Accessibility links

logo-print

ევროპა საპენსიო კრიზისშია


"ახალი ევროპის" დღევანდელ გამოშვებაში დასავლეთი ევროპის საპენსიო სისტემის კრიზისზე გესაუბრებით. დემოგრაფიულმა ფაქტორმა დასავლეთი ევროპა, რომლის სოციალური დაცვის

სისტემასაც ჩვენ ხშირად შევნატრით ხოლმე, ურთულესი პრობლემის წინაშე დააყენა. დადგა ეტაპი, როცა რადიკალურად უნდა შეიცვალოს საპენსიო სისტემა ევროპაში. დღეს არავინ იცის ვინ დაფარავს საპენსიო ხარჯებს 2020 წლისთვის, როგორი იქნება საპენსიო ასაკი, რამდენი იქნება ევროპის მოსახლეობა. თუმცა, ის კი ყველასთვის ნათელია, რომ თუკი ევროკავშირის ქვეყნებში საპენსიო რეფორმა არ განხორციელდა, ისინი სულ მალე გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. თემას ნინო გელაშვილი განაგრძობს:


ჩვენი მსმენელისთვის, ალბათ, უფრო საინტერესო იქნებოდა პასუხი არა იმაზე, თუ ვინ გადაიხდის დასავლეთ ევროპელთა პენსიებს 2020 წელს, არამედ ვინ გადაუხდის საქართველოს პენსიონერებს თავიანთ კუთვნილ 14 ლარს დღეს. თუმცა, დამერწმუნეთ, ის, რაც დღეს ევროპაში ხდება, საკმაოდ საინტერესო და საყურადღებოა. ევროპაში კი ხდება ის, რომ დემოგრაფიულმა ფაქტორმა, ვგულისხმობ შობადობის შემცირებას და ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ცხოვრების წესის შეცვლამ საპენსიო სისტემის კრიზისი განაპირობა - საპენსიო ასაკის მოქალაქეთა შენახვა იმის გამო, რომ მათი წილი მოსახლეობაში იზრდება, ძალიან ძნელი ხდება.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ევროპაში შობადობის ბუმი იყო. ის თაობა, რომელიც ამ ე.წ. ბუმის შედეგად იშვა, დღეს ევროპაში სწორედ პენსიონერთა ძირითად ნაწილს შეადგენს. და კიდევ, 21-ე საუკუნის ოჯახის ცხოვრების წესი და მაგალითად გასული საუკუნის 70-იანი წლების ოჯახის ცხოვრების წესი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. თანამედროვე საზოგადოებაში შრომის ბაზარზე ქალების მონაწილეობა მკვეთრად გაიზარდა. გაიზარდა მარტოხელა მშობლების, ასევე გაყრის რაოდენობაც. ყველაფერმა ერთად ხელი შეუწყო შობადობის შემცირებას, რაც შეიძლება დასავლეთი ევროპის მოსახლეობის დაბერების ხელშემწყობად მივიჩნიოთ.

ასეა, თუ ისე, ფაქტია, რომ მეოცე საუკუნის 60-იან წლებში საფრანგეთში ერთ პენსიონერზე ოთხი შრომისუნარიანი ადამიანი მოდიოდა და ესქპერტთა გათვლებით, მოსახლეობის დაბერების ტემპს თუ გავითვალისწინებთ, 2020 წლისთვის საფრანგეთში ერთ პენსიონერზე ერთი შრომისუნარიანი მოქალაქე მოვა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან-პიერ რაფარენი აცხადებს, რომ თუკი რეფორმა არ განხორციელდება, 2020 წლისთვის საფრანგეთში პენსიები განახევრდება. ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა 57 მილიარდი დოლარი. საფრანგეთის ხელისუფლება ამ თანხის ამოღებას საპენსიო ასაკის გაზრდით გეგმავს. ევროპის რეფორმათა ცენტრის ექსპერტ კატინკა ბარიშის აზრით, საფრანგეთის მთავრობა პრობლემის მოგვარების ყველაზე იოლ და პირდაპირ გზას ირჩევს. ამასთან, ბარიში იხსენებს გერმანიის კანცლერ ოტო ფონ ბისმარკს, რომელმაც მე19 საუკუნეში საფუძველი ჩაუყარა საპენსიო სისტემას. მაშინ გერმანიაში საპენსიო ასაკი 60 წელი იყო. გასათვალისწინებელია, რომ იმ დროს გერმანიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობაც 60 წლით განისაზღვრებოდა. ევროპელი ექსპერტი დასძენს:

