Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების წინ ისევ აქტუალური გახდა სადეპუტატო იმუნიტეტის საკითხი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სადეპუტატო ხელშეუხებლობის მიზანშეწონილობის საკითხი საქართველოს პარლამენტში პერიოდულად წამოიჭრება ხოლმე. როგორც წესი, იმუნიტეტის შეზღუდვის თემის წინ წამოწევას ფონს

ყოველთვის კანონმდებელთა შორის გამართული მუშტი-კრივი უქმნის. ამჯერად პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილისთვის იმუნიტეტის მოხსნის ინიციატივით გენერალური პროკურატურა გამოდის. რატომ?

პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის წინააღმდეგ გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქგაზის მფლობელს ბრალად ედება სოლიდური თანხის მითვისება და ბიუჯეტისთვის ასევე სოლიდური თანხის გადამალვა. 20 მაისს გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ პარლამენტს მიმართა თხოვნით, დაეხმაროს გამოძიებას და დავით ბეჟუაშვილს იმუნიტეტი მოუხსნას. თავად პარლამენტარი იმეორებს მანამდეც არაერთხელ გაკეთებულ განცხადებას, რომ იგი მზად არის პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის. პარალელურად კი, მოითხოვს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საქმეში ჩართვას, რადგან დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე არა ეკონომიკური ხასიათისაა, არამედ პოლიტიკური დევნის სფეროს განეკუთვნება. კერძოდ, დავით ბეჟუაშვილის განცხადებით:
[დავით ბეჟუაშვილის ხმა] " და სხვა რაა, თუ არა დევნა, იმიტომ რომ მოახლოებულ არჩევნებში დავით ბეჟუაშვილმა თავისი პოლიტიკური არჩევანი გააკეთოს და თუნდაც, თავისი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელიმე მხარეს დაუჭიროს მხარი."[სტილი დაცულია]
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისას დავით ბეჟუაშვილი პარლამენტარი გახდა თეთრი წყაროს საარჩევნო ოლქიდან, თუმცა იგი მაშინდელი მმართველი პარტიის, მოქალაქეთა კავშირის, კანდიდატად ითვლებოდა. მოარული ხმებით, გაზის მაგნატს მოქალაქეთა კავშირის მაშინდელი რეფორმატორული ფრთის ლიდერი ზურაბ ჟვანია მფარველობდა. მაშინ ქართული გაზეთები წერდნენ, რომ საქგაზის მფლობელს საკანონმდებლო საქმიანობაზე მეტად საკუთარი ბიზნესის ლობირებისა და სადეპუტატო იმუნიტეტის პერსპექტივა ხიბლავდა. მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოწვევის პარლამენტში დავით ბეჟუაშვილი გადასახადებისა და საგადასახადო შემოსავლების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ, პარალელურად კი, საგარეო ურთიერთობათა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების წევრიც, აქტიურობით იგი ნამდვილად არ გამოირჩეოდა.
საქგაზის მაქინაციების თაობაზე ინფორმაცია სამართალდამცავი სტრუქტურებიდან პერიოდულად ჟონავდა. ამჯერად კი, გენერალური პროკურორი პარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნას მოითხოვს, რაც სხვა მრავალთან ერთად, დავით ბეჟუაშვილის დაპატიმრების შესაძლებლობასაც გულისხმობს.
აქვე შევნიშნავ, რომ თავად პარლამენტარებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მზად არიან, უარი თქვან იმუნიტეტზე. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ მრეწველთა ფრაქციის ერთ-ერთი წევრი ზურაბ ტყემალაძე აცხადებდა:
[ზურაბ ტყემალაძის ხმა] " მივიღოთ, საერთოდ, გადაწყვეტილება და მოვიხსნათ იმუნიტეტი დამამტკიცებლად იმისა, რომ არაფრის არ გვეშინია და არაფერს არ ვაკეთებთ."
პარლამენტში მზად არის კანონპროექტი, რომელიც სადეპუტატო იმუნიტეტის შეზღუდვას გულისხმობს. საეჭვოა, ამ მოწვევის პარლამენტმა ეს კანონპროექტი განიხილოს და მიიღოს.
XS
SM
MD
LG