Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროექტი "თქვენი აფხაზეთი" ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გარშემო შექმნილი სტერეოტიპების წინააღმდეგ


"თქვენი აფხაზეთი" რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და გაზეთ "24 საათის" ერთობლივი პროექტია. იგი ქართულ-აფხაზურ საკითხში თანამედროვე კონფლიქტოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგის,

ეგრეთ წოდებული "საქმიანი თამაშების", პრინციპების დანერგვას გულისხმობს. ამ პრინციპების მიხედვით, კონფლიქტის მხარეთა წარმომადგენლები ერთმანეთს ოპონენტის, მოწინააღმდეგისა თუ მესამე მხარის სიტუაციაში აყენებენ. ამით მოწინააღმდეგეთა მიზნებისა და მოქმედებების ახსნა, გარკვეულწილად, შესაძლებელი ხდება. პროექტის ფარგლებში რეგულარულად გაიმართება სხვადასხვა სახისა და თემატიკის შეხვედრები ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან, უცხოელ დიპლომატებთან, სპეციალისტებთან და კონფლიქტის მოგვარებით დაინტერესებულ ადამიანებთან.

"თქვენი აფხაზეთი" პირველ ეტაპზე ქართული საზოგადოების სტერეოტიპების ნგრევაზე ორიენტირებული პროექტია. პროექტმა ორი ძირითადი პრობლემა უნდა გადაჭრას: შეძლოს აფხაზეთის კონფლიქტის გამო დაპირისპირებული ძალების ერთმანეთთან დიალოგში ჩაბმა და ზოგადად სიმართლის გამოაშკარავება. არავისთვის დაფარული არ არის, რომ სიმართლე აფხაზეთის შესახებ საომარი მოქმედებების დასრულებიდან გასული ათწლეულის შემდეგაც ისეთივე დეფიციტია, როგორც ეს კონფლიქტის დაწყების პირველ დღეებში იყო.
[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "რომის სტატუტის გუშინდელი აგორება არის მშვენიერი მაგალითი, რამდენად ყველაფერი გაუშიფრავია და ორივე მხარე სპეკულანტობს დოკუმენტით, რომელსაც აბსოლუტურად საერთო არა აქვს იმასთან, რაზეც ლაპარაკობენ. ასე რომ, უამრავი ასეთი ფაქტებია და საჭიროა, რომ ამ ხალხს მაქსიმალურად დაუსვა ის კითხვები, - კვალიფიციური და კომპეტენტური კითხვები, - რას გულისხმობენ ამა თუ იმ პოზიციაში. ანუ კრიტიკა კი არ უნდა იყოს, ეს ასეა. ეს ასეა, ანუ მაქსიმალურად წარმოაჩინონ მათ თავიანთი ხედვა, როგორ აპირებენ ამ ინსტრუმენტის, სიტყვაზე, ამ რომის სტატუტის, მაგალითად, გამოყენებას, რა შედეგებს მიიღებენ."[სტილი დაცულია]

ადამიანის უფლებათა დამცველი პაატა ზაქარეიშვილი "თქვენი აფხაზეთის" ერთ-ერთი კოორდინატორია. იგი გვარწმუნებს, რომ პროექტის ერთ-ერთი თავისებურება სწორედ ის იქნება, რომ დისკუსიებში მოწვეულ ადამიანებს - მათ შორის, პოლიტიკოსებს - უხერხული კითხვებით არ დაინდობენ. როგორ აიძულებენ მათ გულახდილობას, ძნელი სათქმელია. თუმცა, მეორე მხრივ, საჭირო კითხვების დროულად დასმა საქმეში ჩახედული პირებისათვის ძნელი არ უნდა იყოს - ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტი არაოფიციალურად მავანთა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს არ წარმოადგენს. საქართველოში დღეს ამგვარი ეჭვის საფუძველი არსებობს, იმის მიუხედავად, რომ პროექტის კოორდინატორები თორნიკე ბერიშვილი და პაატა ზაქარეიშვილი მის უარყოფას ცდილობენ.
[პაატა ზაქარეიშვილი] "სწორედ არ გვინდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიას შერჩეს აფხაზეთის საკითხი."

[თორნიკე ბერიშვილი] "ჩვენი პორფესიონალიზმი, პაატა, იქნება იმაში, რომ აქ არ იყოს ზოგადი და ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი. ყველა კონკრეტულ შეხვედრას უნდა ჰქონდეს კონკრეტული შედეგი, რომელიც გასაგები იქნება ნებისმიერი ადამიანისათვის. თუ ამას მივაღწიეთ, და უნდა მივაღწიოთ, მაშინ ეს იქნება წარმატება."

პროექტის წარმატება აფხაზეთის პრობლემის მოგვარების შესახებ არსებული შეხედულებების შეჯერებას გულისხმობს. ამისათვის შეიქმნება ინტერნეტის სამენოვანი საიტი, რაც საშუალებას იძლევა, რომ საქმიან თამაშებში თანაბრად მიიღონ მონაწილეობა როგორც ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა, ასევე დაინტერესებულმა პირებმა მთელი მსოფლიოდან.
XS
SM
MD
LG