Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ წელთან შედარებით, საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი გაიზარდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული წლის პერიოდთან შედარებით, საქართველოში სასიცოცხლო მინიმუმი, მართალია, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა. სტატისტიკოსების გამოთვლით, საშუალო სიდიდის ქართულ ოჯახს

ელემენტარული არსებობისათვის თვეში დაახლოებით 230 ლარამდე თანხა ესაჭიროება.

საარსებო მინიმუმი, რომელსაც სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველთვიურად ითვლის, შეიძლება არ იძლევა აბსოლუტურ წარმოდგენას, თუ რა რაოდენობის თანხა სჭირდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ელემენტარული არსებობისათვის, მაგრამ გამოთვლის ეს მეთოდი სტანდარტულია თითქმის ყველა ქვეყნისათვის და ცხოვრების დონის განსასაზღვრავად გარკვეული დასკვნების გაკეთება მისი მეშვეობით, მეტ-ნაკლებად, შესაძლებელია.

საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდიკა ითვალისწინებს ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელი პროდუქტების, მინიმალური მედიკამენტების, ტრანსპორტის ხარჯების, კომუნალური გადასახადებისა და მომსახურების გასაშუალებული ფასებისაგან შემდგარ ერთგვარ "კალათას".

მაგალითად, 2003 წლის მარტში საქართველოს ქალაქების გასაშუალებული ფასების მიხედვით გაანგარიშებულმა საარსებო მინიმუმმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის 130 ლარი შეადგინა, საშუალო შეძლების მომხმარებლისათვის - 114 ლარი, ხოლო საშუალო შეძლების ოჯახისათვის - 226.1 ლარი.
საინტერესოა, რომ საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი მიმდინარე წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 0.5%-ით შემცირდა, რაც სეზონურ ფაქტორთან არის დაკავშირებული და პირდაპირ არის მიბმული სამომხმარებლო ფასების ცვლილებასთან.

გასული წლის მარტის თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი საკმაოდ მცირედ - 4.2%-ით არის გაზარდილი. დედაქალაქი, ტრადიციულად, სიძვირით გამოირჩევა, რის გამოც საარსებო მინიმუმის თბილისის მაჩვენებელი საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე 3.8%-ით მეტია.

ნორმატიული მინიმალური ხელფასი, ანუ ისეთი ხელფასი, რომელიც, ბოლო პერიოდში არსებული სტრუქტურით, ყველა სხვა შემოსავალთან ერთად, უზრუნველყოფდა საარსებო მინიმუმის დონეზე ოთხსულიანი ოჯახის არადეფიციტურობას, მარტში ასეთი ოჯახის ერთი დასაქმებული პირისათვის 51.7 ლარი იყო. ცნობისათვის: მინიმალური ხელფასი, ანუ 20 ლარი, ნორმატიული ხელფასის 38.7%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლითაც ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საარსებო მინიმალურ ზღვარს ქვემოთაა. თუმცა ქვეყანაში არსებული ფარული დასაქმებისა და ჩრდილოვანი სექტორის სიდიდის გამო, საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი, ბუნებრივია, ამ მხრივ სრულ წარმოდგენას ვერ ქმნის.
XS
SM
MD
LG