Accessibility links

logo-print

ტერორიზმის პრობლემა და აფხაზეთი. რისთვის აკითხავენ აფხაზეთის სანაპიროს თურქული გემები


ჩვენ კიდევ ერთხელ მივაპყრობთ ყურადღებას აფხაზეთის ტერორისტთა თავშესაფრად გადაქცევის საშიშროებას და მოგითხრობთ თურქეთის სანაპიროებიდან აფხაზეთის მიმართულებით თურქული

გემების მოძრაობაზე. შეგახსენებთ: საქართველომ კიდევ ერთხელ მიიქცია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება, როგორც საშიშროების მატარებელმა ქვეყანამ. ტელეკომპანია "ABC"-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო ტერორისტები საქართველოს ტერიტორიიდან ევროპის, უფრო ხშირად კი, თურქეთის მიმართულებით მოძრაობენ. გავრცელებული ცნობა საქართველოში სწორედ აფხაზეთზე მინიშნებად აღიქვეს. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რისთვის აკითხავენ აფხაზეთის სანაპიროს თურქული გემები და რას აკეთებს ან რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს მხარეს ამ მიმოსვლის აღსაკვეთად.


აფხაზეთის უკონტროლო ტერიტორიის საერთაშორისო ტერორისტთა თავშესაფრად გადაქცევის ალბათობაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელნი კარგა ხანია საუბრობენ.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "თუ არ ვცდები, ერთი წლის წინ და ნახევარი წლის წინაც გავაკეთეთ განცხადებები იმის შესახებ, რომ აფხაზეთში შეიმჩნევა მომრავლება სხვადასხვა დაჯგუფებების, რომლებიც შემოდიან ზღვით თურქეთიდან, თურქეთის გემებით. "

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი ხსენებულ საეჭვო დაჯგუფებებს ორ ნაწილად ყოფს. პირველ ნაწილში რადიკალურ ისლამისტებს გულისხმობს, მეორე ნაწილში - სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს. მისი ინფორმაციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე რამდენჯერმე გამოჩნდა ძალზე საეჭვო შეიარაღებული ჯგუფები. ნადარეიშვილს არ შეუძლია ისაუბროს ამ ჯგუფებსა და ალ-ყაიდას შორის შესაძლო კავშირზე, თუმცა კავშირს არ გამორიცხავს. მისი თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, ეშერის ლაბორატორიასა და ფიზიკის ინსტიტუტში, ნამდვილად დარჩა ნივთიერებები, რომელთა გამოყენებაც თავისუფლად შეიძლებოდა ეგრეთ წოდებული ბინძური ბომბების დასამზადებლად. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მინიშნებით, როცა საუბარია იმაზე, რომ ასეთი ნივთიერებებით საერთაშორისო ტერორისტები მესამე ქვეყნიდან მარაგდებიან, მესამე მხარედ თავისუფლად შეიძლება წარმოვიდგინოთ აფხაზეთი, როგორც უკონტროლო ტერიტორია - ტერიტორია, სადაც ეშერის ლაბორატორია რუსების ხელშია, მაგრამ რუსეთი პასუხს არ აგებს აქედან საშიში ნივთიერებების შესაძლო გადინებაზე. მოყვანილი მოსაზრება მაინც წარმოსახვაზე დაყრდნობილი მოსაზრებაა, რადგან ის არ არის გამაგრებული კონკრეტული სამხილით. თუმცა კონკრეტული ციფრების, კონკრეტული მაგალითების მოყვანა უპრობლემოდ შეიძლება თურქეთსა და აფხაზეთს შორის თურქული გემების უკანონო მიმოსვლასთან დაკავშირებით. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სანაპირო დაცვის სამმართველოს უფროსის, დავით გულუას განცხადებით, ბოლო თვეების მანძილზე ქართველმა მესაზღვრეებმა 4 ასეთი გემი დააკავეს. მათი მეშვეობით, თურქი ბიზნესმენები ხან ავეჯის დასამზადებელი ძვირფასი ხის მასალის, ხან ქვანახშირის, ხანაც თევზის გადაზიდვას ახორციელებდნენ. გემების დაკავება შემდეგნაირად ხდებოდა:

[დავით გულუას ხმა] "გემი დავაკავეთ, რომელიც პირდაპირ აფხაზეთიდან გავიდა ეკონომიურ ზონაში და იქ დაკავდა. ბოლო შემთხვევა იყო, რომ წავიდა რუსეთის მხარეს, რუსეთის სანაპირო დაცვამ არ შეუშვა ტერიტორიულ წყლებში, იძულებული იყო გასულიყო რუსეთის ეკონომიურ წყლებში და ჩვენს მიერ იქ იქნა დაკავებული. "

თურქეთის გემების ამ უკნონო მარშრუტებთან დაკავშირებით ქართულ და თურქულ მხარეებს ხშირად უწევთ მსჯელობა. თურქეთში საქართველოს საელჩოში გვითხრეს, რომ თურქები ამ პრობლემით შეწუხებულები არიან, მაგრამ, ვინაიდან ეს გემები კერძო საკუთრებაა, უჭირთ მათი გაკონტროლება. კონტროლს კი ართულებს ის, რომ გემების ოფიციალურ მარშრუტად სოჭისკენ ან ნოვოროსიისკენ გეზი სახელდება და ვერავინ აუკრძალავს მათ ამ მიმართულებით მოძრაობას. ჩვენთან საუბრისას დავით გულუამ აღნიშნა, რომ არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა საეჭვო გემების საეჭვო მიმართულებით მოძრაობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მხარისთვის თურქულ მხარეს მიუწოდებია. დავით გულუა ირწმუნება აგრეთვე, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად იკლო თურქეთიდან აფხაზეთისკენ, და პირუკუ, უკანონო საზღვაო მიმოსვლამ, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა, ასე თუ ისე, ახერხებს უკანონო მიმოსვლის შემთხვევების აღკვეთას. საქართველოს უშიშროების სამინისტროში კი აცხადებენ:

[ნიკა ლალიაშვილის ხმა] " ჩვენი მწირი შესაძლებლობებით (მხედველობაში მაქვს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი), ძალიან ძნელია მუდმივი პატრულირება ზღვაზე და, შესაბამისად, ამ გემების აღმოჩენა და მათი დაკავება. თურქული გემები შედიან აფხაზეთში, შედიან უკონტროლო ტერიტორიაზე და იქ მათ შეიძლება ნებისმიერი ტვირთი შეჰქონდეთ, ისევე როგორც შეიძლება შეჰყავდეთ ნებისმიერი საეჭვო ადამიანები. "

შეგახსენებთ: ამ ორიოდე დღის წინ საქართველოს უშიშროების მინისტრმა გააკეთა განცხადება აფხაზეთის ტერიტორიზე საერთაშორისო ტერორისტების შესაძლო ყოფნის თაობაზე.
XS
SM
MD
LG