Accessibility links

logo-print

მსოფლიო ტურიზმის სადღეისო პრობლემები


ტურიზმისა და სამოგზაურო მრეწველობას სრული საფუძველი აქვს იმისათვის, რომ შარშან და წელს მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო თავად ისურვოს არდადეგებზე წასვლა და სულის მოთქმა.

ომის, ეპიდემიისა და ეკონომიკური დაღმასვლის პირობებში სამოგზაურო ბიზნესის მესვეურები საგონებელში არიან ჩავარდნილი. თუმცა, როგორც ჩვენს კორესპონდენტს, დონ ჰილს უთხრეს გასული კვირის ბოლოს პორტუგალიის კურორტ ვილამურაში გამართული ტურიზმისა და სამოგზაურო მრეწველობის მესამე მსოფლიო სამიტის დელეგატებმა, ისინი უკეთესი მომავლისთვის ემზადებიან.

თუ რა განწყობით შეიკრიბნენ სამიტის მონაწილენი მზიან ვილამურაში, ერთობ ხატოვნად გამოხატა დონ ჰილთან საუბარში შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, "მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს" წარმომადგენელმა დევიდ ტარშმა. თავისი დარგის დღევანდელი პრობლემების დასახასიათებლად მან ბიბლიის ყველაზე უფრო შიშისმომგვრელი პასაჟი მოიხმო აპოკალიპსიდან.

[ტარშის ხმა] "ჩემის აზრით, მას დიდი ზარალი მიაყენა აპოკალიპსის ოთხმა მხედარმა: ეკონომიკურმა დაღმასვლამ, ომმა, ტერორიზმის სულ უფრო ხშირმა გამოვლინებებმა და მასმედიის ისტერიამ ატიპური პნევმონიის თაობაზე."

ამ უკანასკნელს რაც შეეხება, ვილამურა ამ რანგის პირველი ფორუმია მას მერე, რაც მსოფლიო ატიპური პნევმონიის ეპიდემიის შიშმა მოიცვა.

ტარშის თქმით, ის, რაც მსოფლო ტურიზმს მოსდის დღეს, მხოლოდ რამდენიმე ტურისტული სააგენტოსა და სასტუმროს პრობლემებით არ შემოიფარგლება. ნათქვამის ნათელსაყოფად იმის ხსენებაც კმარა, რომ ტურიზმისა და სამოგზაურო მრეწველობის ანგარიშზე წელიწადში 4 მილიარდ დოლარამდე, ანუ მსოფლიო საერთო შიდა პროდუქციის 10 პროცენტზე მეტი მოდის, რაც ძალზე დიდი მაჩვენებელია. ამიტომაც იყვნენ სამიტის მონაწილეები საბრძოლველად განწყობილი.

მთავარი დასკვნა, რომელიც გამოიტანეს სამიტის მონაწილეებმა, მაინც ოპტიმისტურია. მთელი რიგი გამოკვლევები მიუთითებს, რომ ხელის შემშლელი ფაქტორების მიუხედავად, მომხმარებელს მოგზაურობა სურს. ახლა ტურიზმის მესვეურთა მუშაობა ამ მოთხოვნილებაზე დაყრდნობით წარმართული იქნება ტურისტული ინდუსტრიის გამოცოცხლებისა და განახლებისკენ. ბიზნესის ამ სფეროს მთავარი ამოცანა იქნება, დაარწმუნოს მომხმარებელი, რომ მოგზაურობა არ არის სახიფათო.

კვლავ ტარშს მოვუსმინოთ:
[ტარშის ხმა] " ნათელია, რომ მოგზაურობის მიმართ არსებობს მოთხოვნილება და დიდი ინტერესი. ასე რომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ტურიზმისთვის მოვნიშნოთ სქემა, შევიმუშაოთ სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს მრეწველობის ზრდას. უნდა დავადგინოთ, სინამდვილეში რა სურვილები აქვთ მომხმარებლებს სამომავლოდ და როგორ შეიცვლებიან მომხმარებლები. დღევანდელზე უფრო საინტერესო ისაა, როგორი იქნება მოგზაურის მახასიათებლები ხვალ. უნდა დავადგინოთ, ყოველივე ამის გათვალისწინებით როგორ შეძლებს მრეწველობა ორიენტაციის შეცვლას და ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას."

ზემოხსენებული ხელიშემშლელი ფაქტორებიდან სამიტის მონაწილეებმა ყველაზე მეტად ატიპური პნევმონიის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო დაიჩივლეს. მათი ნაწილის აზრით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გადაჭარბებული რეაქცია ჰქონდა ამ დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით, როცა ხალხს ისეთ ადგილებში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, როგორებიცაა ჰონ კონგი, პეკინი და ტორონტოც კი.

მიუხედავად დაავადების სერიოზულობისა, ტურიზმის მესვეურები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ტურისტისთვის დღეს ავტოავარიაში სიკვდილის ალბათობა 240-ჯერ უფრო დიდია ატიპური პნევმონიით სიკვდილისაზე.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავს იცავს ამგვარი თავდასხმებისგან. მისმა პრესმდივანმა ქრისტინ მაკნაბმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ მისი ორგანიზაციის ღონისძიებები მომავალზეა გათვლილი და იმისთვისაა მომწოდებული, რომ საფრთხე კატასტროფად არ იქცეს.

ვილამურის სამიტმა ნათელყო, რომ უახლოეს წლებში ტურიზმის ბიზნესის ყურაღდების ცენტრში იდგება ჩინეთი, რომელსაც ეკონომიკის ამ დარგში ზრდის უზარმაზარი პოტენციალი აქვს. როგორც სამიტზე ითქვა, ჩინეთის მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტის დარწმუნებაც რომ მოხერხდეს, რომ უცხოეთში გაატაროს არდადეგები, ეს სერიოზულ გავლენას მოახდენს მსოფლიო ტურიზმის განვითარებაზე.

სამიტის მონაწილეებს კიდევ ერთი ნათელი წერტილი ევროპის კონტინენტზე, პორტუგალიასა და ხორვატიაში ეგულებათ. შეძლებული ევროპელი ტურისტები - გერმანელები, ბრიტანელები და იტალიელები - მეზობელ ქვეყნებში დასვენებას ესწრაფვიან. ხორვატიაში ყველაზე დიდი მოთხოვნილებაა დუბროვნიკზე, პორტუგალიაში კი თავად სამიტის მასპინძელზე - ვილამურაზე.
XS
SM
MD
LG