Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უპატრონოდ მიტოვებულ სამხედრო აღჭურვილობას ეწირება


ერაყში საომარი მოქმედებების დამთავრებიდან ერთი თვეა გასული, სამხედრო აღჭურვილობიდან მომდინარე საფრთხე კი არათუ არ არის აღკვეთილი, არამედ სულ უფრო მეტი ადამიანის, განსაკუთრებით

ხშირად ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს იწირავს. რა არის ამ სახიფათო ტენდენციის მიზეზი? ამ საკითხის გარკვევას შეეცადა ჩვენი რადიოს თანამშრომელი ჟან-კრისტოფ პეკი, რომლის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ახლა გაგაცნობთ.

ამერიკის ჯარების მიერ ბაღდადის აღებიდან ერთი კვირა იყო გასული, როცა ქალაქის სამხრეთ უბანში, იარაღის საწყობის აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 6 და დაიჭრა 10 სამოქალაქო პირი. ამერიკელმა სამხედროებმა ტრაგიკული ინციდენტის მიზეზად დაასახელეს ცეცხლი, რომელიც საწყობს უცნობმა თავდამსხმელებმა დაუშინეს. მაგრამ განრისხებული ბაღდადელების თვალში დამნაშავე ამერიკის ჯარი იყო, რახან მას სახიფათო იარაღი არ გაეტანა მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი უბნიდან.

ბაღდადში მომხდარი აფეთქება მხოლოდ ერთ-ერთია მრავალრიცხოვანი ინციდენტებიდან, რომლებიც ერაყში აღირიცხა დასავლელი მოკავშირეების მიერ ამ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ. ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩის" ხელთ არსებული მეტად შემაშფოთებელი ინფორმაციით, ერაყის ჩრდილოეთ პროვინციებში ომის დამთავრების შემდეგ უფრო მეტი ადამიანია მოკლული, ვიდრე ომის მსვლელობაში.

მაგრამ ფრთხილად! - ოფიციალური სტატისტიკის არარსებობის გამო, არავინ უწყის, ზუსტად რამდენი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ან რამდენი დაჭრა უპატრონოდ მიტოვებულმა სამხედრო აღჭურვილობამ, აუფეთქებელმა ჭურვებმა, თუ გაუსროლელმა ტყვია-წამალმა. აი, რას ამბობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეს-მდივანი, თამარა ალ-რიფაი: [თამარა ალ-რიფაის ხმა] "ახლა, როცა ერაყში საქმიანობის მასშტაბს ვაფართოებთ, ინფორმაციის მოპოვებასაც ვიწყებთ. როგორც ჩემი კოლეგა ადგილიდან იუწყება, კონფლიქტის დაწყების შემდეგ სამხრეთი ერაყის თითოეულ საავადმყოფოში დაახლოებით 400-500 დაჭრილი ჰყავთ მიღებული. მათი 80 პროცენტი ხელ-ფეხშია დაჭრილი, მაგრამ ამ ეტაპზე დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რამ დაჭრა ეს ადამიანები - სახმელეთო ნაღმებმა, თუ სხვა ასაფეთქებელმა მოწყობილობებმა".

რაც შეეხება სახმელეთო ნაღმებს, მათი აფეთქების შედეგად ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ქირქუქის მთავარი საავადმყოფოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ კვირაში დაღუპულია 52 და დაჭრილია 63 ადამიანი. ამ ინფორმაციის წაკითხვა შეიძლება სახმელეთო ნაღმების უვნებელყოფით დაკავებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის "ნაღმების მრჩეველთა ჯგუფის" უებსაიტზე, სადაც აღნიშნულია, რომ მსხვერპლი, შესაძლოა კიდევ უფრო მეტი იყოს, რახან დაღუპვისა თუ დაჭრის არაერთი შემთხვევა აღურიცხავი რჩება. ორგანიზაციის საინფორმაციო მენეჯერის, შონ სატონის განმარტებით, მისმა კოლეგებმა, რომლებიც ამჟამად ქირქუქსა და მოსულში იმყოფებიან, დაადგინეს, რომ მოსახლეობას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ერაყის ჯარების მიერ მიტოვებული სამხედრო აღჭურვილობა. [შონ სატონის ხმა] "ყველაზე დიდი პრობლემაა აუფეთქებელი მოწყობილობები, რაკეტები, ჭურვები... საერთოდ, მათ ქალაქებში და მათ გარშემო იმარაგებდნენ. ერაყელებს შემუშავებული ჰქონდათ ხანგრძლივი ომის გეგმა, მაგრამ სარდლობისა და კონტროლის მოშლისთანავე ჯარისკაცები გაიქცნენ და სამხედრო აღჭურვილობა მიატოვეს".

ყველაზე სამწუხარო მაინც ის არის, რომ ერაყში, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა კონფლიქტურ ზონაში, სახმელეთო ნაღმების, აუფეთქებელი ჭურვებისა თუ გაუსროლელი ტყვია-წამლის მსხვერპლი უმეტესწილად ბავშვები ხდებიან. ქირქუქში, მოსულში, ბასრაში ხშირად ნახავთ, როგორ თამაშობენ პატარები ხელყუმბარების, საარტილერიო ჭურვების, დამტვრეული ტანკების, გორებად დახვავებული ტყვია-წამლის გვერდით. შონ სატონის თქმით, [შონ სატონის ხმა] "პრობლემებს ეს აუფეთქებელი მოწყობილობები ქმნის, ვინაიდან ბავშვები თამაშობენ, ერთობიან იმით, რომ იარაღს ცეცხლს უკიდებენ. ამ სახიფათო თამაშების გამოა მსხვერპლი საშინლად დიდი. ჩრდილოეთ ერაყში, ქიფრის, ქირქუქსა და მოსულს შორის ტერიტორიაზე, ომის შემდეგ პირველი ორი კვირის მანძილზე მსხვერპლის რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. ამ ადამიანების უმრავლესობა ბავშვები იყვნენ".

აუფეთქებელი სამხედრო აღჭურვილობის უვნებელყოფა, თუ მისი საცხოვრებელი უბნებიდან გატანა, ცხადია, დაუძლეველ პრობლემად არ უნდა მივიჩნიოთ. ამ ამოცანასთან გამკლავება, შონ სატონის შეფასებით, ერაყში განთავსებულ კოალიციურ ჯარებს, ან სამოქალაქო ინჟინრების კომპეტენტურ გუნდსაც შეუძლია. მაგრამ, რაც შეეხება სახმელეთო ნაღმებს - მათგან ერაყის გათავისუფლება, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო რთული და ხანგრძლივი ამოცანა იქნება. ყოველ შემთხვევაში, ასეა ჩრდილოეთ ერაყში, სადაც ერაყის ჯარებმა, დაახლოებით, 15 წლის წინ ქურთების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის დროს 5000-მდე სოფელი დანაღმეს.
XS
SM
MD
LG