Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი ბუში ოპტიმისტურად აფასებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პერსპექტივას


ანდრო ეული, პრაღა პალესტინელი თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილმა უკანასკნელმა აფეთქებებმა საფრთხე შეუქმნა ვაშინგტონის ინიციატივით შემუშავებულ ახალ გეგმას, რომელიც მშვიდობის

დამყარებას ითვალისწინებს ისრაელსა და პალესტინელებს შორის. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში არ ჰკარგავს იმედს, რომ "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ორმხრივ დათმობებსა და 2005 წლისთვის პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებას ითვალისწინებს, მაინც განხორციელდება.


მას შემდეგ, რაც აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერომ და რუსეთმა სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნეს, ისრაელმა ორი კვირის თავზე, ეს გეგმა უარყო. უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ქვეყანაში მოწყობილი 5 აფეთქების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა, კვირას, გააუქმა დაგეგმილი გამგზავრება ვაშინგტონში, სადაც პრეზიდენტ ბუშს უნდა შეხვედროდა.

ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე თეთრ სახლში, ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ კვლავაც იმედით უყურებს სამშვიდობო გეგმას [ჯორჯ ბუშის ხმა]: "ჩვენ განვაგრძობთ მშვიდობისკენ სვლას. ეს, ძნელად გასავლელი გზა იქნება, და მე არ ვაპირებ ამ გზიდან გადახვევას, ვიდრე ჩვენი მიზანი არ იქნება მიღწეული."

ბუშმა მოუწოდა ამასთანავე ევროპელ ლიდერებს უფრო აქტიურად ჩაებან ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში. ორშაბათს ევროკავშირმა ისრაელსა და პალესტინელებს მოუწოდა, არ მისცენ "რეაქციულ ძალებს" იმის შესაძლებლობა, რომ სამშვიდობო გეგმას ძირი გამოეთხაროს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თხოვნით მიმართეს ამასთანავე ისრაელს, შეაჩეროს პალესტინელთა ტერიტორიებზე ებრაულ ახალდასახლებათა მშენებლობა.

პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი, შაბათს, ისრაელის მთავრობის მეთაურს არიელ შარონს შეხვდა იერუსალიმში. განვლილი თითქმის სამი წლის მანძილზე, ეს, უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა იყო ისრაელსა და პალესტინელებს შორის. მართალია ამ შეხვედრას ჩრდილი მიაყენა ტერორისტულმა აფეთქებებმა, თუმცა არიელ შარონმა მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ კვლავაც გააგრძელებს მაჰმუდ აბასთან შეხვედრებს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფასმა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი იასირ არაფატი დაადანაშაულა იერუსალიმის ავტობუსში მომხდარ აფეთქებაში, რამაც 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

იასირ არაფატმა უარყო ეს ბრალდება და თან ისრაელი გააკრიტიკა ახალი სამშვიდობო გეგმის უარყოფისთვის, რაც იერუსალიმის ავტობუსში აფეთქებამდე მოხდა.

ისრაელი მოითხოვს, რომ ვიდრე თავად წავიდოდეს რაიმე დათმობაზე, მაგალითად შეწვეტდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ებრაულ ახალდასახლებათა მშენებლობას, მაჰმუდ აბასის ახალმა მთავრობამ საქმით უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია ექსტრემისტების ალაგმვა. მაგრამ, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ამჯერად, როცა თავად პალესტინელები არიან დაქსაქსულები, ხოლო მათი უშიშროების ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად გაანადგურა ისრაელის ჯარმა, ისლამისტი ექსტრემისტების ალაგმვა ძალზედ გაუძნელდება მაჰმუდ აბასს.

ჰამასის წარმომადგენელმა მაჰმუდ ალ-ზაჰარმა განაცხადა, რომ მისი თანამებრძოლები კატეგორიული წინააღმდეგი გამოდიან ნებისმიერი დათმობისა ისრაელთან. რეიტერის სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუში მაჰმუდ ალ-ზაჰარმა განაცხადა, რომ ისრაელმა თავისი ჯარი უნდა გაიყვანოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ ტერორისტულ თავდასხმებს უნდა ელოდეს.
XS
SM
MD
LG