Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოელით ქალებს ახალ ერაყში?


ყოველკვირეულ პროგრამაში "ქალი და მსოფლიო"

გაგაცნობთ რეპორტაჟს, რომელიც ბაღდადიდან მოგვაწოდა ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა ზამირა ეშანოვამ. თვით ზამირას შესახებ უკვე გიამბეთ "ქალი და მსოფლიოს" ერთ-ერთ წინა გამოშვებაში, როცა ერაყში სამხედრო მოქმედებების გასაშუქებლად ჩასულ ჟურნალისტებს შორის ქალთა უჩვეულოდ დიდი რაოდენობის საკითხს შევეხეთ. დღეს კი გიამბობთ ქალებზე, რომლებისთვისაც ერაყი დროებითი სამუშაო ადგილი კი არ არის, არამედ სამშობლო. რას ფიქრობენ ეს ადამიანები? როგორი იქნება მათი მდგომარეობა სადამ ჰუსეინის რეჟიმისაგან გათავისუფლებულ, ახალ ერაყში?
[მუსიკა]

იმის გარკვევა, რას ფიქრობენ ერაყელი ქალები, თუ ბაღდადიდან რეპორტაჟით ვიმსჯელებთ, ადვილი საქმე არ უნდა იყოს: როგორც ჩვენი კოლეგა იუწყება, ქალაქის ქუჩებში ქალს იშვიათად თუ მოჰკრავ თვალს. ალბათ, გასაგები მიზეზით - როგორც ცნობილია, ერაყში უსაფრთხოების პრობლემა ჯერ-ჯერობით მოუგვარებელი რჩება, ანუ უბრალოდ საშიშია ქუჩაში გასვლა. მაგრამ ქალები არ ჩანან არც პოლიტიკურ, თუ რელიგიურ დაჯგუფებებში, რომლებიც ომის შემდგომი ერაყის მართვაში მონაწილეობის იმედით, ამ საკითხზე მოლაპარაკებებში არიან ჩართული.

ზოგადად, ერაყელ ქალებზე ის არის ცნობილი, რომ მათ განათლების დონითა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის მხრივ, არაბულ სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ეკუთვნის. რაც შეეხება მომავალს, ბევრი იმედოვნებს, რომ ახალი მთავრობა კიდევ უფრო განამტკიცებს ქალების უფლებებსა და თავისუფლებებს. თუმცა, ყველას არ სჯერა ასეთი პერსპექტივის. ბაღდადელი პედაგოგი, 55 წლის დალალ აბუდი ეჭვობს, რომ გარდამავალი პერიოდის მთავრობა, რომელშიც, სავარაუდოდ, შევა უცხოეთში, ემიგრანტების მიერ დაარსებული ორგანიზაციების არაერთი წარმომადგენელი, გაიგებს, რა აწუხებთ და რა სურთ ერაყელ ქალებს. [დალალ აბუდის ხმა] "რა 35 წელი გამოვიარეთ! ახალგაზრდა აღარა ვარ და მინდა, მოვესწრო დემოკრატიას, ნაღდ დემოკრატიას. გვჭირდება მთავრობის წევრები, რომლებიც ერაყელების წარმომადგენლები იქნებიან, რომელთაც გადატანილი აქვთ ერაყს დატეხილი კატასროფა, გადატანილი აქვთ ემბარგო, რომლებისთვისაც გასაგებია ღატაკი ერაყელების მდგომარეობა".

რამდენად დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას ერაყელი ემიგრანტების ორგანიზაციები, მომავალი აჩვენებს. თუმცა, ამ ორგანიზაციების სასარგებლოდ ის გარემოება მეტყველებს, რომ მათთვის დასავლური გამოცდილებიდან არის ცნობილი, რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა უფლებების დაცვა, ქალთა პოტენციალის გამოყენება. ახალ, დემოკრატიულ ერაყში ქალების სათანადო პოზიციაზე ზრუნვა მთელი საზოგადოების საზრუნავია, პოლიტიკურ პარტიებს ამ პროცესის მხოლოდ ხელშეწყობა შეუძლიათო, ამბობს ლონდონში დაფუძნებული ჯგუფის "ერაყის ეროვნული თანხმობა" უმაღლესი რანგის წარმომადგენელი იმად ალ-შიბიბი. [იმად ალ-შიბიბის ხმა] "დემოკრატია ოჯახში უნდა იწყებოდეს და ვრცელდებოდეს დანარჩენ ურთიერთობებზე, რათა პატივისცემით მოვეკიდოთ ნებისმიერ გონივრულ იდეას. ჩვენს პარტიაში შევქმენით საგანგებო საბჭო დემოკრატიული ცვლილებების განსახილველად და მასში ლაპარაკი იქნება ქალების როლზე ყველა სფეროში".

