Accessibility links

ერაყელი კომუნისტები ხელისუფლებაში მოსვლას ლამობენ


"რადიო თავისუფლების" კორესპონდენტ ვალენტინას მიტეს ერაყის კომუნისტური პარტიის შტაბბინაში სტუმრობამ საბჭოთა პერიოდის ის პროპაგანდისტული ფილმები გაახსენა, რევოლუციის შემდგომ რუსეთს რომ აღწერდა.

თუ ერაყის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს დავუჯერებთ, ერაყის კომუნისტურ პარტიაში ყოველდღიურად 200-250 პირი წევრიანდება. ერაყელ კომუნისტებს იმედი აქვთ, რომ ქვეყნის მომავალ ხელისუფლებაში ღირსეულ ადგილს დაიკავებენ. თემას ნინო გელაშვილი განაგრძობს:

საბჭოთა კავშირის დაშლამ თავის დროზე ერაყის კომუნისტური პარტიის აქტუალურობაც დააკნინა. დღეს კი ერაყელი კომუნისტები ისევე იმედოვნებენ ხელისუფლებაში მოსვლას, როგორც ერაყში არსებული სხვა პოლიტიკური ძალები. რამდენად რეალურია მათი შანსები, ახლა ძნელი დასადგენია. თუმცა, ერაყელი კომუნისტები ახერხებენ იმას, რომ ქვეყანაში არსებული დღევანდელი არჩევანის პირობებში ერაყელთა ერთი ნაწილისთვის კომუნისტური პარტია მომხიბლავია. და ეს მიუხედავად იმის, რომ ერაყელი კომუნისტები, ისევე, როგორც კომუნისტები მთელს მსოფლიოში, იდეოლოგიურ კრიზისს განიცდიან. მარქსიზმ-ლენინიზმი აღარ არის აქტუალური, საჭიროა ახალი განმსაზღვრელი იდეოლოგიის მოძიება. თუმცა, 19 წლის ერაყელი სტუდენტი გოგონასთვის მარქსიზმ-ლენინიზმის გარეშეც კომუნისტური პარტია მიმზიდველია იმის გამო, რომ მისი, ნუარას აზრით, ის ყველა ადამიანს: ქალს, კაცს, მუსულმანსა და ქრისტიანს თანაბრად განიხილავს. აი 19 წლის ერაყელი კომუნისტის პოზიცია:

[ნუარას ხმა] 051925
"მე კომუნისტური პარტიის წევრი გავხდი იმიტომ, რომ ის მოითხოვს და ემხრობა თავისუფლებას, იმიტომ, რომ ის საზოგადოების ყველა ფენას უჭერს მხარს. კომუნისტური პარტია არ ახროციელებს სუნიტებისა თუ შიიტების, მუსულმანების, ან ქრისტიანების დისკრიმინაციას."

ერაყის კომუნისტური პარტია ერაყის არარელიგიურ ნიადაგზე დაფუძნებული ერთ-ერთი უძველესი პარტიაა. როგორც ჩანს, ეს პარტია დღეს თითქმის ყველანაირ ტრანსფორმაციაზე თანახმაა, რომ ისარგებლოს სადამ ჰუსეინის რეჟიმის გადაგდებით და ერაყის მომავალ მთავრობაში მოხვდეს. ერაყის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი ალი აოდა ამბობს, რომ მისი პარტია მხარს უჭერს სახელმწიფოს მიერ რეგულირებული ეკონომიკის კერძო სექტორთან თანაარსებობას. აოდა ასევე ამბობს, რომ ერაყის კომუნისტური პარტია მზად არის კოალიციაში გაერთიანდეს ნებისმიერ პარტიასთან და ერაყელების საკეთილდღეოდ იღვაწოს. ერაყის კომუნისტური პარტია ცდილობს რაც შეიძლება გაემიჯნოს ერაყის მეორე მემარცხენე პარტიას, ყოფილ მმართველ ბაათის პარტიას. აოდას თქმით ბაათის პარტიის მიერ წარმოდგენილი სოციალიზმი არასწორი იყო. მაშ ასე ერაყელი კომუნისტი ალი აოდა სადამ ჰუსეინის პარტიაზე და სოციალიზმზე:

[აოდას ხმა] 051926
"მათი - ბაათისტების თანახმად, ეს იყო "არაბული სოციალიზმი". ჩვენ კი ვიცით, რომ სოციალიზმი მხოლოდ ერთი სახის არსებობს - მეცნიერული სოციალიზმი და არავითარ შემთხვევაში არაბული სოციალიზმი".

დამოუკიდებელი პოლიტიკური ექსპერტის აჰმედ ჯაბარ ასააბის თანახმად, ერაყის კომუნისტური პარტია ძლიერ ზეწოლას განიცდის როგორც სუნიტების, ისე შიიტი ლიდერების მხირდან. კომუნისტთა არარელიგიურობა არააქტუალურს ხდის მას თანამედროვე ერაყში. თუმცა, ზოგიერთი ერაყელი თვლის, რომ კომუნისტებმა შეიძლება მართლაც მნიშვნელოვანი ადგილი მოიპოვონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამას კი, ალბათ, ყველაზე მეტად ერაყელ კომუნისტთა მეტამორფოზისთვის მზადყოფნა შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG