Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭო ერაყის წინააღმდეგი მოქმედი სანქციების გაუქმებას აპირებს


ანდრო ეული, პრაღა ხუთშაბათს 22 მაისს, გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭისყრაა მოსალოდნელი აშშ-ის მიერ წარდგენილი რეზოლუციის თაობაზე, რომელიც ერაყის წინააღმდეგ თითქმის 13 წლის მანძილზე მოქმედი

ეკონომიკური სანქციების გაუქმებას ითვალისწინებს.


რეზოლუციის პროექტში მთელი რიგი შესწორებები იქნა შეტანილი და დოკუმენტის განახლებული ვარიანტი მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს გაეროს ომისშემდგომი ერაყის აღდგენისა და ქვეყანაში ახალი მთავრობის შექმნის საქმეში. გათვალისწინებულია გაეროს საგანგებო წარმომადგენლის დანიშვნა, რომელიც კოალიციის ძალებსა და ერაყის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად ერაყის ახალი მთავრობის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას.

რეზოლუციის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა უნდა გაუწიონ კონტროლი იმას, თუ რას მოხმარდება ერაყში ნავთობის ექსპორტიდან შემოსული თანხა, და ამ ორ ქვეყანას დაეკისრება ამასთანავე ერაყის აღდგენისა და რეფორმირების საქმეში წამყვანი როლი.

რეზოლუციის განახლებულ ვარიანტში წამოყენებულია წინადადება, რომ გაეროს წარმომადგენლები შეიყვანონ იმ კომისიის შემადგენლობაში, რომელიც ერაყის აღდგენის ფონდში შემოსული სახსრების განაწილებას გაუწევს ზედამხედველობას. ნათქვამია ამასთანავე, რომ უშიშროების საბჭო ერაყში განიარაღების საერთაშორისო ექსპერტთა დაბრუნების საკითხსაც განხილავს. ხსენებული შესწორებები რეზოლუციის პროექტში, უშიშროების საბჭოს წევრების: რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მოთხოვნით იქნა შეტანილი.

გარდა ამისა, რეზოლუციით გათვალისწინებულია შეწყვეტა ჰუმანიტარული პროგრამისა "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ", თანაც არა ოთხი, როგორც თავდაპირველ ვარიანტში იყო ნათქვამი, არამედ 6 თვის შემდეგ, რათა მეტი დრო მიეცეს რუსეთს იმის გასარკვევად, რომ ხსენებული პროგრამის ჩარჩოებში ერაყთან დადებული 4 მილიარდი დოლარის კონტრაქტები, მოსკოვს არ გაუუუქმდება.

სამშაბათს, უშიშროების საბჭოს ოთხსაათიან სხდომაზე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგეი ლავროვმა გამოთქვა იმედი, რომ საბჭო კონკრეტულად განსაზღვრავს განიარაღების საერთაშორისო კომისიის მომავალ საქმიანობას ერაყში.

სამშაბათს, პრესკონფერენციაზე პენტაგონში, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო სარდლობა არაა იმის წინააღმდეგი, რომ გაეროს სამხედრო ექსპერტები ერაყში დაბრუნდნენ [დონალდ რამსფელდის ხმა]: "მე ვესაუბრე გენერალ ფრენკსს, ერაყში ჩვენი ძალების სარდალს, და მას მიაჩნია, რომ არანაირ პრობლემასთან არაა დაკავშირებული ერაყში განიარაღების ექსპერტთა დაბრუნება. და ეს, ჩვენი მთავრობის წევრებს ვაცნობეთ", განაცხადა დონალდ რამსფელდმა.

როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი გვამცნობს ნიუ-იორკიდან, სამშაბათს გამართულ ოთხსაათიან სხდომაზე უშიშროების საბჭოს წევრები ვერ შეთანხმდნენ იმის თაობაზე, უნდა შეიზღუდოს თუ არა დროის მხრივ კოალიციის ძალების უფლებამოსილება ერაყში. როგორც დიალომატებმა უთხრეს გაეროში ჩვენს კორესპონდენტს, საფრანგეთმა მოითხოვა კონკრეტული ზღვარის დაწესება, თუ როდის უნდა ამოიწუროს კოალიციის უფლებამოსილება ერაყში, მაგრამ აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯონ ნეგროპონტემ თქვა, რომ ვაშინგტონი ამაზე არ წავა.
"კოალიციის უფლებამოსილება მხოლოდ მაშინ შეიძლება დამთავრდეს, როცა მისი უფლებები, ერაყში,
საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ახალ მთავრობას გადაეცემა, როგორც ეს რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული" - განაცხადა ჯონ ნეგროპონტემ.
XS
SM
MD
LG