[ბარიშის ხმა] 051343
"ასე, რომ მაშინ გამოდიოდა, რომ პენსიონერები ბევრს ვერაფერს იღებდნენ. ახლა ოფიციალურად საპენსიო ასაკი უმეტეს ქვეყნებში 62-63 წელია. ადამიანები, როგორც წესი, უფრო ადრე გადიან პენსიაში, განსაკუთრებით ისინი, ვინც საფრანგეთისა და გერმანიის სახელმწიფო სექტორებში მუშაობენ. მაგრამ მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობა 80 წელია, რაც ხელს უშლის საპენსიო სისტემის მდგრადობას."

საფრანგეთის მთავრობის ინიციატივას ფრანგები გაფიცვით შეხვდნენ. წლევანდელ 13 მაისს მასობრივი გაფიცვების გამო იქ "შავი სამშაბათიც" კი უწოდეს.

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე უდიდესი გაფიცვა მოეწყო ავსტრიაშიც. ავსტრიის კანცლერ ვოლფგანგ შუსელის სახალხო-კონსერვატიულ პარტიას სურს სამ კვირაში პარლამენტში დააყენოს საპენსიო რეფორმის დაწყების საკითხი. თუმცა, ავსტრიის პრეზიდენტი თომას კლესტილი მიზანშეწონილად მიიჩნევს საკითხის კიდევ სამი თვით გადადებას, რომ ამ ხნის მანძილზე შესაძლებელი გახდეს ხელისუფლებისა და პროფესიული კავშირების პოზიციების შეჯერება.

2000 წელს იტალიაში პენსიების დაფარვაზე ბიუჯეტის ხარჯების ერთი მესამედი წავიდა და 20 წელიწადში ეს ხარჯი ალბათ გაორმაგდება, რადგან იტალიაში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების რიცხვი იმ დროისთვის მთელი მოსახლეობის ნახევარს გაუტოლდება.

საპენსიო რეფორმაზე დისკუსიამ 1994 იტალიის მთავრობა, 1995 წელს კი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ალან ჟუპე შეიწირა. იგივე ბედი შეიძლება ეწიოს ავსტრიის ახლანდელ მთავრობასაც.

გამოსავლის ძიებაში იტალიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც პან-ევროპული პროექტების დიდი მოტრფიალე არ გახლავთ, გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ევროკავშირის მთავრობას აკისრებს და თვლის, რომ სწორედ ევროკომისიამ უნდა წარმოადგინოს საპენსიო რეფორმის წინადადება.

ევროკომისიას რაც შეეხება, ამ ეტაპზე ის მნიშვნელოვან როლს კერძო საპენსიო ფონდებისთვის ფართო გასაქანის მიცემას ანიჭებს. მიმდინარე კვირაში ევროკავშირის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ნება დართოს კერძო საპენსიო ფონდებს მთელი ევროკავშირის მასშტაბით იმოღვაწეონ. ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში ფრიც ბოლკეშტაინი მიესალმება ამ ნაბიჯს და თვლის, რომ ევროპელები პან-ევროპული საპენსიო ფონდებიდან უფრო მეტად იხეირებენ. მართალია, კერძო ფონდების როლის წამოწევა შეამსუბუქებს პრობლემას, მაგრამ საბოლოოდ ვერ გადაწყვეტს ფინანსური დეფიციტის პრობლემას, რომელიც სახელმწიფო ფონდების წინაშე დგას.

მოსახლეობის დაბერების პროცესმა და საპენსიო კრიზისმა ევროპაში შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი იქაური საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლასაც. ამ თემაზე მომავალში გესაუბრებით.
XS
SM
MD
LG