მაგრამ სწორედ ქალთა საკითხში, შესაძლოა, სულ სხვა გეგმები ჰქონდეთ რელიგიურ ორგანიზაციებს. ისინი, მას შემდეგ, რაც თავი დააღწიეს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დევნა-შევიწროვებას, ზოგის ვარაუდით, შეეცდებიან ერაყის გარდაქმნას არა დემოკრატიად, არამედ ისლამურ სახელმწიფოდ, რომელშიც, თუ ირანის მაგალითით ვიმსჯელებთ, ქალთა უფლებები მკვეთრად შეიზღუდებოდა.

მაგრამ შეიხი აბდ-ჯაბურ მანჰელი, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი ესაუბრა, უარყოფს ასეთ ვარაუდს. ის შიიტურ გაერთიანება "ნაჯაფის პატივცემულ მკვლევართა საზოგადოების" პრეს-მდივანია და ირწმუნება, რომ ისლამის შიიტური ინტერპრეტაციით, ქალები მამაკაცებზე ნაკლებ პატივისცემას არ იმსახურებენ. [აბდ-ჯაბურ მანჰელის ხმა]
"ისლამის შესაბამისად, უარვყოფთ ქალს ხელისუფლების სათავეში - ქალს პრეზიდენტად, ან მოსამართლედ. ერაყელ ქალებს გონიერება არ აკლიათ და შეუძლიათ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. რატომაც არა? ამ ორი გამონაკლისის გარდა. მაგრამ ქალი მინისტრის, ან პარლამენტარის პოსტზე - ამაში უჩვეულო არაფერია, ჩვენთვის მისაღებია."

ამასობაში, ერაყში გრძელდება მოლაპარაკებები, რომელთა საგანი სწორედ პოსტების განაწილებაა. რელიგიური და პოლიტიკური ორგანიზაციები ცდილობენ ადგილის და მასთან ერთად გავლენის მოპოვებას გარდამავალი პერიოდის მთავრობაში. ამ შეხვედრების მონაწილეებს შორის, მართალია, ქალები, როგორც უკვე ითქვა, არ ჩანან, მაგრამ ცნობილი ერაყელი მხატვრის სამირა აბდულვაჰაბის რწმენით, მათ მაინც შეუძლიათ წამყვანი როლის შესრულება. [სამირა აბდულვაჰაბის ხმა] "ახლა განადგურებული ვართ - განადგურებულია ჩვენი სული და ქვეყანა. მათ ვერავინ აღადგენს ჩვენს გარდა. ჩვენ ეს შეგვიძლია, თუ ვირწმუნეთ, რომ გავუმკლავდებით ყველანაირ სიძნელეს. ახლა ნულზე ვდგავართ - შიგნით და გარეთ. ამერიკელები და ახალი მთავრობა დაიწყებენ იმაზე ზრუნავს, რაც გარეთ არის. ქალებს კი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ სულიერების აღდგენას".

მოკლედ, ერაყელი მხატვარი ქალებს სულიერ როლს აკისრებს და სჯერა, რომ ისინი, თუ ამ როლს გაუმკლავდნენ, არა მარტო სათანადო ადგილს დაიმკვიდრებენ ქვეყნის საზოგადოებაში, არამედ სამაგალითო მოდელი გახდებიან მთელი რეგიონისათვის.

ასე ფიქრობს ერთ-ერთი იმ ქალებიდან, რომელთაც ბაღდადში ჩვენი კორესპონდენტი გამოელაპარაკა. კაცმა რომ თქვას, სულიერებაზე ზრუნვა ფრიად საპატიო საქმეა. ოღონდ, საეჭვოა წარმატების მიღწევა იქ, სადაც ნებისმიერი სამუშაო, თუნდაც სულიერ და პრაქტიკულ ასპექტებზე ზრუნვა სქესობრივი ნიშნით არის განაწილებული.

თუმცა ერაყში, 35-წლიანი დიქტატურითა და ომით გაპარტახებულ ქვეყანაში, ამოცანების განაწილება ჯერ კიდევ მომავლის საქმეა. მთავარ მიზნად კი, როგორც ამერიკელი ოფიციალური პირებიც აღიარებენ, ამ ეტაპზე უსაფრთხოების აღდგენა რჩება. მთავარია, ადამიანებს, უწინარეს ყოვლისა ქალებს, ქუჩაში გასვლის აღარ ეშინოდეთ.
XS
SM
MD
LG