიმართული.

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] "საჭიროა პროგრესი და არა მხოლოდ ცვლილება. ჩვენ არ დავკმაყოფილდებით იმავე გზის გაგრძელებას. ყოველგვარი კონსტიტუციური წესებით ვეცდებით ცოდნაზე დაფუძნებული პროგრესი მოვიდეს ქართულ საზოგადოებაში. "

ირაკლი კაკაბაძის აზრით, პროგრესი იმ თაობამ უნდა მოიტანოს, რომელიც არ გასვრილა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რეალობაში. მან საზოგადოება უნდა დააჯეროს, რომ პოლიტიკა მხოლოდ უზნეო ადამიანების ხვედრი არ არის. "ქვები დაგროვილია და ახლა ამ ქვებით შენების დროა და არა ქვების ერთმანეთისთვის სროლის დრო,"- ასე დაასრულა მან ღირსეული მომავლისათვის წამოწყებული მოძრაობის პირველ კონფერენციაზე გამოსვლა. შენებაზე და არა სროლაზე იქ სხვა გამომსვლელებმაც ისაუბრეს, მასპინძელი "მოძრაობის" წარმომადგენლებმა (ძირითადად, ახალგაზრდებმა) თუ კონფერენციაზე მიწვეულმა სტუმრებმა. აქცენტები სხვადასხვა მიმართულებით გაკეთდა. იყო საუბარი თითქმის ყველაფერზე, რაც საქართველოში პროგრესის შემაფერხებელ ფაქტორებად მიიჩნევა და რაც მთავარია, ითქვა ის, რომ ღირსეული საზოგადოების და ღირსეული სახელმწიფოს შენება იმ ადამიანების მეშვეობით შეიძლება, რომლებისთვისაც კანონი უზენაესია, რომლებიც არ ფიქრობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს და რიგით მოქალაქეს კანონის დაცვა სხვადასხვაგვარად მოეთხოვებათ. "კინოს სახლში" ჩატარებულ კონფერენციაზე ღირსეული მომავლის ფორმირებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე დავით უსუფაშვილმა ისაუბრა. მისი აზრით, ის, რაც კანონის უზენაესობის მიღწევას და, საერთოდ, ქვეყნის განვითარებას აბრკოლებს, შემდეგია:

[დავით უსუფაშვილის ხმა] "ხელისუფლების საკვანძო პუნქტებში კვლავაც არიან კომუნისტური მენტალიტეტის ადამიანები, ისინი ვერასოდეს ვერ შექმნიან თავისუფალ სახელმწიფოს. ქვეყანაში ვერ შეიქმნა ჯანსაღი პოლიტიკური კლიმატი, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა საზოგადოებას განსჯისა და ფიქრის შედეგად მიეღო გადაწყვეტილება. კვლავ ბატონობს საბჭოთა კონსტიტუციის მეექვსე მუხლი, რომელიც კომუნისტური პარტიის წამყვან როლზე მეტყველებდა. შესაბამისად, გამოსავალს ვეძებთ პიროვნებაში ან იდეოლოგიაში, ან კონკრეტულ პარტიაში და არა მთლიან პოლიტიკურ სისტემაში."

კონფერენციაზე მიწვეული სტუმრების დახმარებით, - დავით უსუფაშვილიც მათ შორის იყოს, - "მოძრაობა ღირსეული მომავლისათვის" უკეთესი მომავლის შენების გზების ძიებას შეეცადა და, რადგან მომავალი, დიდწილად, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც არის დამოკიდებული, სახალხო მოძრაობის გაშლა დაგეგმა, რათა მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ არჩევნებში მონაწილეობა საჭიროა და რომ ამ არჩევნებში ძველი სახეების გამარჯვება მორიგი უკანდახევა იქნება.
XS
SM
MD
LG