Accessibility links

logo-print

თბილისში სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სტუმრობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ორი დღეა თბილისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯეროენ კრემერსი სტუმრობს. კრემერსი ამ ორგანიზაციაში წარმოადგენს ე.წ. ნიდერლანდების ჯგუფს, რომელშიც,

საქართველოს გარდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა შედის. ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებს და აღმასრულებელი დირექტორი პროგრამის მიმდინარეობას არ შეაფასებს.

სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თბილისურ ვოიაჟს უცნაური მოლოდინი ახლდა საზოგადოებაში. ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან ურთიერთობის მანძილზე საქართველოსათვის ფონდის მხარდაჭერა, ალბათ, არასდროს არ ყოფილა ისე აქტუალური, როგორც ამჟამად. დღეს დონორებთან დაკავშირებით მათგან წამოსულ დახმარებაზე უფრო მნიშვნელოვნად კრედიტორ ქვეყნებთან მოლაპარაკებაში მათი პარტნიორობა იქცა. შესაბამისად, მედიის მხრიდან კრემერსის ვიზიტის ზედმეტ აჟიტირებასაც პარიზის კლუბში მომავალი მოლაპარაკებისას სავალუტო ფონდის შესაძლო რეაქცია აძლიერებდა. არადა, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ქართული ვოიაჟი წმინდა გაცნობითი ხასიათის გახლავთ.

კრემერსი სავალუტო ფონდში ნიდერლანდების ჯგუფის ქვეყნების ინტერესს წარმოადგენს. იგი ამ თანამდებობაზე ახლახან დაინიშნა და ნიდერლანდების ჯგუფში შემავალი სახელმწიფოების ხელისუფლების და ამ ქვეყნებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაცნობის მიზნით ადგილზე ახდენს დაკვირვებას. მიუხედვად იმისა, რომ კრემერსს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას კონკრეტულად ფონდის რეკომენდაციებზე არ ჰქონია საუბარი, ბუნებრივია, აღმასრულებელი დირექტორის შეფასებებს და შთაბეჭდილებას დიდი მნიშვნელობა ექნება დირექტორთა საბჭოზე საქართველოსათვის პროგრამის დაფინანსების საკითხის განხილვისას.

რაც შეეხება თავად სავალუტო ფონდის შემფასებელ მისიას, ის თბილისს ივნისის შუა რიცხვებში ეწვევა. მანამდე კი რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობასა და საკანონმდებლო ხელისუფლებას არცთუ დიდი დრო აქვთ დარჩენილი. ტრადიციული საბიუჯეტო პრობლემების და უკვე 41 მილიონით გარღვეული გეგმის გარდა, ჯერჯერობით ღიად არის დარჩენილი ენერგეტიკის ტარიფის, საგადასახადო კოდექსის, აჭარიდან გადმოსარიცხი თანხებისა და სამი უმსხვილესი საწარმოსათვის საერთაშორისო აუდიტის ჩატარების საკითხი. მისაღებია რამდენიმე საკანონმდებლო აქტი, რომლებიც დაფიქსირებულია წინა მისიის რჩევებში.

სავალუტო ფონდი ასევე ითხოვს ბიუჯეტის კორექტირებას. კრემერსის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ფინანსთა სამინისტრომ აღმასრულებელ დირექტორს გულის მოსაგებად ამ რეკომენდაციის შესრულებისმაგვარი აქტი დაახვედრა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების 55 მილიონი ლარით "შეჩერების" შესახებ განცხადება გააკეთა. მირიან გოგიაშვილის განმარტებით, ხარჯების "შეჩერება-შეკვეცა", ძირითადად, სახელმწიფოს საგარეო ვალდებულებების კუთხით განხორციელდება და იგი არ შეეხება დაცულ მუხლებს. რამდენად მიიღებს მხედველობაში ამ აქციას ფონდის ივნისის მისია, ეს დირექტორთა საბჭოს საბოლოო ვერდიქტზე აისახება. მანამდე კი ჯეროენ კრემერსის გაცნობითი ვიზიტის მსვლელობისას ხელისუფლება შეეცდება ფონდის აღმასრულებელ დირექტორზე პოზიტიური შთაბეჭდილება მოახდინოს.
XS
SM
MD
LG