Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ქურთები სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში. სახელისუფლებო ბლოკის გამსხვილების საპასუხოდ ოპოზიცია არაადეკვატურად მოქმედებს


22 მაისის პარტიული ქრონიკა საქართველოს დედაქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა: სახელისუფლებო ბლოკს ქურთული ორგანიზაციები შეუერთდნენ; საქართველოს სოფლის

მეურნეობის ექს-მინისტრმა, სახალხო მოძრაობა "ჩვენ თვითონის" სახელით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არაოფიციალური განცხადება გააკეთა; ლეიბორისტულმა შრომის პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპორექტის ჩავარდნა პარლამენტში ღალატად შეაფასა და, ბოლოს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია მოახდინა. რა კავშირია ამ მოვლენებს შორის და რა მიზანს ემსახურებიან ისინი?

ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თავიანთ მიზნებში ყველაზე გულწრფელები საქართველოში მცხოვრები ქურთული ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. სახელისუფლებო ბლოკში გაწევრიანების სანაცვლოდ, ისინი ხელისუფლებას თანადგომასა და ერთი კანდიდატის პარლამენტში გაყვანას სთხოვენ. ქურთული ორგანიზაციების დეპუტატობის კანდიდატი ისკო დასენია. იგი სახელისუფლებო ბლოკს არა მარტო საქართველოში მცხოვრები, არამედ საქართველოდან უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში დროებით წასული თანამემამულეების საარჩევნო ხმებსაც ჰპირდება. გასულ საპარლამენტო არჩევნებში ქურთული ორგანიზაციების დეპუტატობის კანდიდატი ვალოდია რზგოევი მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო სიაში 116 ნომერი აღმოჩნდა, მისი თანამემამულე მამე რაიკი კი - მხოლოდ 121.

[ვალოდია რზგოევის ხმა] "მოკლედ, მამეს ბრალი კი არ იყო, იყო ამ ჟვანიას გუნდის ბრალი. მაგან ჩემგან სპეციალურად მიიღო ყველა საბუთი იმისათვის, რომ მე გავსულიყავი პარლამენტში და, იმავდროულად, მიიღო ყველა საბუთი მამესგან. ფაქტობრივად, მე და მამე რაიკი დაგვაჯახა ერთმანეთს და დაგვაპირისპირა."

ჟვანიასათვის მიწერილი ბრალდებებით ამ ეტაპზე მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნულ უმცირესობებთან წინასაარჩევნო მუშაობის დიდოსტატად მიჩნეული ლევან მამალაძე სარგებლობს. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ქურთულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრისას სახელმწიფო მინისტრის თანმხლები სწორედ იგი იყო.
თავად ზურაბ ჟვანია ამ დროისათვის ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციას ესწრებოდა. პროგრამა, რომელსაც ნაციონალებმა "გადარჩენის გზა" უწოდეს, სამი პუნქტისაგან შედგება და რეალიზების შემთხვევაში ეფექტურობას მხოლოდ სამი წლის შემდეგ გვპირდება. სხვათა შორის, პოლიტიკურ პარტიებს შორის ნაციონალებმა პირველებმა წარმოადგინეს წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა. შესაბამისად, სხვებთან ერთად, დაასწრეს ლეიბორისტულ შრომის პარტიასაც, რომლის ლიდერმა 22 მაისს ნაციონალებსა და გაერთიანებულ დემოკრატებს სამშობლოსა და ხალხის მოღალატეობა დასწამა. ნათელაშვილმა ამის მიზეზად პარტიის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპორექტის უგულებელყოფა დაასახელა. საკონსტიტუციო ცვლილებები, ამჯერად უკვე კონსტიტუციის ხელშეუხებლობის მოთხოვნით, ექს-მინისტრ ბაკურ გულუას პრესკონფერენციის ფორმალურ თემად იქცა. გულუას საჯარო გამოსვლის არსი კი ის იყო, რომ სახალხო მოძრაობა "ჩვენ თვითონის" ფარგლებში იგი, კოლეგებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთ სუბიექტად მოგვევლინება, საკმაოდ პრეტენზიული განაცხადით. გულუა ვარაუდობს, რომ ამ მოძრაობაში გაერთიანებული 40-მდე პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდამჭერი იქნება საქართველოს მოსახლეობის 60—70 პროცენტი, ანუ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც, მისივე თქმით, აქამდე არც ერთ არჩევნებში არ მიუღია მონაწილეობა.
დაიწყებს თუ არა ოპოზიციასთან დიალოგს პრეზიდენტსა და ხელისუფლებაზე განაწყენებული გულუა? თავად პოლიტიკური პროცესისთვის ამას იქნებ არც კი ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიცია ურთიერთსოლიდარობასა და ურთიერთკოორდინაციაში საგრძნობლად მოიკოჭლებს.
XS
SM
MD
LG