Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ომისშემდგომი ერაყის აღდგენასთან დაკავშირებული პრობლემები - ეს საკითხია მოქცეული მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში. როგორც გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" შენიშნავს,

აშშ-ის მიერ ერაყში შექმნილი რეკონსტრუქციისა და ჰუმანიტარული განვითარების უწყების ახალი უფროსი პოლ ბრემერი იძულებულია გააგრძელოს გადამდგარი ამერიკელი გენერლის, ჯეი გარნერის მიერ უხეიროდ დაწყებული მისია. გაზეთი წერს:

"ბატონი ბრემერი არ ჩქარობს და სწორადაც იქცევა. ბაღდადსა და სხვა ქალაქებში ჯერ წესრიგის აღდგენაა საჭირო, რაც მეტი ჯარის განთავსებას მოითხოვს. ამ მხრივ მისასალმებელია ნატოს წევრების მზადყოფნა ჯარის დამატებითი შენაერთი გამოყონ ბაღდადსა და ბასრას შორის მშვიდობის შესანარჩუნებლად, რაც პოლონეთმა მოითხოვა".

გაზეთ "ჩიკაგო ტრიბიუნის" აზრით, აშშ-ს გაუჭირდა ერაყში სტაბილურობის აღდგენა და ამ საქმეში მას დახმარება უნდა აღმოუჩინოს საერთაშორისო თანამეგობრობამ. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"დროა შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო თანამეგობრობას, და პირველ რიგში ნატოს მიმართოს ერაყში სამშვიდობო ძალების გაგზავნის თხოვნით. მასობრივი განადგურების იარაღის მისაკვლევად შეერთებულ შტატებს გაეროს დახმარებაც ესაჭიროება. ერაყის აღსადგენისთვის დრო და მოთმინებაა საჭირო, რაც ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის ნაკლებადაა დამახასიათებელი."

გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" ასევე მიიჩნევს, რომ ერაყის აღდგენის პროცესში მსოფლიო თანამეგობრობის და გაეროს ჩართვაა აუცილებელი. ხოლო გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალში" მოთხრობილია სადამ ჰუსეინის რეჟიმის მიერ ძებნილი 55 წლის ჯუად ამირ საიედის ისტორია; საიედისა, რომელიც 21 წელი ემალებოდა სადამ ჰუსეინის რეჟიმს. გაზეთი წერს:

"მასობრივი საფლავების, პატიმართა საწამებლად მოწყობილი საკნების, აგრეთვე კიდევ სხვა ისეთი სამხილების აღმოჩენა ერაყში, რაც სადამ ჰუსეინის რეჟიმის ბარბაროსობაზე მეტყველებს, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ის ადამიანები, ვინც შეერთებულ შტატებს აკრიტიკებდა ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების გამო, ახლა მაინც გაჩუმდნენ. შემდეგ გაზეთი ამირ საიედის ისტორიას აღწერს:

"სადამის ჯარში გაწვეულმა 24 წლის ჯუად ამირ საიედმა დეზერტირობა გადაწყვიტა, დაწვა პირადობის მოწმობა, დამარხა თავისი წიგნები და გვირბი გათხარა სახლის ქვეშ, რომელშიც მეტრნახევარი სიმაღლის საკანი მოაწყო. ამ საკანში გატარა მან მომდევნო 21 წელი, რათა ხელში არ ჩავარდნოდა სადამ ჰუსეინის ჯალათებს. საიედს სადამის აგენტებიც დაეძებდნენ იმისთვის, რომ შიიტი თეოლოგის მიმდევარი იყო. მას შემდეგ, რაც ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხო, დასრულდა ჯუად ამირ საიედის შინაპატიმრობაც.
XS
SM
MD
LG