Accessibility links

"საერთო კავკასიური ლოცვა" - მესამედ


"ლოცვა კავკასიის გადარჩენისთვის" - ასე ჰქვია რელიგიურ მოძრაობას, რომლის ინიციატივით 11 მაისს, დღის 13 საათზე, მთელ კავკასიაში სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებმა საერთო

კავკასიური ლოცვა აღავლინეს. მე ვესაუბრე ამ მოძრაობის ერთ-ერთ ინიციატორს, "კავკასიური სახლის" დირექტორს, მწერალ ნაირა გელაშვილს, რომელმაც ერთდროული "კავკასიური ლოცვის" მნიშვნელობა ამგვარად განმარტა:

[ნაირა გელაშვილის ხმა] "როდესაც ათასობით ადამიანი ერთ და იმავე დროს ერთსა და იმავე ლოცვას აღავლენს, ამას ძალიან დიდი ძალა აქვს...დიდი ხანია ცნობილია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ "ჯოჯოხეთის ერთ-ერთ ფილიალში, რომელსაც წარმოადგენს კავკასია…" ყველა პრობლემა, რის წინაშეც კაცობრიობა დგას, კონცენტრირებულია საქართველოში და კავკასიაში - ლტოლვილების, მიწისძვრის ზონაა, ეკოლოგიური კატასტროფების ზონაა, ომების ზონაა, ეპიდემიების ზონაა და ა.შ. აქ სასიცოცხლო სივრცე, დიდწილად, მოსპობილია."

1999 წელს, როცა კავკასიელმა მორწმუნეებმა ერთობლივი ლოცვის ტექსტი შეადგინეს, "კავკასიური რელიგიური მოძრაობის" ინიციატორები აღიარებდნენ, რომ ერთად ლოცვის სურვილი სწორედ ამ სასოწარკვეთამ, უმწეობამ გააჩინა. "მაგრამ როგორი უმწეოებიც არ უნდა ვჩანდეთ ფიზიკურად, ჩვენ ვფლობთ დიდ სულიერ რეზერვებს: თვითგანწმენდისა და ლოცვის შესაძლებლობას," - აღნიშნულია "კავკასიური სახლის" თანამშრომლების - ქართველების, სომხების, ჩეჩნების, ინგუშების, ოსების, აფხაზების, მართლმადიდებლებისა და კათოლიკების, მუსულმანებისა და იუდეველების მიერ მომზადებულ ტექსტში, რომელიც წელს უკვე მესამედ დაეგზავნა კავკასიის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მორწმუნეებს. მათ წელს უკვე მესამედ ერთსა და იმავე დროს აღავლინეს ლოცვა კავკასიის გადარჩენისთვის. ნაირა გელაშვილის თქმით, მოძრაობის ინიციატორებს თავადაც არ სჯეროდათ, რომ ამ მიმართვას მხურვალე გამოხმაურება მოჰყვებოდა. ეს, ალბათ, იმიტომ მოხდა, რომ კავკასიური რელიგიური მოძრაობა ეფუძნება, პირველ რიგში, ადამიანის უფლებათა აღიარებას: სინდისის თავისუფლებას და შემწყნარებლობას ყველა კონფესიის მიმართ... და არამარტო ამიტომ... "კავკასიური სახლის" დირექტორის ნაირა გელაშვილის თქმით:

[ნაირა გელაშვილის ხმა] "ასეთი მულტიეთნიკური, ხალიჩასავით ჭრელი რეგიონია, ამიტომ განსხვავება ადვილი დასანახია.. მაგრამ საერთო რომ იგრძნო, ამას განსაკუთრებული ინტუიცია სჭირდება... ისე იქნა ატაცებული ეს ლოცვა, თითქოს ყველა ელოდა ამას ჩრდილოკავკასიურ რეგიონებში - მაიკოპში, ნაზრანში, ვლადიკავკაზში."

განსაკუთრებული ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ დღეს პანკისში ჩეჩენი ლტოლვილები... და ესეც ბუნებრივია - სამართლიანობისა და სიკეთის დამკვიდრების სურვილი ხომ, როგორც წესი, იქ ჩნდება, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ. თუმცა, ნაირა გელაშვილის თქმით, დღეს უჭირს მთელ კავკასიას, ამიტომ საერთოკავკასიურ ლოცვაში წელს, ფაქტობრივად, ყველა სალოცავი ჩაერთო... გარდა მართლმადიდებლური ეკლესიისა. ნაირა გელაშვილი აღნიშნავს:

[ნაირა გელაშვილის ხმა]:
"როდესაც მე მივედი საპატრიარქოში და პატრიარქს წარვუდგინე ეს ტექსტი, პატრიარქმა წაიკითხა და მითხრა, რომ ეს არის შესანიშნავი ლოცვა, მაგრამ, როცა უნდა ეკურთხებინა ეს ლოცვა, მისი რეფერენტის პირით მივიღე პასუხი, რომ ეს არის რაღაც ეკუმენიზმის მსგავსი, ჩვენთვის მიუღებელია, ასე თქვეს მღვდელთმთავრებმა."

ასეთია საპატრიარქოს პოზიცია, თუმცა "კავკასიური სახლის" დირექტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ლოცვას კავკასიის გადარჩენისთვის" - ეკუმენიზმთან არაფერი აქვს საერთო, თუნდაც იმიტომ, რომ მორწმუნეები თავიანთ სალოცავში ლოცულობენ და არა ერთ სივრცეში. ნაირა გელაშვილი აღნიშნავს, რომ მართლმადიდებელი მლოცველები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ მოძრაობაში, მიდიან მიტოვებულ ტაძრებში და თავად აღავლენენ ამ ლოცვას. თუმცა წელს, "საერთოკავკასიური ლოცვის" დასრულების შემდეგ, სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებმა "კავკასიურ სახლში" მოიყარეს თავი. მრავლად იყვნენ ბავშვები, რომლებმაც მტრედები გააფრინეს, აუზში წყლის სანთლები გაუშვეს. მოკლედ, "ჯოჯოხეთის ერთი ფილიალი" - დროებით მაინც იქცა "სამოთხედ", სადაც კავკასიელები "საერთო სახლის" გადარჩენის აუცილებლობაზე საუბრობდნენ. ნაირა გელაშვილის თქმით:

[ნაირა გელაშვილის ხმა] "გამიგია ასეთი აზრი, ასეთი რამ რომ მოხერხდეს და მთელმა კაცობრიობამ ილოცოს ერთსა და იმავე დღეს, მთელი კაცობრიობა გადარჩებაო. ამას, ეტყობა, ვერასდროს მოახერხებს, რომ დათქვას, ერთსა და იმავე დღეს ვილოცოთო."
XS
SM
MD
LG