Accessibility links

შიდსით გარდაცვლილთა მსოფლიო დღე თბილისში


ჩვენს გადაცემებში არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება იმ მეთოდებზე, რომლითაც ქართველი პოლიტიკოსები შოუ-ბიზნესის ვარკვლავების მოსყიდვას ცდილობენ. მომღერლები და მოცეკვავეები

პოლიტიკურ პარტიებს განსაკუთრებით არჩევნების წინ ახსენდებათ ხოლმე. ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, როგორ გამთლიანდება შემოდგომაზე ქართული პოლიტიკური სივრცე და შოუ-ბიზნესი. მაგრამ ჩვენი მომღერლები მხოლოდ "გიხაროდენს" არ მღერიან - ქართველ მუსიკოსებს გლობალური პრობლემებიც აწუხებთ, რაც კარგად გამოჩნდა 18 მაისს ვაკის პარკში გამართულ როკ-აქციაზე, რომელიც შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას მიეძღვნა.

ახლახან ფოთში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა შიდსის ვირუსით. ჩვენში ეს შიდსით გარდაცვალების 66-ე შემთხვევაა. იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელ საქართველოში სიკვდილის ცნება დიდი ხანია გაუფასურდა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საზოგადოება კვლავაც გულგრილი რჩება შიდსის მსხვერპლის მიმართ. ამ გულგრილობას ხელს უწყობს ჰუმანიზმის დეფიციტი და ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპი, თითქოს "შიდსით მხოლოდ მეძავები, ნარკომანები და ჰომოსექსუალისტები ავადდებიან"... სახელისუფლო ბლოკის ზოგიერთ ლიდერს, მოგეხსენებათ, ფიზიოლოგიურად სძულს მეძავებიც, ნარკომანებიც და "ცისფრებიც", ამიტომ ამ ხალხს ვერც ვერავინ სთავაზობს, მაგალითად, დაიბნიონ გულზე შიდსის მსხვერპლთა ხსოვნის აღმნიშვნელი წითელი სამკერდე ნიშანი, როგორც ამას მსოფლიოს არაერთი პოლიტიკოსი აკეთებს 18 მაისს, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს. მაგრამ, საბედნიეროდ, საქართველოში ბევრია ორგანიზაცია, რომელიც შიდსის პრევენციაზე მუშაობს. მათი ძალისხმევით, 18 მაისს ვაკის პარკში შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე აღინიშნა; საინტერესოა, რომ ის მუსიკოსები, რომლებიც ამ საქველმოქმედო როკ-აქციაში მონაწილეობას დათანხმდნენ - "სოფთ ეჯექტი", ანსამბლი "33ა", "მთვარის კლუბი", ნინო ქათამაძე, დამოუკიდებელ არტისტებად არიან მიჩნეულნი. უმრავლესობას არა აქვს გაფორმებული კონტრაქტი მსხვილ მუსიკალურ კომპანიებთან, ე.ი. შეუძლია არავის დაეკითხოს, საკუთარი სინდისის გარდა... და თუ გავიხსენებთ, რომ შიდსით ოფიციალურად ჩვენში 418 ადამიანია ინფიცირებული, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცებით კი - 2000, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, "სინდისის" თვალსაზრისით, ამ მუსიკოსებს პრობლემა არა აქვთ და კარგად ესმით, როცა ახალგაზრდობა საქველმოქმედო კონცერტზე საყვარელი მუსიკოსების მოსასმენად მოდის და კითხულობს როკ-აქციის დევიზს "გვახსოვდეს მიზეზი, განვაახლოთ ძალისხმევა", ქვეყანას უჩნდება შანსი გადააარჩინოს ახალი თაობა. გაგახსენებთ, რომ დღესდღეობით საქართველოში შიდსით, ძირითადად, ახალგაზრდები არიან ინფიცირებულნი. მათი ასაკი 21-იდან 35 წლამდე მერყეობს.
XS
SM
MD
LG