Accessibility links

logo-print

მედია და არჩევნები


დავით პაიჭაძე, თბილისი არჩევნების მოახლოება გამოცოცხლებას არამხოლოდ პოლიტიკოსებსა თუ მოხელეებში იწვევს. წლევანდელი ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ალბათ, პირველია, რომლისთვისაც

მზადებასა და ზრუნვას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ასე ადრე იწყებენ. ასეთ ჯგუფებს შეიძლება მივაკუთვნოთ არასამთავრობო სექტორი და მასმედია. უკანასკნელის როლი არჩევნების პროცესში ყველას მოეხსენება. დღეს მედია, არასამთავრობო სექტორის დახმარებით, იწყებს ფიქრს, თუ როგორ მოიქცეს არჩევნების დროს, როგორ გააშუქოს ის. ქართველ ჟურნალისტებს სთავაზობენ სამოქმედო სტანდარტებს, რომელთაც მათი აქამდელი გამოცდილება ნაკლებ შეესაბამება. მედია და არჩევნები - ამ საკითხზე დისკუსიები დაწყებულია. მოგითხრობთ ერთი მათგანის შესახებ.

დისკუსია თემაზე "როგორ გააშუქოს მასმედიამ არჩევნები" ხუთშაბათს, 22 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტში" მოეწყო. მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შესთავაზეს ემსჯელათ, რა ფორმებისა და მიდგომების გამოყენებას აპირებენ არჩევნების გაშუქებისას ქართული მედია-ორგანიზაციები. ინსტიტუტის დირექტორის ლევან რამიშვილის აზრით, უმჯობესი იქნება, თუ რედაქციები თავად გამოიმუშავებენ და დაუწესებენ ჟურნალისტებს პროფესიულ სტანდარტებს და მათ მიხედვით წარმართავენ საქმიანობას. ეს ყველასათვის ხელსაყრელია - ჟურნალისტისათვის, რომელსაც ეცოდინება, რედაქცია რას მოითხოვს, და საზოგადოებისათვის, რომელიც მედიის საშუალებებს განსჯის და შეაფასებს მათ მიერვე დაწესებული სტანდარტების მიხედვით. ამომრჩეველს უნდა დავეხმაროთ, რათა მან ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლოს - განაცხადა ლევან რამიშვილმა.

სხვათა შორის, მედიაში საარჩევნო კამპანიების გაშუქებასთან დაკავშირებით არსებობს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიის ენაზე რეკომენდაცია, არსებითად, სავალდებულოდ შესასრულებელ ნორმას ნიშნავს, თუმცა საქართველოში ასეთ რეკომენდაციებს სამოქმედო ინსტრუქციად იშვიათად აღიქვამენ. ეს მით უმეტეს ეხება საარჩევნო კამპანიების გაშუქებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, რადგან მას ქართველი ჟურნალისტები არ იცნობენ. თუმცა მალე ეს და სხვა პრინციპები ცნობილი იქნება საზოგადოებისათვის: ევროსაბჭოს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ მიზნით საქართველოში ფართო კამპანიის ჩატარება აქვთ განზრახული.

დისკუსიაზე განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრეს ორ საკითხს: მედიის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაშუქებასა და მედიის რეგულირების მექანიზმებს. ძალიან ხშირად კვლევის შედეგების წარდგენისას მედია არ ამხელს, ვინ ჩაატარა კვლევა და ვინ დააფინანსა ის, როგორ მოხდა რესპონდენტთა შერჩევა, რა გზით დაუკავშირდნენ რესპონდენტებს, როდის ჩატარდა გამოკითხვა და სად გადის ცდომილების ზღვარი? ამ კითხვათა პასუხის გარეშე ნებისმიერი გამოკითხვა ნდობას მოკლებულია.

რაც შეეხება მედიის რეგულირებას, აქ ორი მიდგომა გამოიკვეთა: მედიის ქცევას საარჩევნო პერიოდში კანონი უნდა არეგულირებდეს, რაც ნაწილობრივ ხორციელდება კიდეც სხვადასხვა ნორმატიული აქტების ძალით. მეორე მიდგომა ამჯობინებს, რომ მედიამ გამონახოს თვითრეგულირების მექანიზმი, ანუ თავად შეთანხმდეს პროფესიულ სტანდარტებსა და სამოქმედო პრინციპებზე, რათა სახელმწიფომ თავს არ მოახვიოს თავისუფლების შემზღუდველი წესები. უნდა ითქვას, რომ ამ მიდგომას სკეპტიკურად მოეკიდნენ დისკუსიაზე დამსწრე სწორედ სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG