Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს 8 მაღალგანვითარებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა პარიზში


ანდრო ეული, პრაღა იმასთან დაკავშირებით, რომ მომვალ კვირაში, საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ევიანში მორიგი ყოველწლიური სამიტია დანიშნული მსოფლიოს 8 მაღალგანვითარებული ქვეყნის მონაწილეობით,

ხუთშაბათს პარიზში, ორდღიანი მოლაპარაკება დაიწყო ხსენებული 8 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. აშშ-ის, დიდი ბრტანეთის, კანადის, იაპონიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და იაპონიის საგარეო-პოლიტიკურ უწყებათა ხელმღვანელები, ორდღიან შეხვედრაზე პარიზში, ერაყში შექმნილი ვითარების, საერთაშორისო ტერორიზმისა და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მსჯელობენ.


იმდენად დაძაბულია ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს შორის, რაც მოგეხსენებათ, ერაყის ომმა გამოიწვია, რომ პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში, თეთრი სახლის პრეს-მდივანს არი ფლაიშერს არ დაუდასტურებია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუში, ევიანში, მოლაპარაკებას გამართავს თავის ფრანგ კოლეგა ჟაკ შირაკთან.

პარიზში გამგზავრების წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ საფრანგეთს ალბათ ძვირი დაუჯდება ერაყის კონფლიქტში შეერთებული შტატებისგან გამიჯვნა. ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა, პრესკონფერენციაზე ოთხშაბათს განაცხადა, რომ მინისტრების შეხვედრამ, პარიზში, შესაძლოა ტრანსატლანტიკური უთანხმოების მოგვრებას შეუწყოს ხელი.

აი რა განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ვაშინგტონის კატოს ინსტიტუტის პოლიტიკურმა მიმომხილველმა გალენ კარპენტერმა
[გალენ კარპენტერის ხმა]: "ორივე მხარე ცდილობს ურთიერთობათა გაუმჯობესებას, და ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალისხმევა გაგრძელდება. შეერთებულ შტატებს არ აწყობს სამუდამო განხეთქილება თავის ყველაზე თვალსაჩინო ნატოელ მოკავშირეებთან, ასე რომ ნამდვილად ვაშინგტონის ინტერესებშია - არ დაიწყოს წვრილმანი შურისძიება საფრანგეთისა და გერმანიის წინააღმდეგ".

ოთხშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საფრანგეთმა, გერმანიამ და რუსეთმა განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ აშშ-ის მიერ წარდგენილი ახალი რეზოლუციის პროექტს, რომელიც ერაყის წინააღმდეგ თითქმის 13 წლის მანძილზე მოქმედი ეკონომიკური სანქციების გაუქმებას ითვალისწინებს, რაც აშკარად მიანიშნებს, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობა თანდათანობით უმჯობესდება.

ამასობაში, გერმანიამ ხუთშაბათს, აშკარა პროამერიკული ჟესტი გააკეთა. გამოაქვეყნა რა განვლილი 11 წლის მანძილზე თავისი პირველი ახალი სამხედრო სტრატეგია, გერმანია გამოვიდა მოწოდებით, რომ გაძლიერდეს ევროპის თავდაცვისუნარიანობა, და თან განაცხადა, რომ ევროპის უშიშროების უზრუნველყოფისთვის კვლავაც "შეუცვლელია" ვაშინგტონის როლი.

მორიგ ყოველწლიურ სამიტზე, საფრანგეთის ქალაქ ევიანში, რვა ქვეყნის ლიდერები ერაყში მიმდინარე აღდგენითი პროცესის გარდა, ისრაელსა და პალესტინელებს შორის "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმის, ანტიტერორისტული ომისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიხილავენ. ამ და კიდევ ბევ სხვა საკითხში, როგორც გალენ კარპენტერი აღნიშნავს, ამერიკასა და ევროპას მკვეთრად განსხვავებული პოზიციები უკავიათ.

"ავიღოთ მაგალითად ურთიერთობა ირანთან, სადაც ევროპელებს ინტენსიური საქმიანობა აწყობთ, ხოლო აშშ ირანის იზოლაციას ცდილობს და უფრო კონფრონტაციული სტრატეგიის მომხრეა. ან კიდევ ისრაელ-პალესტინის საკითხი, რაშიაც ევროპელები შეერთებულ შტატებში, აშკარა პროისრაელურ პოზიციას ხედავენ, ხოლო ამერიკელები ანტი-სემიტიზმად აღიქვამენ ევროპელთა თანაგრძნობას პალესტინელებეისადმი" - განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში გალენ კარპენტერმა.
XS
SM
MD
LG